დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. სხდომაზე კანონის პროექტი მისმა ავტორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.
ინიციტივა, რომელიც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებამოსილების აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისათვის დელეგირებას ითვალისწინებს, საკომიტეტო სხდომაზე ამჯერადაც ერთხმად მიიღეს.
აღნიშნული კანონის პროექტი, პირველი მოსმენით, 9 ივნისის სხდომაზე, უკვე განიხილა და ერთხმად მიიღო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა. კანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და ასევე ერთხმად მიიღეს პარლამენტის 16 ივნისის (84 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი) პლენარულ სხდომაზეც