მთავარი სტატიები ჭორ-მართალი ქობულეთის შუქურას ირგვლივ

ჭორ-მართალი ქობულეთის შუქურას ირგვლივ

372
0

აგვისტოს ცხელ დღეებთან ერთად ტემპერატურამ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ ირგვლივაც იმატა, ბოლო დღეებში კლუბი ათასი მითქმა-მოთქმისა და ჭორის საგნად იქცა. საქმე იმაშია, რომ „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ პოსტი დატოვა და იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს, მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას, თუ მოარულ ხმებს დაეჯერება, სანაიამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება თითქოს „შუქურას“ ხელმძღვანელსა და სპორტულ დირექტორ მამუკა ჯუღელთან დაპირისპირების გამო მიიღო.
არის კიდევ ერთი ჭორი, რომლის თანახმადაც „შუქურასა“ და „გურიის“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, თითქოს ჯუღელს სანაიასთვის გასახდელში შესვლის და ფეხბურთელებთან გასაუბრების უფლება არ მიუცია, როგორც ჭორის ავტორები ამტკიცებენ სანაიამ მოთამაშეებთან გასაუბრება და რჩევების მიცემა მაინც მოახერხა, რასაც თითქოს ურთიერთობის დაძაბმა მოჰყვა.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ „ჩემი ქობულეთის“ ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, გელა სანაია ქობულეთის „შუქურას“ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაუდგა სათავეში, ის ფრიად ერუდირებული და კარგი პროფესიონალია. ჩელებაძის განმარტებით კლუბიდან მისი წასვლა ოჯახური მდგომარეობით იყო გამოწვეული და მის ირგვლივ არავითარ სკანდალს ადგილი არ ჰქონია.
– დავშორდით როგორც მეგობრები და დავრჩით მეგობრებად, ვიცი, რომ სხვა გუნდში აპირებს გადასვლას, ალბათ უკეთესი პირობებით, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ისვენებს – აცხადებს რევაზ ჩელებაძე.
„შუქურას“ ხელმძღვანელობამ სანაიას შემცვლელი უკვე გამონახა, გუნდის წვრთნას ამიერიდან თემურ შალამბერიძე გააგრძელებს, ის გუნდში სპორტული დირექტორის მამუკა ჯუღელის მიწვევით მივიდა.

ჯანო ქობულაძე