მთავარი სტატიები 12 დეკემბერს, თბილისში, რეზო ჭანიშვილის ვარსკვლავი იხსნება!..

12 დეკემბერს, თბილისში, რეზო ჭანიშვილის ვარსკვლავი იხსნება!..

339
0

არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ, განვლილი გზისა და ცენზის გამო კი არ აფასებს საზოგადოება, არამედ ისინი თავიანთი დიდბუნებოვნებით, უბრალოებითა და ადამიანობით მაღლა დგანან ყოველგვარ ცენზსა და რეგალიებზე… სწორედ ასეთთა რიგებს განეკუთვნება ქართული ქორეოგრაფიის მეტრი, საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ბატონი რეზო ჭანიშვილი… კაცი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ ქორეოგრაფიას მოახმარა და დღესაც მთელი შემართებით „გულის სისხლსაც“ კი არ იშურებს ხელოვნების, ამ „სასტიკი ბომონის“ განვითარება-გაძლიერებისათვის…
12 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ქართული ხელოვნების უდიდეს მოღვაწეთა ვარსკვლავების რიგს შემოქმედებითი მოღვაწეობის 65 წლისთავის აღსანიშნავად ბატონი რეზოს, ამ ჭეშმარიტად ამაგდარი ხელოვანის კაშკაშა ვარსკვლავიც შეემატება და ეს იქნება დიდი ქორეოგრაფის გვირგვინი, მისი ღვაწლის, ნიჭისა და შემოქმედების დაფასების მწვერვალი…
რეზო ჭანიშვილის თანამედროვეთ ამ დიდი და ამაგდარი ხელოვანის შესახებ ბევრი აქვთ სათქმელიც და მოსაგონარიც, წარმატება ხომ ხონჩით არ მოდის და ხელოვნების მწვერვალების დასაძლევად წლების თავდადებული შრომაა საჭირო, ამიტომ ეს საქმე მის კოლეგებს მივანდოთ, დარწმუნებული ვარ სიტყვას არ დააკლებენ სათქმელს, მე კი, როგორც მის ერთ უმცროს, უბრალო და რიგით მეგობარს მსურს ჩემს მკითხველს ჩვენი საქმიანი ურთიერთობების გზაზე დანახული რეზო ჭანიშვილის ადამიანობასა და კაცურ კაცობაზე ვესაუბრო… წერილის კვანძის გახსნამდე საზოგადოებას ძალიან მშრალად და მოკლედ შევახსენებ იმ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც ჩვენი წერილის გმირმა განვლო…
ლაუზი (რეზო) ჭანიშვილი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 1963 წელს დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილება. 1970 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ. ბათუმის კულტურის სასახლეში, ქ. ბათუმის #2; #9; #22 საშუალო სკოლებში, აჭარის მოსწავლეთა სასახლეში ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად; ქ. ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ქორეოგრაფიული განყოფილების გამგედ. 1975-78 წლებში ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის დირექტორის მოადგილე და ცეკვების დამდგმელია. 1978-80 წლებში მივლინებული იყო ქ. დამასკოში, სირიის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონსულტანტად. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1980-84 წლებში ქ. ქუთაისში ჯემალ ჭკუასელთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდია. 1984 წლიდან დღემდე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის `მერანის~ დამაარსებელი და ხელმძღვანელია. 1994-2006 წლებში თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების სახელოსნოს ხელმძღვანელია. 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით, ხოლო 1997 წელს ღირსების ორდენით. არის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედალოსანი. დაჯილდოვებულია არა ერთი საპატიო სიგელით. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, აქვს პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.
რეზო ჭანიშვილი გახლავთ ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის, ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის საპატიო მოქალაქე. საქართველოში რამდენიმე ანსამბლი ატარებს მის სახელს. არის საქართველოს ქორეოგრაფიის `ბრწყინვალებისა~ და `რაინდის~ საპატიო ტიტულების მფლობელი.
დიახ, ეს ის გზაა, რომელსაც ვარსკვლავამდე მივყავართ, თუმცა ამ თარიღებსა და რეგალიებს მიღმა არაფერია თქმული იმ კეთილშობილებასა და ადამიანობაზე, რომელიც ბატონი რეზოს უპირველესი თვისებაა, ის არასდროს ჩაჭრილა ურთიერთობაში, მეგობრობასა თუ ადამიანობაში, ჩემს მიერ დაფუძნებული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის ჟიურის უცვლელი წევრია და ყოველთვის ზედმიწევნით პუნქტუალობით, ჭეშმარიტი პროფესიონალური ხედვით უდგება კონკურსის მონაწილეთა შეფასებას, თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს, დაუძახებს, მამა-შვილურად დაარიგებს, ასწავლის, ურჩევს… წარმატებულს დიდბუნებოვნად შეაქებს და ამას ისე ლამაზად, ისე ოსტატურად აკეთებს, რომ საბოლოო ჯამში ყველა ბედნიერი და გახარებულია. თუმცა, ბედნიერებისთვის მასთან ურთიერთობაც კმარა, მისი ყოველი რჩევა, ყოველი სიტყვა და ნაბიჯი არა მარტო ცეკვის, არამედ კაცური ცხოვრების მასტერკლასია და საოცრად გადამდები თითოეული ჩვენგანისათვის.

გილოცავთ ბატონო რეზო ხვავიან ზამთარს თქვენს ცხოვრებაში, ჭირნახულიც უხვად მოგიგროვებიათ, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვთ, თქვენ სჭირდებით ქართულ ქორეოგრაფიას, ზოგადად ქართულ ხელოვნებას, სჭირდებით თქვენს აღზრდილებსა და აღსაზრდელებს, რა თქმა უნდა, გვჭირდებით ჩვენ, ყველას! ახალგაზრდული შემართება თქვენ არ გაკლიათ და წარმატება კარიერაში… ამიტომ კვლავაც დიდხანს ჯანმრთელი და ნაყოფიერი ცხოვრება მინდა გისურვოთ!

ჯემალ მეგრელიძე