C ჰეპატიტის მკურნალობის პროგამაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო. მსურველებმა, საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100 და ინფორმაცია ბოლოს ჩატარებული კვლევების შესახებ უნდა წარადგინონ. სოციალური მომსახურების სააგენტოში საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა პირველ ეტაპზე პროცესში 5 ათასი პაციენტი ჩაერთვება. დარეგისტირებულ მოქალაქეთა განცხადებებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული სპეციალური კომისია განიხილავს. პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციაა.