მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „არმაზის“ შენობაზე გაჩენილი ხანძარი ჩაქრა, ტრაგედია იმდენად მძიმეა, რომ იგი დიდხანს არ დაავიწყდებათ არ ქობულეთელებს და არც სრულიად საქართველოს. რუსთავი და მასთან ერთად მთელი ქვეყანა ხანძრის შედეგად დაღუპული სამი ჭაბუკის სიცოცხლეს გლოვობს. დაღუპულები რუსთავის მთავარ ეკლესიაში არიან დასვენებულები, მათ თითქმის მთელი ქალაქი უკანასკნელად ეთხოვება. დღეს დაღუპულთა მშობლებთან პატრიარქიც მიბრძანდა, თუმცა ძნელია ანუგეშო ამ დროს ვინმე. არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურა, ვინც სულით ხორცამდე შეძრული არ არის მომხდარის გამო. როგორც უკვე გაცხადდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი დახმარების სახით ათ-ათი ათასი ლარი გადაეცემა, ხოლო ბავშვების დაკრძალვის ხარჯებს რუსთავის მერია დაფარავს. ჯერ კიდევ ამოუცნობია გვამები და ახლა ყველა გამოძიების შედეგებთან ერთად დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდება, რომელიც სავარაუდოდ ხუთშაბათისთვის გახდება ცნობილი.