მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

236
0

2017 წლის 20 ივნისს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კუტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მოადგილე მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რეგიონში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას. განხორციელდება საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების, ასევე საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგები; საჯარო სკოლების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაძლიერდება პარტნიორობა ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვის მიმართულებით. ამჟამად, უკვე მიმდინარეობს პროფესიული განათლების პროექტი, რომელიც ხორციელდება ბათუმის საზღვაო აკადემიაში. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა და მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწე-კრანის ოპერატორი და შემდუღებელი.
ფონდის უმაღლესი განათლების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აბიტურიენტებს სთავაზობს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომს.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.