დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქ. ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.
წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს აღწერს (2018-2030წწ) ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების განვითარების სტრატეგიულ გეგმას. პროექტის მიზანია, ყველა მოქალაქისთვის ისეთი სატრასპორტო გადაწყვეტილების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი დანიშნულების ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას, მგზავრთა და ტვირთის ტრასპორტირების ეფექტიანობისა და ხარჯების ეფექტურობის, ჰაერისა და ხმაურით დაბინძურების, სათბური აირების ემისებისა და ენერგო მოხმარების შემცირებასა და ა.შ.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტრო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი.
საჯარო განხილვას საკრებულოს, მერიის, აჭარის მთავრობის, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, საპატრულო პოლიციის, დაგამზიდავი კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.