მთავარი სტატიები აჭყვისთავში მართლმადიდებლური სალოცავი აშენდება

აჭყვისთავში მართლმადიდებლური სალოცავი აშენდება

349
0

achkvistavi - adjarapsაჭყვისთავის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს სოფლის ცენტრში ადგილის გამოყოფას, რათა მრევლმა ერთობლივი ძალებით ააგოს სამლოცველო და ემსახუროს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ამ მოთხოვნით მათ რედაქციაშიც მოგვმართეს, თუმცა საკითხის გადაწყვეტა წლების მანძილზე ჭიანურდებოდა, მოთხოვნა კი ძალაში რჩებოდა.
და აი, სოფლის თავკაცის თამაზ ხახუტაიშვილის უშუალო მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალიახმევით გადაწყდა, რომ მალე აჭყვისთაველებს საკუთარი სამლოცველო ექნებათ.
ახლახან აჭყვისთავს ბათუმიდან საეკლესიო პირები ეწვივნენ, რომლებმაც მოინახულეს ადგილები, რომელთაგან ის შესაფერისი ტერიტორია უნდა გამოიყოს, სადაც ჩაეყრება საფუძველი ეკლესიის მშენებლობას. მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ ეკლესიის ტერიტორია უნდა გალამაზდეს, ჩამოისხას, გამაგრდეს… მოკლედ სამუშაო ბევრია…
ამ სამადლო საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის აჭყვისთავის მკვიდრ ნანი ხახუტაიშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბარში სიხარულით განაცხადა:
– წარსულთან შედარებით ჩვენი სოფელი სოფელს ემსგავსება. ვფიქრობ, მალე ყველაფერი უკეთესი იქნება წინა წლებთან შედარებით. ტაძარი შენდება, ეს კი რწმენით აღსავსე, ნათელი მომავლის საწინდარია. ღმერთის წყალობით, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება.
ნანი ხახუტაიშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ამ ყველაფრისთვის მიეღწია. ის კარდაკარ დადიოდა და აგროვებდა ხელწერებს, მიმართავდა შესაბამის სახელისუფლო ორგანოებს ნებართვასა და ტერიტორიის გამოყოფაზე. მალე მან ყველაფერი სისრულეში მოიყვანა.
როგორც ქალბატონი ნანი ამბობს, მართალია, უკვე ნებართვა და კეთილი ნება არსებობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის თუ რომელ ადგილზე დაიწყება ტაძრის მშენებლობა, მემორიალთან თუ სოფლის ცენტრიდან მოშორებით. მისი განმარტებით, ჯერ არც ის არის გარკვეული, თუ ვისი სახელობის ტაძარი აშენდება, ამას თავად მეუფე გადაწყვეტს.
ახლა დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და გაისად დასრულდება. ცნობილია ისიც, რომ მშენებლობას მამა სვიმეონი უხელმძღვანელებს.

ანა ხახუტაიშვილი