მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სოფელ ფურტიოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

სოფელ ფურტიოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

215
0

შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული დარბაზი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობაზე. რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და სახელფასო დანამატებით გამოიხატება. ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, რომელსაც არ შეეშინდება სიახლეების, რეფორმების და პროგრესის. ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მომავალი განვითარება. მე ვარ ამაყი, რომ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად მაღალი ქულებით ირიცხებიან. მჯერა, ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან ამ მხრივ გამორჩეულები არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით.“ სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ამჟამად 129 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 33 პედაგოგი. ახალი სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლას მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის ლევან ბერიძის სახელი. შუახევის მუნიციპალიტეტში ამჟამად მაწყვალთისა და ჟანივრის სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. 2018 წელს აჭარაში 24 საჯარო სკოლის მშენებლობა რეკონსტრუქცია განხორციელდება.