ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს სულხან ღლონტს უმასპინძლა. საქმიანი შეხვედრის მიზანი მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პესპექტივების მიმოხილვა იყო, არსებული პოტენციალის აღწერა და სწორად შეფასება, მთის ტურიზმის განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ა.შ. შეხვედრას გამგეობის ტურიზმის განყოფილების უფროსი ნათია ბარამიძე ესწრებოდა, რომელმაც არაოფიციალური სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ქედაში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაც დააანონსეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამგებელმა სულხან ღლონტს მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მშენებარე საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერებინა და ჩანჩქერის სათავეში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტის გეგმა გააცნო.
საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი სექტემბრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიას, როგორც უკვე ცნობილია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება. პროექტის ნაწილი ქედის გამგეობის ბიუჯეტშია გაწერილი, თუმცა მეორე ნაწილის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინვესტორის მოძიება. „ქედის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია რეგიონში ტურისტული თვალსაზრისით და მუნიციპალიტეტში მოგზაურობის მსურველ ტურისტთან რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, გასულ წელს, ქედას 2015 წელთან შედარებით 99%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქ განხორციელდეს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვგეგმავთ, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მართვას უფრო ეფექტურს გახდის. სერვისის გაუმჯობესების კუთხით, კი ტურიზმის სკოლის ფარგლებში ქედაში ჩვენ საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების მეპატრონეები გადავამზადეთ, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვდენენ ტურისტებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.