01.04.2015/adjaraps.com – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 122-ის დეპარტამენტმა სმენადაქვეითებულ პირთათვის ახალი სერვისი აამოქმედა. გადაუდებელ შემთხვევაში ბენეფიციარებს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით სერვისის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. 112-ის დეპარტამენტი ახალი სერვისის შესახებ პრეზენტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. დღეს ბენეფიციარებს ახალი სერვისი ბათუმშიც გააცნეს. ყრუ და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ვიდეო ზარით სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო დახმარების მიღება მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ. ბენეფიციარმა რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე ჟესტური ვიდეოთვალის საშუალებით უნდა გაიაროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს 112—ის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის უფროს ანა კეკელიძის თქმით, ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეცვლის ყრუ და სმენადაქვეითებული პირთა ცხოვრებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.