მთავარი სტატიები საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისათვის სამზადისი არ იგრძნობა!

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისათვის სამზადისი არ იგრძნობა!

335
0

წელს მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობა დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდაათ წლისთავს აღნიშნავს. ეს იყო თავისი მასშტაბებით და შედეგებით უპრეცედენტო ომი კაცობრიობის ისტორიაში. საქართველომ ამ ომში 700 ათასზე მეტი მეომარი გაგზავნა, მათგან ნახევარზე მეტი გმირულად დაეცა ომის სხვადასხვა ფრონტზე. ომის ვეტერანთა რაოდენობა კი სამწუხაროდ ყოველწლიურად მცირდება. სულ საქართველოში 1500 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, აჭარაში კი – 63, ბათუმში – 51. აღარც ის სახელმწიფოა, რომლისთვისაც 350 ათასმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა, აღარც იმ კაცის სახელის ხსენებაა, რომლის ნიჭის წყალობით კაცობრიობა გადაურჩა განადგურებას. დარწმუნებული ვარ, საღად მოაზროვნე მსოფლიო სანთელს დაუნთებს დიდი სტალინის სახელს, როდესაც კარგად გაიაზრებს თუ რა საშინელებას გადაარჩინა კაცობრიობა გორელმა გენიოსმა, რომელმაც რუსეთი ატომის მფლობელ ქვეყანად აქცია.
ფასდაუდებელია საბჭოთა ქვეყნის როლი ამ მსოფლიო გველეშაპის დამარცხებაში. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად. ბოლო გამოკვლევებით, ეს ომი საბჭოთა ხალხს 30 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ, მორალურ და სოციალურ ზარალზე. ქვეყნის ევროპული ნაწილი მთლიანად განადგურებული იყო. მიწასთან იყო გასწორებული უკრაინა, სადაც დღესაც სამწუხაროდ, ძმათამკვლელი ომი მიმდინარეობს, დასავლეთი ხელს უწყობს უკრაინაში ნაციზმის აღორძინებას, იმას კი არ ამბობენ ოკეანის გაღმელები თუ გამოღმელები, რომ ძმებო დასხედით და მოილაპარაკეთ მეგობრულად, თორემ ცეცხლი შეიძლება მეზობლებს გადაედოს და აწყობილი ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიეს. არიეს ყველაფერი. სწორედ ასეთმა წაქეზებამ, უპრინციპობამ და უყურადღებობამ გაათამამა ფაშისტური გერმანია და 1938 წელს მიუნჰენის კონფერენციაზე მოითხოვა სუვერენული სახელმწიფოს ჩეხოსლოვაკიის ნაწილი. მისი პრეზიდენტი ბენეში არც კი მიიწვიეს კონფერენციაზე, ცალკე ოთახში აიძულეს ხელი მოეწერა სუდეტების ოლქის გერმანიაზე გადაცემის აქტზე. ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი კი ლონდონში დაბრუნებული ფარატინა ქაღალდს აფრიალებდა, აი, ინგლისელებო, მშვიდობა ჩამოგიტანეთო. ვაგლას, რომ ინგლისელებს და მთელ მსოფლიოს ძვირად დაუჯდა ჰიტლერისადმი ეს უპასუხისმგებლო დათმობები.
დიდი სამამულო ომი იყო საბჭოთა ხალხის სამართლიანი, განმათავისუფლებელი ომი ფაშისტური გერმანიისა და მისი სატელიტების – იტალია, იაპონიის წინააღმდეგ. ის წარმოადგენდა II მსოფლიო ომის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ ფრონტზე წარგზავნილთაგან 168-მ მიიღო საბჭოთა კავშირის გმირის საპატიო წოდება, მათგან-42 ფრონტზე დაიღუპა. 138 კომპარტიის წევრი იყო. აჭარიდან წარგზავნილთაგან – 12 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
ომის ძირითადი სიმძიმე საბჭოთა კავშირმა გადაიტანა. მტერმა დაანგრია და გაანადგურა ასობით ქალაქი, 70 ათასზე მეტი სოფელი, 32 ათასზე მეტი სამრეწველო საწარმო, 65 ათასი კმ რკინიგზა, 98 ათასი კოლმეურნეობა, 1876 საბჭოთა მეურნეობა, მატერიალურმა დანაკარგმა შეადგინა დაახლოებით 3 ტრილიონი მანეთი.
ამოდენა ადამიანური და მატერიალური ზარალის მიუხედავად საბჭოთა კავშირმა უმოკლეს ვადაში შეძლო გაპარტახებული ქვეყნის სახალხო მეურნეობის აღდგენა და უკვე 1948 წლიდან დაიწყო მოსახლეობაში ძირითად მოთხოვნად საქონელზე ფასების ყოველწლიური შემცირება. ეს გრძელდებოდა სტალინის გარდაცვალებამდე. შემდგომმა ხელმძღვანელებმა ასე ჭირ-ვარამით შექმნილი სულიერი და მატერიალური სიმდიდრე იავარქმნეს, უკანასკნელმა მმართველმა კი საბოლოოდ დაშალა და გაანადგურა საბჭოთა კავშირი.
აგერ უკვე 25 წელია ყოფილი 15 საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებლად ცხოვრობენ, მაგრამ ვაი ამ დამოუკიდებლობას. ერთ დროს მართლაც თავისუფალი და აყვავებული რესპუბლიკები ერთმანეთს დაერივნენ. გავერანდა სიმწრით აშენებული ფაბრიკა-ქარხნები თუ სახალხო მეურნეობა.
როდესაც 60-იან წლებში მიწისძვრისაგან მთლიანად დაინგრა უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, 15 მოქმედმა რესპუბლიკამ სწრაფად აღმოუჩინეს დახმარება და უმოკლეს ვადაში ფენიქსისამებრ აღდგა იგი.
რა ენთუზიაზმი იყო, რა შემართება. როდესაც საბჭოთა ხალხი აშენებდა ბაიკალ ამურის მაგისტრალს (ხოლო ქართველები რკინიგზის სადგურ ნია-გრუზინსკაიას), სადაც მენდელეევის პერიოდულ სისტემაში არსებული თითქმის ყველა მეტალი და სხვა სიმდიდრე იყო თავმოყრილი, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იმ სიმდიდრის ნაწილი საქართველოსკენაც წამოვიდოდა. მოდიოდა კიდეც, საქართველოში ტყემ მოითქვა სული და გაშენდა. შემდგომში გარე და შინაური მტრების ჩარევით ეს უნიკალური ხალხთა კავშირი დაირღვა თუ დაარღვიეს (ეს უზარმაზარი საპრობლემო საკითხია).
ევრო-ატლანტიკური სივრცე, საითკენაც დღეს ჩვენ მივდივართ, თავის დროზე შეიქმნა სწორედ საბჭოთა კავშირის საპირწონედ. ევროპამ თავისი კავშირი კი შექმნა სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკით, (ეკონომიკური, საფინანსო, პოლიტიკური, ახლა ერთიანი, ევროპული ჯარის შექმნა უნდათ) მაგრამ ჩვენი კავშირი ჩვენივე სიბრიყვის და დაუფიქრებლობის გამო დაანგრიეს. ახლა კი ამ დაშლილი სახელმწიფოების ბაზაზე რაღაცას კი აკოწინებენ, მაგრამ რას, როგორ და ვის ხარჯზე, არავინ იცის. არც ევროპამ და არც აშშ არაფრად ჩააგდო 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, რომლებმაც თავი გაწირეს მეორე მსოფლიო ომში. დაირღვა პოსტდამის შემდგომ ჰელსინკის კონფერენციების ფუძემდებლური დებულებები: ომისშემდგომი ევროპის საზღვრების ურღვევობის შესახებ. ვიღას ახსოვს ჩვენი სახელოვანი ვეტერანები, რომლებსაც ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ. ჩვენ კი 100 დოლარიან პენსიასაც კი არ ვაძლევთ. განსაკუთრებით ომის სამოქალაქო მონაწილეებს. საერთოდ, ომისა და შრომის ღვაწლმოსილ ვეტერანებს ვცემთ სათანადო პატივს? ხელისუფლებავ! მართლა მოიჭირეთ ქამრები და ამ ხალხს ეცით სათანადო პატივი. ევროპაში ასე არ იქცევიან. კარს მოგვადგა ზეიმი და არ იგრძნობა საზეიმო განწყობა ქვეყანაში. რა მოხდება ამ ხალხს რომ ვასიამოვნოთ, იქნებ ბოლო 9 მაისს ზეიმობენ (ისინი ხომ 90 წელს არიან გადაცილებულნი). ან ვიღას ახსოვს გამარჯვების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი დიდი სტალინი. ისიც ხომ, ბედკრული საქართველოს შვილი იყო.
ოლიმპიური პრინციპისა არ იყოს, ასეთი წმიდა თარიღების დროს მაინც ერთად დავდგეთ, რაც უნდა ნაწყენი ვიყოთ ერთმანეთზე. ბუტიაობის დრო არ აქვს საქართველოს. ჩვენი პრეზიდენტი უნდა დაესწროს 70 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიას მოსკოვში. ეს იქნება ღრმა პატივისცემა იმ ვეტერანებისადმი, ვინც ცოცხალია და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სიცოცხლე გაწირა დიადი გამარჯვებისათვის, რადგანაც საზოგადოება, ხალხი არავის და არაფერს ივიწყებს.

უჩა მელექსეთიანი