ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს სასტუმრო ,,შერატონში“ გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იყვნენ მიწვეულები. შეხვედრას ასევე, BICT-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი და BSP-ს გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაიევი ესწრებოდნენ.
კონფერენციას საქართველო, კერძოდ, ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს, რაც ხაზს უსვამს ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას კავკასიის შავი ზღვის რეგიონში.
ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველმა, ICTSI ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლე მადსენმა მიმართა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ გაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუ როგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე“.
ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30 სპიკერი ისაუბრებს. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი.