►2018 წელს საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. ტურნირი ბათუმში 23 სექტემბიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას.
►საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
►ბათუმს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი და შალვა გოგოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ეწვიენ.
►ფიდეს დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიუს მაკროპულოსი ( საბერძნეთი) ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი (ისრაელი), ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი (მალტა) და ექსპერტი მოშე სლავი (ისრაელი) არიან.
►აჭარის მთავობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ის სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.
►ტურნირის პარალელურად ფიდეს კონგრესი, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების არჩევნები გაიმართება.
►ოლიმპიადის გამართვის პირველი, ცენტრალური ლოკაცია ბათუმის ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსია. სასახლის ორი დარბაზიდან დიდი 2 500, ხოლო პატარა 600 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.
►ხოლო მეორე ტერიტორიად დახურული ყინულის არენისა და საცურაო აუზის სპორტული კომპლექსი შეირჩა, რომლის მშენებლობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 მ²-ია (ფართობი დაზუსტდება პროექტირებისას), მათ შორის ყინულის არენა – 10500 კვ.მ, ხოლო საცურაო აუზი- 5500 კვ.მ.
ყინულის არენა სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარებისთვის იქნება განკუთვნილი. სახეობები: – ფიგურული სრიალი – ჰოკეი – ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი. გარდა ამისა იქ კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, დღესასწაულები, კონცერტები და გამოფენები მოეწყობა.