20 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც პროექტ – “ნატოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებისთვის” ფარგლებში მომზადდა, ხელი მოაწერეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოსა და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელებმა, ავთანდილ ბერიძემ და ქეთევან ჩაჩავამ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის განცხადებით, მემორანდუმი ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს და მასში კანონმდებელთა ჩართვას, საერთო ევროპული კანონების იმპლემენტაციას, ახალი კანონების შექმნასა თუ საჭირო სამართლებრივი რეგულაციების ამოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.
მემორანდუმის გაფორმების შემდგომ ავთანდილ ბერიძემ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის პროექტ – “ნატოს მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებისთვის” მონაწილე პედაგოგები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.