12 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მერაბ კარანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, დავით თედორაძე, ილია ვერძაძე, გიორგი მანველიძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, სასტუმრო ჰილტონში, მერის უფლებამოსილების სიმბოლურად გადაცემის არაოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.
ახალ ტრადიციას საფუძველი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ჩაუყარა, რომელმაც თავის მხარდამჭერებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, ახლადარჩეულ მერს ლაშა კომახიძეს კი ახალი თანამდებობა მიულოცა და ბათუმის სიმბოლური გასაღები გადასცა.
ინიციატივას მიესალმნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, რომლებმაც გიორგი ერმაკოვს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ქალაქის ახალ მერს წარმატებები უსურვეს.
დავით გაბაიძემ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან წინამორბედი მერი მის შემცვლელს ძალაუფლებას წარმატების სურვილით გადასცემს.