დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა V სამეცნიერო კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნეს. სესია შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და მასში ბსუ-ს სტუდენტებთან ერთად, აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მომხსენებლებმა ნაშრომები წარმოადგინეს პედაგოგიკის, განათლების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ფსიქოლოგიური ძალადობა, მასწავლებლის როლი საგანმანათლებლო პროცესში, რეპეტიტორების ინსტიტუტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, XXI საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის მომავალი.
V სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შემდეგ თემებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში, დაუნის სინდრომის მოსწავლის სწავლების სტრატეგიები, ძალადობის პრევენციის ძირითადი მექანიზმები, ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვანი და დანაშაული, ვიდეო თამაშები – დადებითი და უარყოფითი, ომი და სტრატეგია „ვეფხისტყაოსანში“, ვარდის სიმბოლიკა „ვეფხისტყაოსანში“, „კიბერდანაშაული“, ტურიზმი, „ვეფხისტყაოსანის“ ხელნაწერები, XXI საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები და ადამიანის მომავალი, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები, მდინარე ჭოროხზე მშენებარე კაშხლების გავლენა აჭარის პლაჟის ფორმირებაზე და სხვა.
კონფერენცია ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის თანამშრომლობის კლუბის – „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში გაიმართა.