საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა“ – ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები. ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან. განვიხილეთ მოქმედი პროექტები, მომავალი გეგმები. მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხით ახალი პროექტების განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება. აჭარა ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განვიხილეთ ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლეიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. როგორც იცით, დასრულდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი პროექტების დანერგვას და დარგის და წარმატებულ თანამშრომლობას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო უკეთესი სინქრონიზაცია და უკეთესი დაგეგმარება. ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ზოგადად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე. ძალიან მოხარული ვარ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობისგან სრული აღქმა და სრული თანხმობა არის ერთიანი ლოგიკით წარიმართოს ეს სტრატეგია. და მე მჯერა რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს“-განაცხადა დავით სერგეენკომ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდება.