დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე კანადიდან ჩამოტანილი ლითონის მზა კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, უკვე აშენებული შენობის კარკასის კედლების ამოყვანა ხორციელდება. მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული. ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “სტადიონი” ახორციელებს. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრის ჩასატარებლად, ასევე, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას .