აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას მინისტრი ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე ქ. ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერები ესწრებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 12 ოჯახის დახმარების საკითხი.
„კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზრალებული ორი და ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ხუთი ოჯახის დახმარების საკითხი. ქ. ბათუმში მცხოვრები ადრე განვითარებული გეოლოგიური პროცესების გამო დაზარალებული ორი ოჯახის საკითხი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწყერისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული თითო ოჯახის საკითხი, ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის დახმარების საკითხი.
მუნიციპალიტეტების მერიების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის თანახმად დაზარალებული ოჯახებისათვის გასაწევი ფინანსური დახმრება 95 046 ლარს შედგენს. კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/გამაგრებისთვის თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ. 2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ ფინანსური დახმარება 198 ოჯახს გაეწია, სულ 2 966 981 ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს კი თანხა გაიცა 8 ოჯახზე, 79 169 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში