აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. აჭარის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს ართვინისა და რიზეს რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. დღეს ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას კულტურულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროებში. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ტრაპიზონის გუბერნატორს იუჯელ იავუზის და მის მოადგილეს 16 ივლისს ქ. გირესუნთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლის წევრებისთვის გაწეული დახმარებისათვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შეთავაზების გაკეთება შავი ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი მარშრუტის შექმნისთვის. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.