სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანებით დღეს შუახევსა და ხულოშიც განახლდა. ახალი ტრანსპორტი მუნიციპალურ სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები ზურაბ პატარაძემ, დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მუნიციპალიტეტებში თავად შეიყვანეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. რეგიონის პირველი პირი შუახევისა და ხულოს რაიონულ სამსახურებში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი. ,,სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ექვსი ახალი, საერთაშორისო სტანდარტის სასწრაფოს მანქანა გადავეცით მუნიციპალიტეტებს, ეს არის მაღალი გამავლობის, რომელიც მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. არსებობს სოფლები, სადაც ფიზიკურად რთული იყო მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის და ამ მანქანებით დარწმუნებული ვარ, სწრაფად, ოპერატიულად მოხდება მომსახურება. ყველა სოფელში იქნება წვდომა და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა. დღეისთვის,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით განახლდა. ამათგან, 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან – 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი. რეგიონებში,ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.