ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა. ტექნიკის გადაცემას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა. ბათუმის შემდეგ, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალი გამავლობის მქონე „ურალის“ მარკის წყალმზიდი და სამაშველო მანქანა L-200-ი, ხულოს განყოფილებას გადაეცა. ამასთანავე, განახლდა მეხანძრე-მაშველთა ფორმებიც. მთავრობის თავმჯდომარემ მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკით აღჭურვა მიულოცა და აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელია განხორციელდეს სისტემის მუდმივი განახლება. ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე 4 ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანა გადაეცა. მანქანები ადაპტირებულია რთული რელიეფური პირობების შესაბამისად და პასუხობს მაღალმთიანი აჭარის მოთხოვნებს. ასევე, აქვს შესაძლებლობა მოკლე დროში უზრუნველყოს დიდი რაოდენობის წყლის ტრანსპორტირება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა, სადაც ხულოში მცხოვრებ მოზარდებს საშუალება მიეცათ თავად გამოეცადათ მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, დაეთვალიერებინათ ტექნიკა და წარმოდგენილი ინვენტარის გამოყენებით გაცნობოდნენ ხანძრის ქრობის სხვადასხვა ეფექტურ მეთოდებს. დღესვე საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტს გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების განსახორციელებლად, ორი ერთეული ბულდოზერი გადასცა. აღნიშნული მანქანები თოვლისა და მეწყერის წმენდის განსახორციელებლად გამოიყენება. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.