მთავარი სტატიები ცოლ-ქმრული რეკორდი ანუ 76 წელი ერთად…

ცოლ-ქმრული რეკორდი ანუ 76 წელი ერთად…

391
0

8 შვილი, 40 შვილიშვილი,76 შვილთაშვილი და 22 მეოთხე თაობის შვილთაშვილი – ეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, კერძოდ გარეტყეში მცხოვრები ხასან და ზექიე თურმანიძეების მთელი მონაგარია, არ ვიცით გინესის რეკორდი რამდენია, მაგრამ მათ თავიანთი თანაცხოვრების ხანგრძლივობით ალბათ ყველა რეკორდი მოხსნეს… ცოლ-ქმარი 76 წელი ერთად მოუყვება ცხოვრების ლაბირინთებს, შექმნეს დიდებული ოჯახი, ერთად იზიარებენ ჭირსაც და ლხინსაც და არა მარტო სოფლის, მთლიანად ქედის სიამეყეს წარმოადგენენ…
ზექიე ბებოსა და ხასან ბაბუას ჩვენ გარეტყეში წინასაახალწლო დღეებში ვეწვიეთ და მათი ოჯახური ტრადიციებით დავინტერესდით… ვიდრე თავად ჩვენი წერილის გმირების ნაამბობს შემოგთავაზებდეთ, ერთად გადავავლოთ თვალი ინფორმაციას თუ ქორწინების რომელი წლისთავი რას შეესაბამება:
70 წელი _ ნაყოფიერების _ მადლიერების ქორწილია. ბედნიერია ის წყვილი, ვინც ამ იუბილემდე ერთად მიაღწევს. შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მოდიან ამ დღეს თქვენს თაყვანსაცემად. ახალგაზრდებისათვის უკეთესი მაგალითი არ არსებობს.
75 წელი _ გვირგვინოსანი ქორწილი (დამაგვირგვინებელი), ამ თარიღს იმიტომ ჰქვია ასეთი სახელი, რომ გვირგვინს ადგამს წყვილს ბედნიერად განვლილი ცხოვრების გამო.
80 წელი _ მუხის ქორწილი. თქვენი ოჯახური ცხოვრება ისეთივე ძლიერია, როგორც მუხის ხე და ისევე დიდხანს ცოცხლობს, როგორც ის.
ზექიე თურმანიძე: – ჩვენი ამბავი მაჭანკლობით მოხდა. კაი შეხედული გოგო ვიყავი და ხასანიც კარგი ვაჟკაცი ჩანდა… დედოფალი ცხენებით შებმული ეტლით მომიიყვანეს ხასანის სახლში… მაშინ არც მანქანა იყო და არც ისეთი სუფრები იცოდნენ, დღეს რომ აკეთებენ… მას მერე თითქმის 80 წელმა გაგვიარა…
ხასან თურმანიძე: – ოჯახი – ჯახია შვილო, ამ ხნის მანძილზე ბევრი კარგი დღეც გვქონდა და ბევრი გაჭირვებაც განოვიარეთ, მაგრამ დღემდე ისე მოვედით, წინაპართა ნაკვალევიდან არ გადავსულვართ… ვერც ჩემი მონაგარი გადაუხვევს ამ გზას, ჩემი შვილები, შვილიშვილები და იმათი შვილები ჩვენი სიმდიდრეა…
წყვილი დღესაც მხნედ გრძნობს თავს, ახლა ისინი კიდევ ერთი შვილთაშვილის მოლოდინში არიან…
ოჯახის ახალგაზრდა წევრები დიდნენესა და ბაბუას ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ, ოჯახში მისულს უპურმარილოდ აბა ვინ გამოგიშვებს? ტრადიციულ ქართულ სუფრაზე კი რომელსაც ხასან ბაბუ და ზექიე ბებოც შემოუსხდნენ, ახლად გამოხდილი არაყი და მერისელთა ტრადიციული საახალწლო ტკბილეული ე.წ. ყათმერიც დავაგემოვნეთ…
მრავალი წელო ჩვენო საამაყო ადამიანებო!

თამაზ ქობულაძე,ხათუნა ბოლქვაძე