დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ, საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის აპარატში ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ციტრუსის დამზადების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდების საკითხები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, 1 ნოემბრიდან აჭარაში სპეციალური შტაბი გაიხსნება. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შუა აზიის ქვეყნებში ციტრუსის რეალიზაციაზე. „ჩვენ განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება. წელს მოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან იყო. რაც შეეხება ციტრუსის სარეალიზაციო ბაზრებს, უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული ბაზრებიდან უკვე არის მოთხოვნა. აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიების საკითხებზეც. გვსურს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ექსპორტიორებს. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2015 წელსაც მოხდეს სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდიის გაცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმოც, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. სუბსიდიის აღნიშნულმა მოდელმა შარშან გაამართლა და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონიც წარმატებულად ჩაივლის“,-აღნიშნა ოთარ დანელიამ. ,,მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 100 000 ტონას შეადგენს, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით მიმდინარე წლის სეზონზე იმოქმედებს 30–მდე ციტრუსის შემფუთავი საწარმო, სადაც მოხდება პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება. წელს ციტრუსის სეზონზე რეგიონს კიდევ რამდენიმე საწარმო შეემატება სადაც მოხდება ციტრუსის პარაფინირება რომელიც მინიმუმ ერთი თვით გაახანგრძლივებს ციტრუსის რეალიზაციას’’- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაურ ფუტკარაძემ.