18 დეკემბერს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას მედიაჯგუფი „აჭარა P.S..“-ის ჟურნალისტ-ოპერატორი, 22 წლის თამაზ ქობულაძე შეეწირა… ტრაგედიის შესახებ ქვეყნის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, ჩვენი თვითმხილველების ნაამბობის მიხედვით კი მას სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. განადგურებულია მედიაჯგუფის ტექნიკა, რომელიც ამ დრომდე ნივთმტკიცების სახით საგამოძიებო ორგანოებში რჩება.
თამაზ ქობულაძე წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის
სტუდენტი გახლდათ, იგი ჩვენთან ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ მოვიდა, მაშინ, როცა მეცხრე კლასის მოსწავლე იყო და რედაქციის ბაზაზე არსებული მედიასკოლის სრული კურსის გავლის შემდეგ მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გუნდის სრულუფლებიანი და ერთ ერთი წარმატებული წევრი გახდა. მალე ნიჭიერმა, დაუზარელმა და შრომისმოყვარე შემოქმედმა ახალგაზრდამ ჩვენს ბაზაზე დაფუძნებული ტელეკომპანია TV12-ის ჟურნალისტის პოზიცია დაიჭირა და ყოველდღიურად საინტერესო მასალებით ამდიდრებდა ჩვენს საინფორმაციო საშუალებებს, განსაკუთრებით კი TV12-ის ანალიტიკურ პროგრამას `მედიატორი~. თამაზ ქობულაძე, როგორც ჩვენი კოლექტივის ყველაზე ახალგაზრდა წევრი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა კოლეგებს შორის, იყო ბევრი ინიციატივისა თუ წამოწყების ავტორი. თამაზი არა მარტო TV12-ს დააკლდება, არამედ მისი სახით ქართულმა ჟურნალისტიკამ დაკარგა ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და დიდი პერსპექტივის მქონე შემოქმედი.