მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ტყის ეკოსისტემის გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“ – ზურაბ პატარაძე

„ტყის ეკოსისტემის გაუმჯობესება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“ – ზურაბ პატარაძე

148
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო რედისონში გამართულ რეგიონალურ კონფერენციას – „მდგრადი მეტყევეობა – მდგრადი ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაესწრო. კონფერენცია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად, გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

მთავრობის თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით მიმართვისას მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობას (WWF) და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერისთვის და მნიშვნელოვანი პროექტის აჭარის რეგიონში განხორციელებისთვის. ზურაბ პატარაძემ, თავის მხრივ, სტუმრებს რეგიონში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ისეთ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დადებით როლს შეასრულებენ გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით:
,,ჩვენ ვცდილობთ რეგიონში განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც შეამცირებს ტყეებზე ადამიანის ნეგატიურ ზემოქმედებას. ამ მხრივ, დაწყებულია უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ისტორიული პროექტი – მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაცია, ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება, მწვანე ტბის განვითარების პროექტი და სხვა. მნიშვნელოვანია ასევე სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებაზე“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

კონფერენცია WWF-ის მიერ განხორციელებული პროექტის – “ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვის მეშვეობით აჭარაში“ შეჯამებას დაეთმო. პროექტი მიმართულია ტყის მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრადი მეტყევეობის დანერგვაზე, რაც შეაჩერებს ტყის ეკოსისტემის დეგრადაციას და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, BMZ-ს, KfW-ს, GIZ-ის, ჰესენის სატყეო ადმინისტრაციის, მსოფლიო ბანკის და UNDP-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.