ამ რამდენიმე დღის წინ, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიამ მისი პრეზიდენტის გულნაზ ხარაიშვილისა და საქართველოს მწერალთა კავშირმა, ქალბატონი მაყვალა გონაშვილის ხელმძღვანოლობით ფერეიდანელ სოსო მიქელაძეს უმასპინძლეს, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ფერეიდნელ სტუმარს ქართული კულტურის დესპანის პოდება გადასცა.
საპატიო სტუმარს გულთბილად მიესალმნენ: ამაღლების ეკლესიის წინამძღვრი მამა ამირან ამირანაშვილი, აკადემიის აკადემიკოსი თემურ გოგსაძე, რომელმაც ჩვეული ემოციით წაიკითხა აწგარდაცვლილი ბეჟან ხარაიშვილის ლექსი „ფერეიდანელის ნატვრა“, პოეტები ეთერ ჭელიძე, შორენა მამალაშვილი, ლამზირა შეყილაძე, ხათუნა ელიაშვილი და მზია ელიაძე.
ღონისძიებას პოეტი ერეკლე საღლიანი შემოუერთდა, რომელმაც ფერეიდანელი სოსო მიქელაძის წინ დაიჩოქა და სვანური ქუდი მოიხადა.
სოსო მიქელაძე იმ ფერეიდანელ ქართველთა რიგებშია, რომლებიც საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულით ისტორიული სამშობლოს სამსახურში დგანან. სოსო მიქელაძე ფერეიდანში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მასწავლებელია. გვიყვება, რომ თავადაც მუდმივად სწავლობს ქართული ენის ასე მრავალფეროვან და საინტერესო სტრუქტურას და ცდილობს მოძებნოს ის საუკეთესო პედაგოგიური მეთოდი, რომელიც ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს სწავლას გაუადვილებს. ამ ძიებამ ქართული ენის თვითმასწავლებლის შექმნამდე მიიყვანა. 2018 წელს, თეირანში მისი ავტორობით გამოიცა სპარსულენოვანთათვის სახელძღვანელო წიგნი „ფესვები“. წიგნს წამძღვარებული აქვს ავტორის სიტყვები: -„ამ წიგნის შედგენას ვუძღვნი ყველა ქვეყნის იმ ღირსეულ შვილებს, რომლებიც იღვწიან საკუთარი ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად“.
ვეცნობით წიგნს და აღტაცებულნი ვრჩებით, რაოდენ დიდებული ოსტატობით შეუდგენია ავტორს ორმოცდათერთმეტი გაკვეთილისაგან შემდგარი სახელმღვანელო. მასში შეუტანია, ერთი მხრივ, ქართული გრამატიკის ძირითადი საკითხები, ხოლო მეორე მხრივ სულხან-საბას, შიო მღვიმელის, ვაჟა ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. წიგნის დასასრულს მოცემულია ქართულ-სპარსული ლექსიკონი და ქართულ ზმნათა ძირითადი ფორმები. სოსო მიქელაძე პარალელურად მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა. ამჯერად საქართველოს ისტორიას თარგმნის სპარსულ ენაზე და უახლოეს ხანში ეს წიგნიც იხილავს დღის სინათლეს.
ფერეიდნელებთან შეხვედრა მეტად ემოციური და სასიამოვნო იყო როგორც სტუმრებისთვის /ბატონ სოსოს ახლდა მეუღლე და ქალიშვილი/, ასევე აკადემიის თითოეული წევრისათვის, შეხვედრაზევე დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმაები.