მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საწარმო, რომელიც ზღვისპირეთს გაალამაზებს

საწარმო, რომელიც ზღვისპირეთს გაალამაზებს [ვიდეო]

453
0

ქობულეთში, თავისუფლების #71-ში კომპანია „ვერბა“ ოფიციალურად გაიხსნა, ახლადშექმნილი საწარმოს პრეზენტაციას ქობულეთის საზოგადოება, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მეწარმეები, მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველი პირები ესწრებოდნენ.
კომპანია „ვერბა“ ტურიზმისა და საზღვაო თემებზე შექმნილ ავეჯსა და აქსესუარებს აწარმოებს, ინდივიდუალური დიზაინი, დახვეწილი წარმოება, ხის უნიკალური დამუშავება, გამძლეობა და მრავალფეროვანი არჩევანი ახლადდაფუძნებული კომპანიის პირველივე განაცხადია, რაც მისი გენერალური დირექტორის გიგლა მჭედლიშვილის განცხადებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდება. საწარმოს დამფუძნებლები მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და როგორც იწმუნებიან, სულ მალე დიდ საწარმოდ გადაიქცევიან, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პირობაცაა და რა თქმა უნდა, შემოსავლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ქობულეთის, როგორც კურორტქალაქის და მთლიანად აჭარის შავი ზღვის სანაპიროს გალამაზებას შეუწყობს ხელს.
საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილმა მასობრივი ხის ნაწარმმა, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმართა აღფრთოვანება და დიდი მოწონება დაიმსახურა, კომპანია „ვერბა“ ამზადებს სხვადასხვა დიზაინის მაგიდების და სკამების ნაკრებს, რომლებიც არაჩვეულებრივია სარესტორანო საქმისთვის, ბუნგალოების და სასტუმროების აივნებისთვის, ასევე მასობრივი ხისგან მზადდება ეზოს საქანელები, განათების დეკორატიული ბოძები, სავაჭრო ჯიხურები, საყვავილე ქოთნები, გამყოფი ხის ღობეები და დეკორატიული მოაჯირები, ეზოში განსათავსებელი ულამაზესი გადახურული ფანჩატურები, ჭის ორიგინალური შეფუთვა და სხვა… კომპანია წარმოდგენილი ნიმუშების ანალოგებს მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში რკინისა და ქვის მასალებითაც დაამზადებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საზღვაო სეზონისათვის გათვლილი საშხაპეები და გასახდელები, რომელთა ორიგინალური დიზაინი მართლაც შეუცვლელი იქნება ზღვის სანაპიროსთვის, რაც გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულ ელ-ფერს შესძენს გარემოს, შეუცვლელი იქნება ტურისტების მომსახურების თვალსაზრისით.
პაატა ვერულიძე, კომპანია „ვერბას“ დამფუძნებელი: – დიდი ხნის ოცნება ავისრულე, მსურდა ისეთი საწარმოს შექმნა, რომელიც ჩვენს ქალაქსა და რეგიონს რაიმე საინტერესოსა და ორიგინალურს შესთავაზებდა, დიზაინის ავტორი თავად გახლავართ, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ნახაზი და ჩანაფიქრი მაქვს, რაც უთუოდ დაამშვენებს საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულს, ჩვენ აქ ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმი წარმოვადგინეთ, რა თქმა უნდა, ფანტაზია ამოუწურავია და ძალიან მალე მივალთ მაქსიმუმამდე. სასიხარულოა, რომ წამყვანი ბრენდული მაღაზიები უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ნაწარმით და მალე ის ბათუმისთვისაც ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება.
„ვერბას“ ნამუშევრებში გათვალისწინებულია ქართული ელემენტები, რაც მეტ კრეატიულობას სძენს და საინტერესოს ხდის მათ, რა თქმა უნდა ყველა დეტალი დამზადებულია გამოხარშული ხისგან, რაც მისი გამძლეობის უმთავრესი გარანტიაა. აქ პირობითად ვგულისხმობთ საზღვაო თემას, თორემ „ვერბას“ ნაწარმი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი საცხოვრებელი სახლისა თუ კომერციული ობიექტის ეზო-მიდამოს დაამშვენებს.
ვახტანგ მაკარაძე, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მეწარმე: – სულ ვოცნებობდი ორიგინალური დიზაინით მოწყობილ ლამაზ ეზოზე, ისეთზე, ტურისტსაც რომ მოიზიდავდა და ჩემს გულსაც რომ გაახალისებდა… ახლა არსებობს „ვერბა“ და ზუსტად ვიცი, რაც უნდა დავუკვეთო, ეს ორიგინალური ჭა, ფანჩატური, ღობეები, მაგიდები და სკამები… უკვე წარმოდგენილი მაქვს, რა სილამაზეს შევქმნი.
ტარიელ ვერულიძე, სასტუმროს მეპატრონე: – ჩემი სასტუმრო ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, დამსვენებელს ოთახებში გამოკეტვას, დღის მანძილზე სუფთა ჰაერზე ყოფნა ურჩევნია, ამიტომ, მათთვის კომფორტის შესაქმნელად ეზოს მოწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ბამბუკისგან დამზადებულ ავეჯს ვიყენებდი, ლამაზია, მაგრამ წვიმას ვერ იტანს, მალე ფუჭდება, „ვერბას“ ხის ნაწარმი კი აქედანვე ჩანს, რომ ძალიან გამძლე და მედეგი იქნება, თანაც ძალიან ლიბერალური ფასებია. ამიტომ წლევანდელი სეზონისთვის აქედანვე შევუკვეთავ მაგიდებსა და სავარძლებს, მირჩევნია ერთხელ გადავიხადო და დიდხანს მოემსახუროს ჩემს სტუმრებს.
როგორც ზემოთ გითხარით, კომპანია „ვერბას“ მიერ წარმოდგენილ არჩევანში განსაკუთრებით აღსანიშნავია პლაჟის საშხაპეები და გასახდელები, რომელთაც ორიგინალური დიზაინი აქვთ და ძალიან დაამშვენებს სანაპიროს, ამ ნაწარმმა განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.
დავით მჭედლიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: – ასეთი საწარმოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ის, რაც აქ არის წარმოდგენილი, მართლაც ნებისმიერ ტურისტულ ობიექტს დაამშვენებს, უკვე წარმომიდგენია რა სილამაზის შექმნაა შესაძლებელი ქალაქში ამ კომპანიის დამსახურებით. ჰაერივით გვჭირდებოდა ამ საწარმოს არსებობა და დარწმუნებული ვარ, მას მომავალი ექნება.
დავით ვერულიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: – ერთია, რომ ნიჭით გამორჩეული ადამიანი ოქრის ხელებით ქმნის ძალიან ლამაზ ნამუშევრებს, მეორე კი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერს თავის მასშტაბურ საქმიანობად აქცევს, შემოსავლის წყაროც ექნება და გვპირდება, რომ დაასაქმებს არა ერთ ადგილობრივს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქობულეთისთვის. გარდა ამისა, ქობულეთს, როგორც ტურისტულ ქალაქს, ეს ნამუშევრები უდავოდ გამოდგება, ვინაიდან სწორედ ის პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქალაქს, როგორც კურორტს. აქ არის წარმოდგენილი დეკორატიული ჯიხურები, მოსაცდელები, საშხაპეები, რის ნაკლებობასაც განიცდის დღეს ქობულეთი და რაზედაც პრეტენზია და სურვილი გაჩნია ჩამოსულ ტურისტს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დაამშვენებს ეს ყველაფერი სეზონურ ობიექტებს, სანაპიროს მთლიანად ქობულეთს და არა მარტო მას.

მოკლედ, „ვერბა“ საქმიანობას შეუდგა, ის დიდი შემართება, მონდომება, გულწრფელობა და საქმის კეთების სურვილი, რაც მისი მესვეურების თითოეულ ნაბიჯში იგრძნობა, ნამდვილად წაადგება ჩვენი რეგიონის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ორმაგ სილამაზეს შესძენს მის ისედაც ლამაზ ბუნებას და რაც მთავარია, სასიამოვნო სიახლე იქნება თავად ქართველი თუ უცხოელი ტურისტებისთვის, რომელთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას დიდი მნიშვნელობა აქვს კურორტის შემდგომი წარმატებისთვის.

ჯანო ქობულაძე

https://youtu.be/pOe21OFbwcA