ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თეონა ბერიძემ დრამატულ თეატრს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე რვა ათეული წლის მანძილზე ხულოს თეატრი იდგა მაღალმთიან აჭარაში ქართული კულტურის, ქართული საშემსრულებლო ხელოვნების სადარაჯოზე და მრავალფეროვანი და საინტერესო რეპერტუარით ანებივრებდა მაყურებელს“ – აღნიშნა თეონა ბერიძემ.იუბილესთან დაკავშირებით 5-12 ივნისს ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კვირეული იმართება, რაც მიზნად ისახავს თეატრის როგორც შემოქმედებითად განვითარებას, ასევე, ქართულ თეატრალურ სივრცეში მისი ინტეგრირების ხელშეწყობას.კვირეული 5 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა გახსნა სპექტაკლით – „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“. კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ახმეტელის,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა, მარჯანიშვილის ბათუმის ექსპერიმენტული, ფოთის დრამატული და რუსთაველის თეატრები.თეატრალური კვირეული 12 ივნისს ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – „გაუმარჯოს ბუშონს“ დაიხურება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ხულოს დრამატული თეატრი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს