გუშინ, ქობულეთის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლ „ქობულეთის“ სოლისტს, ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარს, ომარ ვასაძეს დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღუნიშნეს. ქართული ქორეოგრაფიის თვალსაჩინო მოღვაწესა და ფოლკლორისტს – ომარ ვასაძეს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, მას ქობულეთში და არა მარტო ქობულეთში იცნობენ როგორც ქართული ცეკვის ცოცხალ ლეგენდად. ქობულეთის მკვიდრ ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა ომარ ვასაძემ ქორეოგრაფიის გზაზე, გულიანად აზიარა ისინი ხელოვნების ამ დარგის მადლს და ამით ქართული ქორეოგრაფიის მდიდარი ისტორია თუ ფოლკლორული ნიმუშები დღემდე მხრებით მოგვიტანა. ბატონი ომარის აღზრდილთა უმრავლესობა დღეს რაიონის სახელოვანი ქორეოგრაფები არიან და და საყვარელ მასწავლებელს დიდი სითბოთი და სიყვარულით ეფერებიან…
ნიჭიერ შემოქმედსა და თავისი საქმის უბადლო ოსტატს სიჭარმაგის მიუხედავად ხელოვნების სიყვარულმა წლები დააძლევინა და იგი, როგორც სახალხო ანსამბლ „ქობულეთის“ სოლისტი, დღესაც შესაშურ ფორმაშია. ბატონი ომარის მრავალმხრივი შემოქმედებიდან მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციით ხვდება დიდი ქორეოგრაფის განდაგანას, სადაც ჭარმაგი მოცეკვავე საკუთარი ხელწერით გამოირჩევა და მისეული ილეთებით ხიბლავს ქართული ცეკვის ქომაგთ.
ომარ ვასაძეს ქობულეთის საზოგადოებასთან ერთად იუბილე მიულოცეს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ეროვნულ – შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რეზო ჭანიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ აჭარის დამსახურებულმა არტისტმა ზაურ ლაზიშვილმა, კავშირის წარმომადგენელმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ გელოდი ფოცხიშვილმა, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ხელმძღვანელმა ოთარ მიქელაძემ და მისმა მოადგილემ სუხიშვილების „ოქროს თაობის“ წარმომადგენელმა გოგი ჩაჩავამ. საღამოზე რეზოჭანიშვილმა დამსახურებულ ქორეოგრაფს საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
https://youtu.be/FDpJdTwYWqw