2 კვირაზე მეტია ტელეკომპანია ტვ12-ის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები და სხვა პირდაპირი გადაცემები შეწყვეტილია, ამ ხნის განმავლობაში არხი ავტოპილოტზე, მხოლოდ ჩანაწერებით მაუწყებლობს… პირდაპირი ეთერების შეწყვეტის მიზეზი არხის ოთხი თანამშრომლის კოვიდ 19-ით დაინფიცირებაა, მათ შორისაა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძეც, რომელმაც კორონა ვირუსის უსიმპტომო, მსუბუქი ფორმა საკუთარ ბინაზე, თვითიზოლაციაში ონლაინ კლინიკის მედიკოსების დახმარებით დაამარცხა. ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებული აქვთ დანარჩენ სამ თანამშრომელსაც, რომლებიც ჯერ კიდევ თვითიზოლაციაში სასტუმროებსა თუ სტაციონარებში რჩებიან.
ჯემალ მეგრელიძის განმარტებით, თანამშრომლებში ინფიცირების პირველი შემთხვევის აღმოჩენისთანავე შეჩერდა ყველა პროექტის გადაღება და პირდაპირი გადაცემები, არხი გადავიდა ჩანაწერების რეჟიმზე, პერსონალი დათხოვნილია სამი კვირით, ყველა მათგანმა ჩაიტარა ტესტი და პასუხები უარყოფითია, როგორც არხის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, ტელეკომპანია ტვ12 მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 17 მაისიდან დაუბრუნდება.