ბათუმის ბულვარში არსებული საკურორტო პოლიკლინიკის უნიკალური შენობა ნადგურდება… გადმოცემის თანახმად, ობიექტი ამ ადგილას თავის დროზე იმიტომ აშენდა, რომ აქ გეოლოგებმა უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე მიწისქვეშა წყლები აღმოაჩინეს. წლების მანძილზე ამ ბრწყინვალე და იშვიათი სამკურნალო დაწესებულებით და შესაბამისად ბუნებრივი აბაზანებით, ათასობით ბათუმელთან ერთად, უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სარგებლობდა და იკაჟებდა ჯანმრთელობას. როგორც ბათუმელები ყვებიან, სააკაშვილისა და მისი დამქაშების მსახვრალი ხელი დაახლოებით 7 წლის წინ, ქალაქის ამ ღირსშესანიშნაობასაც მიწვდა…
რეესტრიდან ამოღებული 2009-2013 წლის დოკუმენტების თანახმად ნათელი ხდება, რომ ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკა წლების მანძილზე ხელიდან-ხელში ისე გადადიოდა, რომ არც განმკითხავი იყო ვინმე და არც მომკითხავი – სრულდებოდა თუ არა რაიმე პირობა ამ დონის უნიკალური დაწესებულების ფუნქციონირებაზე.
2009 წლის 8 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1203 კვადრატული მეტრი ტერიტორია მასზე მიმაგრებული 1169 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობით, ჯერ კიდევ შპს „ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის“ საკუთრება იყო და ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. დოკუმენტებში არ ჩანს ინფორმაცია არც ყადაღის, არც გირავნობის და არც იპოთეკის შესახებ.
რეესტრის 2010 წლის 21 ივლისის ამონაწერში იმავე ობიექტის ახალ მფლობელად (ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე) ვინმე ვიოლეტა ბეჭვაია გვევლინება. ჩანაწერში ჩნდება ასევე ინფორმაცია ობიექტის იპოთეკით დატვირთვის შესახებ. იპოთეკარები გახლავთ შპს „ვ.გ.ჰ. ჯორჯიან ინვესთმენთს“ და „ჯორჯიაინვესტ +“. იმავე ამონაწერში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გრაფაში ვკითხულობთ, რომ ობიექტი აღნიშნულ პიროვნებაზე 2009 წლის 9 სექტემბერს გასხვისდა.
საინტერესო ცვლილებებია რეესტრის 2013 წლის ამონაწერში, დოკუმენტის მიხედვით, ვიოლეტა ბეჭვაიას 50 პროცენტიან მეწილედ ვინმე ნოდარ გეორგაძე „გამოუჩნდა,“ ცვლილება იმავე წლის 18 თებერვალს განხორციელდა, ხოლო იპოთეკართა გრაფიდან ქრება შპს „ვ.გ.ჰ. ჯორჯიან ინვესთმენთს“-ი და ჩნდება ახალი იპოთეკარი შპს „ეიეფჯი“.
დღეს, რეესტრის ახალი ამონაწერის თანახმად, ბათუმის საკურორტო პოლიკლინიკის ახალი მფლობელი ნორვეგიის მოქალაქე, ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრები ვინმე ალექსანდრე ფრიდია, მიწას და შენობას მოხსნილი აქვს იპოთეკები, ხოლო მისი ხელახალი გასხვისება უკვე ახალი მთავრობის პირობებში, 2015 წლის 25 მაისს განხორციელდა… აქ თუ ახალი მფლობელის კვალზე არაფერს ვიტყვით, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, ჰოლანდიამდე ანუ პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის ცოლის სამშობლომდე მივყავართ, ერთ კითხვას მაინც აქვს არსებობის უფლება: რეკრეაციულ ზონაში მდებარე ობიექტის ყიდვა-გაყიდვა ახალ მფლობელზე ხდებოდეს უნდა თუ არა მინიმუმ საკრებულოს ან მაქსიმუმ აჭარის მთავრობის ნებართვის საფუძველზე?!
როგორც ძირძველი ბათუმელები ყვებიან, თითქოს ობიექტის რეალური მფლობელი ბათუმში კარგად ცნობილი რესტორან „ძველი გემის“ მეპატრონე ლევან ქარდავაა, თუმცა მისი კვალი ამ საქმეში საგულდაგულოდაა მიჩქმალული. ამ თემას შარშან საკმაოდ ვრცელი სტატია მიეძღვნა გაზეთ „ქრონიკა +“-ის 17 მაისის ნომერში, სადაც საუბარი იყო ობიექტის ირგვლივ ლევან ქარდავას მეგვარე მეგის ქარდავას, „დიდი ვანოს“ და თვით პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაამბობია და მის სინამდვილეს ჩვენ (რედაქცია) ვერ დავადასტურებთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენს ხელთარსებულ საჯარო რეესტრის 2010 წლის 21 ივლისის ამონაწერში დაინტერესებულ პირად სწორედ ლევან ქარდავაა მითითებული, საკმაოდ ბევრ კითხვით ნიშანს ბადებს?!.
ამონარიდი გაზეთ „ქრონიკა +“-ის წერილიდან: „აქ თითოეული მეტრი მიწა 4000-5000 ევრო ღირს და საინტერესოა, 2009 წელს ვინმე ლევან ქარდავამ, ისიც სააკაშვილისა და ვარშალომიძეების მზეობის ეპოქაში, ჩალის ფასად როგორ დაითრია?!. ტერიტორიის დარაჯი ამბობს, – სანდრა რულოვსის საკუთრებაა აქაურობაო!..~
`ბათუმში ყველამ იცის, რომ ამ ტერიტორიაზე სანდრა რულოვსს ფეშენებელური ვილის მშენებლობა ჰქონდა განზრახული, მაგრამ მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომიც ახალდამთავრებული იყო, მიშას სავარძელიც კარგა გვარიანად შერყეული, ბათუმში როინ შავაძეც დახვრეტილი ჰყავდათ, ბევრი სხვა ოჯახიც გამწარებული, ვარშალომიძეებს უკვე ასაფეთქებლად დასდევდა ხალხი და ევროპელმა სანდრამ „აჭარული მზითვი“ გამოუყენებელი დატოვა და ბეჭვაია-გეორგაძეს მიანდო შესანახად!.. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე რომ ვიცი ეს ამბავი და მთელმა ბათუმმა რომ იცის, არჩილ ხაბაძემ არ იცის?“
აი, ამის შემდეგ ნამდვილად აღარ გვიკვირს, საკურორტო პოლიკლინიკის ახალი მეპატრონის – ვინმე ალექსანდრე ფრიდის კვალს ჰოლანდიაში რატომ მივყავართ…
წერილის მზადების მომენტში ჩვენ, რა თქმა უნდა საკურორტო პოლიკლინიკასაც ვეწვიეთ, ერთ დროს ხალხმრავალ, ხმაურიან შენობაში ახლა გულისმომკვლელ სიჩუმეს დაუსადგურებია… აქ ყველაფერი ხელუხლებელია, ოთახები, სამკურნალო კაბინეტები, ობმოდებული ინვენტარი და თქვენ წარმოიდგინეთ, სამკურნალო აპარატურაც კი… შენობა თანდათან წყობიდან გამოდის, კედლებს და ფანჯრებს წყალი და ნესტი მოყვება, აქა იქ წყლის წვეთების ხმა ისმის, ირგვლივ საშინელი სუნი დგას… თითქოს აქ არასდროს გაუვლია ადამიანს, ისე, ერთ წამში გაიყინაო ყველაფერი…
ნუგზარ თედორაძე უჯარო გენერალივით დარჩენილი უკანასკნელი მოჰიკანია ამ შენობაში, მეორე სართულზე, ერთ პატარა ოთახში კაბინეტი აქვს მოწყობილი და პრაქტიკულად აქ აღამ-ათენებს, კაბინეტის ჭერიდან ბათქაში თავზე გვაცვივა, თუმცა მისგან ინფორმაციის მოპოვებას მაინც ვცდილობთ… მხოლოდ ორი სიტყვა: – მე გახლავართ პოლიკლინიკის დირექტორი, შენობის გასხვისებამდე მოადგილედ ვმუშაობდი, მეპატრონის გარეშე მეტის არაფრის თქმის უფლება არ მაქვს, ისინი კიდევ თბილისში არიან და უკვე 6 წელზე მეტია ველოდებით…
ბატონი ნუგზარი გადაღების უფლებას არ გვაძლევს, ოპერატორს თვალით ვანიშნებ გადი დერეფანში და ჩუმად ყველაფერი დეტალურად გადამიღე მეთქი. დავალება შესრულებულია, კადრები ყველაფერზე მეტყველებენ…
… და ეს ყველაფერი ხდება აჭარის მთავრობის თვალწინ… ნუთუ არავის აინტერესებს რა პირობებით გაიყიდა თავის დროზე ეს ობიექტი, რომელიც გაყიდვამდე საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობდა და სოლიდური თანხებითაც ავსებდა ბათუმის ბიუჯეტს? იქნებ ობიექტის მეპატრონე არღვევს პირობებს და სამართლიანობის აღდგენა სწორედ აქედანაა შესაძლებელი, ხომ არ არის ხაბაძის უწყების ეს საეჭვო დუმილი სააკაშვილ-ვარშალომიძის მიერ გაიმასქნებული საქმეების `გაპრავების~ მცდელობა ან მთავრობის თავმჯდომარისა და „ოცნების“ ხელისუფლების ცდუნება „ხელის ჭუჭყით“, რომელსაც სამწუხაროდ სუნი არ უდის, თუ არა და… იქნებ თავად მთავრობამ აგვიხსნას, სადამდე გაგრძელდება ეს დუმილი?! დრო არ ითმენს, ხელისუფლების წაყრუების გამო, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ფულს კარგავს, მოსახლეობა კარგავს ყველაზე ძვირფას კაპიტალს – ჯანმრთელობას!
ჯემალ მეგრელიძე