ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია. იგი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი სავსე მთვარის პირველ კვირა დღეს.
იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ.
ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა.
მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: „მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.
იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.
აღდგომის დღესასწაულს მრავალი ტრადიცია უკავშირდება. მათ შორის არის კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.
ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.
ქრისტე აღდგა!!!