ქობულეთის ზღვისპირა პარკში შარშანდელი თოვლის მიერ დაზიანებული ამფითეატრის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამფითეატრის რეაბილიტაცია ტურისტული სეზონის მიმდინარეობის გამო შემოდგომისთვის გადაიდო და უკვე ერთ თვეზე მეტია ხორციელდება. გუშინ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტის ფარგლებში მოხდება ამფითეატრის სრული აღდგენა, სცენაზე იგება ხის იატაკი და კიბე, დამონტაჟდება ლითონის კონსტრუქციები, რომელიც წყალგაუმტარი ქსოვილით გადაიხურება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ატომბუდნაგლიადი“ აწარმოებს. ამ კულტურული კერის რეაბილიტაცია ადგილობრივ ბიუჯეტს 208 ათას 400 ლარი დაუჯდება, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, სამუშაოების დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება.