ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. ბიუჯეტში ახალი ღონისძიებების დასაფინანსებელი თანხების დამატების შესახებ საკითხი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. აღნიშნული თანხები ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. საერთო ჯამში ბიუჯეტი 4,100.0 ათასი ლარით იზრდება.
ცვლილების შესაბამისად, თანხა გამოიყო სპორტული მოედნების მოწყობისთვის ტბ. აბუსერიძის #38-სა და აკაკი შანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს ,,მაგნოლიას” მ…იმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქვიშის მოედნის კეთილმოწყობისთვის, ზღვისპირა ზოლში მდებარე ქვიშის საფარიანი სპორტული სტადიონის, ფრიდონ ხალვაშის #322 -ის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის, ასევე, თევდორე აჭარელის #2-2ა-ს მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის კაპიტალური შეკეთებისთვის.
თანხა გათვალისწინებულია #5 და #10 საჯარო სკოლების მიმდებარედ ლითონის დამცავი მოაჯირების მოწყობისთვის. იგეგმება გარე განათების მოწყობა თამარ მეფის მე-3 შესახვევში. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თანხა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დაზიანებული შუქნიშნების აღდგენისთვის, ჯავახიშვილის #6ა-ს მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობისა და გონიო-კვარიათის დასახლებაში არსებული ზღვისპირა ბილიკის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებისთვის. იგეგმება ოლთისის ქუჩისა და აეროპორტის გზატკეცილის მონაკვეთების კეთილმოწყობაც.
ცვლილების შესაბამისად, ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხა ეგნატე ნინოშვილის ბიუსტისა და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობისთვის.
იგეგმება შპს ,,ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” კაპიტალის ზრდა 5 ერთეული დეფიბრილატორის შეძენის მიზნით. იზრდება მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის, ასევე, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსებაც. ცვლილებების შესაბამისად, დამატებით 300 ბენეფიციარის დაფინანსება გახდება შესაძლებელი მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში.