დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს ქედის რაიონის სოფელ ზენდიდში, საზოგადოებაში დაწინაურებულ რაფიელ პაპუნიძისა და მერი საკანდელიძე-პაპუნიძის მრავალშვილიან ოჯახში.
1948 წელს დაამთავრა ქედის რაიონის სახელმწიფო პედსასწავლებელი. 1954 წელს – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი წარჩინებით. იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო სასელექციო სადგურში მეცნიერ-მუშაკად.
1956 წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. 1958 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1969 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1971 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1966-73 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში, ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ კი დირექტორის მოადგილედ. პარალელურად რამდენიმე ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს.
1973 წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილედ. 1974 წელს აირჩიეს აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად, ხოლო 1975 წლის 6 იანვარს – კომუნისტური პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად, რომელ პოსტზეც 1986 წლამდე იმუშავა. 1986 წელს გადაყავთ კვლავ თბილისში საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
ვ. პაპუნიძე არჩეული იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატად, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
…რამდენი უძილო ღამე, ერზე ფიქრი, კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა, პრაქტიკული განხორციელება, აღიარება, ჯილდოები: შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და სხვადასხავა მედალი. და, ჯილდოთა შორის უპირველესი – მშობლიური ხალხის გულწრფელი სიყვარული!
ბატონი ვახტანგ პაპუნიძის ცხოვრების დევიზი იყო „ერთ-ერთი, რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დამყვება, საქმის სიყვარულია, რომლის მიმართაც მუდამ ერთგული ვიყავი, ვარ და ვიქნები მანამ, სანამ ცოცხალი ვარ“.
ყველა ეპოქაში ადამიანი საქმის სიყვარულით ფასდება. და, თუ ეს საქმე ეროვნულია, მაშასადამე შენ ერის საქმის ერთგული ხარ, ერის კაცი ხარ! ერისკაცები კი არასდროს კვდებიან. სხვადასხვა ასაკში ერისკაცი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ ის მაინც ერშივე რჩება საქმით, სახელით, სულით, შთამომავლობით, ხორცით და სისხლით. ამას უკვდავება და მარადისობა ჰქვია. სწორედ ასეთი გახლდათ ბატონი ვახტანგ პაპუნიძე. როგორც უკვდავი და დღეს მარადისობაში მყოფი. ვახტანგ პაპუნიძე, ჩემი ცნობიერებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში მაღალ პოლიტიკურ ელიტაში ერთადერთი კაცია, რომელმაც საკუთარ ოჯახზე, გვარსა და სამეგობრო-საძმაკაცოზე მაღლა ერის დიდება და მშობლიური ხალხის ოჯახური მატერიალური უზრუნველყოფა დააყენა. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. და რადგან იგი რჩეული იყო, მას როგორც დიდი ვახტანგის, დავითის, თამარის, ცოტნესა და გენიალური სოსოს გენობრივ მემკვიდრეს – სხვა გზა არ ჰქონდა! ამიტომაა ჩემთვის ბატონი ვახტანგ პაპუნიძე აჭარისა და სრულიად საქართველოსათვის სიკეთისთვის მსხვერპლად შეწირული და ჩაუქრობელ კელაპტრად ანთებული სხივმოსილი ნათება. ნათება, როგორც ერთგულების, შრომის, სიყვარულის, მიმტევებლობისა და მარადისობაში კაცურად შესვლის სიმბოლო! ჩვენ, ყველა ვალდებული ვართ სანთელი ავუნთოთ, რათა მოვისმინოთ მისივე უკვდავი სულის ღაღადისი – დღევანდელი მძიმე ცხოვრების შესამსუბუქებლად.
ბატონი ვახტანგ პაპუნიძე ქართველი ერის ხხ საუკუნის ღირსეულ შვილთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია. იგი დედა აჭარამ შვა, რომელიც ერთგულად ემსახურა სრულიად საქართველოს. მისთვის გაიღო ყველაფერი, მრავალგზის გათალა ლოდებიდან ჩუქურთმებიანი სამშენებლო ქვები და სათაყვანებელი სამშობლოს მშენებლობის გალავანს უსახსოვრა. იგი ოფლად დაიღვარა, შეიქმნა საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი და ის საკუთარ ერს, აჭარის მოსახლეობას, მომავალსა და მეცნიერებას მოახმარა. მან თავისი ყოფიერებით საკუთარი თავი აჩუქა სამშობლოს, შუბლგახსნილი ღიმილით კი სიმშვიდე მიანიჭა ყველა მშრომელს, გლეხსა და მეგობარს, შთამომავლობას.
ბატონი ვახტანგ პაპუნიძე იმითაცაა გამორჩეული, რომ მან სასწაული მოახდინა და წაშალა სოციალური უთანაბრობის ზღვარი მაღალ შემოსავლიან ზღვისპირა აჭარის მოსახლეობასა და დაბალშემოსავლიან მთიან აჭარას შორის. მან ეზო-ეზო, კარდაკარ შემოიარა ზემო აჭარა და მოისმინა მოსახლეობის სატკივარი. სოციალურ-ეკონომიკური გეგმა შეიმუშავა. ყველა გაჭირვებულს კომპეტენციის ფარგლებში თავად დაეხმარა, ნაწილისათვის დახმარება თბილისს სთხოვა, ნაწილის სატკივარი კი თავად ჩაიტანა მოსკოვში და როგორც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა და ამავე საბჭოს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სესიაზე გაახმოვანა… მისი დასაბუთებული და აქტუალური პრობლემები ქვეყანაში მცხოვრები 120 ერის პრობლემაც აღმოჩნდა. მას უარს ვინ ეტყოდა, თვალებში შესციცინებდნენ. სესიაზე მისგან ყოველთვის ახალს, ნოვატორულს ელოდნენ; რესტორან „როსიაში“ კი – კაცობის, ეროვნული ტრადიციებისა და ბიბლიური ფასეულობების სადიდებელ სადღეგრძელოებს. კარგად მახსოვს, მოსკოვში ყოველწლიური საგეგმო და საბიუჯეტო მაჩვენებლების დამტკიცებისას, უკრაინელმა კოლეგებმა ყირიმის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დამატებითი ფინანსური სახსრები მოითხოვეს. დასაბუთებაც შესაბამისი წარადგინეს. ერთ ერთი არგუმენტი სიმფეროპოლ-იალტის 86 კმ-იანი სატროლეიბუსო ხაზისა და გზის განათების დაფინანსება იყო. ბატონმა ვახტანგმა იმავე დღეს „გოსპლანს“ ქართული ვარიანტიც წარუდგინა, მაგ მხრივ საქართველოში აჭარა ჳჳ ადგილზეაო. ქობულეთის ხაზი 15 კმ-იანიაო და სამი მილიონი მანეთი მოითხოვა (მაშინ ერთი მანეთი 1,16 აშშ დოლარს უდრიდა). საკითხი იმავე დღეს გადაწყდა დადებითად. საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი სამი მილიონით გაიზარდა აჭარის სასარგებლოდ. „მოსკოველები“ დაარწმუნა და ზემო აჭარის ხალხის სატკივარი რამდენიმე თვეში გადაწყვიტა. მან მთიან აჭარაში საქონლის ჩაბარებისა და ხორცის დამზადების პუნქტები გახსნა. ხულოელ გლეხს მოეხსნა საქონლის ბათუმში ჩაყვანა-ჩაბარების პრობლემა. გარდა იმისა, რომ საქონელი ტრანსპორტირებისას წონაში 5-7 %-ით იკლებდა, გლეხი 2-3 დღესაც კარგავდა. გლეხს სტიმული მიეცა და იმატა მესაქონლეობის განვითარებისა და ხორცის დამზადების ტემპმა. ანალოგიური ღონისძიებები გაატარა თხილის, თამბაქოს („ტრაპიზუნტის“, „სამსუნის“), ყველ-კარაქის და ბოსტნეულის დამზადება-ჩაბარების საქმეში. ააღორძინა ტრადიციული ქსოვითი (თექა, გობელენი, წინდები, ჯუბა და ა.შ) საქმე. ყველა სოფელში გაიყვანა სამანქანო გზა. იგი დღენიადაგ ზრუნავდა ტურიზმის განვითარებაზეც. კომუნისტური დიქტატის ეპოქაში რუსეთის დიდ ბაზარზე ციტრუსების არგატანის ჯაჭვი რაღაცნაირად გახსნა და ამით აჭარელი მეციტრუსეები „გაკეთდნენ“. ქობულეთელმა (ხუცუბნელმა) ზია ბერიძემ 32 ტონა მანდარინი გაყიდა რუსეთის ბაზარზე და ოჯახის ბიუჯეტი 4 მანქანის შესაძენი ფულით შეავსო. იმავე ოდენობით შემოსავალი მიიღო ხულოელმა ჰუსეინ ბოლქვაძემ ადგილზევე – საქონლის, თამბაქოსა და ფარდაგების რეალიზაციით. ეს იყო ვახტანგისეული გმირული რეფორმები. იგი რეფორმატორად იქცა, მასზე ალაპარაკდნენ თბილისში, მოსკოვში, პრაღასა და ვარშავაში. მან რეფორმები თავის გუნდთან ერთად გაატარა. მან შექმნა რეფორმატორთა საუკეთესო გუნდი ცენტრში და აჭარის თითოეულ რაიონში. არც ერთ მათგანს არ უღალატნია ვახტანგისათვის და არც მას გაუწბილებია თავისი ხელქვეითები. კომუნისტურ წყობაში კომუნისტები „მეფობდნენ“ და იმ დროს მუშაკის ყველაზე დიდი სასჯელი პარტიიდან გარიცხვა იყო. ვახტანგი კი მხოლოდ პარტიაში იღებდა ღირსეულ ადამიანებს და დიდ ცხოვრებისეულ გზაზე აყენებდა.
ბატონი ვახტანგი იყო შემოქმედი, მებრძოლი, შორსმხედველი, ერის მოამაგე, გლეხკაცის მეგობარი და მასზე მზრუნველი, უდიდესი დემოკრატი და ამავე დროს დიდი მიმტევებელიც. მახსოვს 1982 წლის ზაფხულში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მოსკოვში დაცვისას სასტუმრო „მოსკოვის“ ფოიეში შევხვდი, ნერვიულობდა. მითხრა საოცარი რამ მოხდაო, სასტუმროში მცხოვრებ ქართველ კაცს აზერბაიჯანის ერთ ერთი მინისტრის მოადგილისათვის ფოიეში დაგებული უდიდესი ხალიჩა `მიუყიდიაო იაფად~?! მასაც მუშები მოუყვანია, აახვიეს ხალიჩა და გასასვლელში დიდი ამბები ატეხილა. „გამყიდველს“ – ვეღარ პოულობენო. როგორ შეიძლება ქართველმა ასეთი რამ იკადროსო. მე ვუთხარი, რა მოხდა ბატონო ვახტანგ, ნახევარი ციმბირი დღეს მეგრულად ლაპარაკობს-მეთქი. გულიანად გაიცინა. ვუთხარი, კვირა დღეა და სადილზე გეპატიჟებით. იგი ადმინისტრატორთან მივიდა და საკავშირო პროფსაბჭოს თავმჯდომარეს პროხოროვს დაურეკა. 15 წუთში მისმა მძღოლმა ვიქტორ საბდატოვმა სამთავრობო „ჩაიკით“ მოგვაკითხა. სატელევიზიო ანძა „ოსტანკინოზე“ ყოველგვარი რიგის გარეშე აგვიყვანა, როგორც მისი შეფის ფრანგი სტუმრები. მეშვიდე ცაზე ბრინჯაოს დარბაზში დავსხედით. ქართული ღვინო მოითხოვა. როცა „ოჯალეშით“ შევუვსე ბოკალი, ასწია და თქვა: „ახლა ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ ღმერთთან, დიდება მას, გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს და გაგვიმარჯოს ჩვენ, ქართველებს მოსკოვში!“ მე მოკლედ დავეთანხმე, გაუმარჯოს მეთქი და ვკითხე, ჩვენ რა, თბილისში ქართველები არ ვართ მეთქი? მითხრა, თბილისში აჭარელს მეძახიან, ბათუმში ქედელს, ქედაში კი ზენდიდელს. მას შემდეგ ბევრი მიფიქრია, ვახტანგ პაპუნიძე ერთდროულად იყო თბილისელი, ბათუმელი, ქედელი და ზენდიდელი. ამ ოთხივე ალაგის წესების ღირსების მატარებელი იყო. ტრადიციის მთელ საუნჯეს ფლობდა. ქალაქელობასთან ერთად თავის სოფლელობასაც არ ივიწყებდა, როგორც ზოგიერთი… ამიტომ იყო იგი მრავალფესვიანი ჭეშმარიტი ქართველი, ძირძველი აჭარული გენით და ქართული სულით.
ერთ-ერთ სადღეგრძელოზე დაბადების კუთხე მკითხა. ჩემი პასუხის შემდეგ თქვა: „ჯავახეთი საქართველოს ულამაზესი ზეგანია და ამიტომ დავთანხმდი აჭარელთა ჩასახლებაზეო, მაგრამ იქ აჭარლებს ძალიან დიდი ყურადღება და დახმარება სჭირდებაო. დღეს ჯავახები და აჭარლები ვალში ვართ ცოტნე დადიანთან, მისი ძეგლის აღმართვა გვმართებსო!“ ბოლოს ანგარიში მოვითხოვეთ. ვახტანგის მოსკოველ მეგობარს მძღოლის ხელით წინასწარ გადაეხადა. გამიკვირდა, ქართველები თბილისშიც და მოსკოვშიც ჩვენ ვიყავით მასპინძლები. ეტყობა ვახტანგი გამონაკლისი იყო ამხრივადაც. ეს დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს ხსოვნაში უპირველესად იმით, რომ ბატონმა ვახტანგმა მაღალ „ოსტანკინოზე“ 29 წლის ბიჭი 52 წლის ასაკამდე ამამაღლა (იგი მაშინ 52 წლის გახლდათ). მესაუბრა როგორც თანატოლს და კაცობის, ღირსების, საუნჯის დღენიადაგ შევსება მთხოვა.
ბატონმა ვახტანგმა ნაადრევად დაგმო კომუნისტური დიქტატი, არაკოლეგიალურობა, სიცრუე და ღალატი. მან პატიოსნებისა და კაცური ღირსების სიმბოლოდ გადადო საკუთარი თავი. მივცემ ჩემს თავს უფლებას და მისი ცხოვრების ბოლო წუთებს სელიმ ხიმშიაშვილისას შევადარებ. ერთმა დედააჭარისათვის დადო თავი, მეორემ კი აჭარელი კაცის ღირსებისათვის.
დღეს რომ ვახტანგ პაპუნიძე ცოცხალი ყოფილიყო, სტამბოლს წავიდოდა, სულთნის სასაფლაოზე სელიმის თავს მოძებნიდა და ბაკი-ბაკოში (სერიყანაში) დაკრძალულ ტანთან ერთად, თბილისში, მთაწმინდაზე გადააბრძანებდა!
ვახტანგ პაპუნიძემ მარადისობის კარი თბილისში ყოფნისას 1987 წლის დამდეგს შეაღო. მისი სხეული გონიოსა და ხიხანის ციხეებს შორის, მამაპაპურ ქართულ მიწას ეზიარა, მომავალი თაობების ფესვთსაკმევებლად. სული ზეცაში ამაღლდა და ქრისტეს კარიბჭის (ანუ ქედა-ს: „ქე“- ქრისტე, „და“ (მაღლა თაღით)-მხედრული ანბანის მე-40 ასონიშანი) მანათობელ ვარსკვლავად იქცა. ამქვეყნიურ ცხოვრებაში უკვდავმა ვახტანგმა დაგვიტოვა ერის ტრადიციებითა და ბიბლიური ფასეულობებით ცხოვრების ღირსეული კაცის სახელი. სახელი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა პატივი უნდა მივაგოთ!
წინამდებარე წერილიც პატივცემული ვახტანგისადმი მიძღვნილი დიდი წიგნის პირველი გვერდია საქართველოში და მათ შორის, აჭარაში მცხოვრებ ყველაზე მრავალრიცხოვან ბერიძეთა გვარის მატარებელთაგან.
მადლობა უფალს, რომ საქართველოში კაცნი არ კვდებიან! ბედნიერებაა, რომ დღეს ხიხანის ციხეს ხიმშიაშვილის ვარსკვლავი დაჰკაშკაშებს, ქედის კარიბჭეს – პაპუნიძის, მახინჯაურს-ბერიძის, ბათუმს-აბაშიძის, ბაგრატიონის, ბოლქვაძის, გოგიტიძის, ქარცივაძის, აბულაძის და მრავალი ჩვენგანის გვარის. ამიტომაა აჭარა მზიური, ხალხი კი – თბილი და გასხივოსნებული. აჭარაში გაღმა და გამოღმა არ არსებობს, რამეთუ თამარის ხიდებს დაუძლევიათ თქეშთა თქრიალი! აჭარა ამოუცნობი სამყაროა, მსოფლიოს თვალ-მარგალიტი ალაგია, ქრისტეს სალოცავი სახლია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გონიო-ახალი ათონი, თბილისის სიონი სამი წმინდა მოციქულის ალაგია და ამ სამკუთხედს ვერავინ წაშლის. ამიტომაა, რომ ყველა აჭარელი და ქართველი ძლიერი და თავდადებული. არიან სარეველებიც, იუდას მიმდევრები…
მართლმადიდებლური ეკლესია გვასწავლის, რომ ამ ქვეყნიური ცხოვრება გამოცდაა მხოლოდ, არჩევანი სიკეთესა და სიბილწეს შორის. დღეს ადამიანი ან ქრისტეს ანგელოზის მიმდევარია ან სატანის მსახური. ბატონი ვახტანგი წმიდა მცნებებით იყო გასხივოსნებული და დღეს ვერც იმას აიტანდა, რომ უქნარა კაცებს ცოლები არჩენენ თურქეთიდან და საბერძნეთიდან. ბატონი ვახტანგი იღბლიანი იყო იმითაც, რომ ერში დროებით ფესვგადგმული უცხოური ჭუჭყი თვალით რომ ვერ იხილა.
საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი – ბერიძეები პატივს მივაგებთ მარადისობაში მყოფ ბატონ ვახტანგ პაპუნიძის ამქვეყნიურ ღვაწლს და ამაგს, სახელსა და ღირსებას, მის შთამომავლობასა და გვარს. ჩვენ მასში ღირსებათა შარავანდედს ვხედავთ. ჩვენ არ გვჩვევია ადამიანის შემოქმედებაში ფერმკრთალი წერტილების ძებნა! ვახტანგი კაცთა ღირსების სიმბოლოა!
ერის სულიერი მამა, მართლმადიდებლური სარწმუნოების ბრწყინვალე წინამძღოლი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი – ილია ჳჳ გვასწავლის: -`თუ რწმენით აღვსილმა შთამომავლობა დაგვიტოვა, ე.ი. მისი სისხლი კვლავ ჩქეფს, ხორცი კი ხარობსო. `ბატონმა ვახტანგმა მთელი მოდგმა დატოვა, მაშასადამე ვახტანგი ცოცხლობს! მის შთამომავალ ყველა მამრთაგან ჩემთვის ყველა ვახტანგია, ქალთაგან კი თამარი, მარიამი და ქეთევანი~.
დიდება მარადისობაში მყოფ ვახტანგ პაპუნიძეს, მის სახელსა და ვარსკვლავს, დღეგრძელობა მის დანატოვრებს, აღორძინება და გაბრწყინება დედა აჭარასა და საყვარელ სრულიად საქართველოს!
ამ წერილის ავტორმა რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვთხოვე მოსაზრება ბატონ ვახტანგზე:
ავთანდილ ბერიძე (აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე): -„ძალზე დიდია ბატონი ვახტანგ პაპუნიძის ღვაწლი აჭარისა და აჭარის მოსახლეობის ცხოვრებაში. დიდება მის სულს მარადისობაში!“
მთავარეპისკოპოსი (სპირიდონი (სხალთის ეპარქია)): -` კარგად ვიცნობ აჭარასა და განსაკუთრებით ზემო აჭარას, მის თითოეულ ოჯახს. საოცრად უყვართ ვახტანგ პაპუნიძის ხსენება. მასზე მადლიერებით ლაპარაკობენ“
ნოდარ ჭითანავა (ერის გამორჩეული კაცი): -„ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. მისი მუდმივი ფიქრი აჭარა და საქართველო იყო. შეუფასებელია მისი ღვაწლი“.
აკაკი ბერიძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგი, ჯანდაცვის ყოფ. მინისტრი, ღირსების ორდენის კავალერი): -„ბატონი ვახტანგ პაპუნიძე გარდა იმისა, რომ შრომის ნოვატორი იყო, იგი იმავდროულად მეგობრობის სიმბოლოც გახლდათ“.
რუსლან აუშევი (ინგუშეთის ყოფ. პრეზიდენტი, ავღანეთის ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი): -„ერთ-ერთი შეხვედრისას მისაყვედურა, რატომ ომობთ ავღანეთშიო, მოვა დრო და ამ ნაბიჯს ვინანებთო. ის წინასწარმეტყველიც აღმოჩნდა“.
თურგაი ჯინერი (მულტიმილიონერი, სტამბული): -„მოგზაურობაში გავიცანი, მისგან გავიგე ქართველი კაცის ამქვეყნიური ყოფიერების დანიშნულება“.
თამაზ გოგოტიძე (ბათუმის მერიის დამსახურებული მუშაკი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი): -„ვახტანგ პაპუნიძე მე-20 საუკუნის აჭარის აღმაშენებელია“.
დავით დუმბაძე (ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი): – „ვახტანგ პაპუნიძის შემოქმედებითი კვალი წარუშლელია აჭარის ცხოვრებაში“.
ეთერ ბერიძე (მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესმენი): -„ ბატონი ვახტანგის შთაგონებით ორი წელი ვიკვლევდი ნიგალის ხეობას. გამოკვლევა წიგნად გამოვეცი და ვუტოვებ ჩემს საყვარელ აჭარასა და სრულიად საქართველოს“.
ტარიელ ებრალიძე (შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი): -„ვახტანგ პაპუნიძის სამსახურეობრივი შემოქმედება ნათელი გზაა ჩვენი ახალგაზრდობისათვის“.
ბესიკ ბაუჩაძე (ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი): -„ხულოში დღესაც ახსოვთ და უყვართ ბატონი ვახტანგი. ძალზე მადლიერნი არიან მისით“.
ვლადიმერ მამულაძე, შუახევის აღმასკომის ყოფილი თავჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი: -„ბატონმა ვახტანგმა დამაწინაურა რაიონის აღმასრულებლად და დამაყენა ცხოვრების დიდ გზაზე“.
ოქროპირ ბერიძე (ფერმერი, ქედის გამგებლის ყოფილი მოადგილე): -„ბატონი ვახტანგი გახლდათ აჭარის სოციალური ცხოვრების რეფორმატორი. კარგი იქნება თუ ბათუმის უნივერსიტეტში მისი სახელობის სტიპენდიას დააწესებენ“.
აბდი ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მახინჯაური): -„აჭარელთა სოციალური პრობლემების დაძლევაში წარუშლელია ვახტანგის ღვაწლი. იგი აჭარის ეკონომიკის არქიტექტორია“.
ოთარ ცინარიძე (ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი, ღირსების მედლის კავალერი): -„შევცქერი ბატონი ვახტანგის სურათს და თვალწინ მიდგას 80-იანი წლების უზრუნველყოფილი ცხოვრება“.
შალვა ველიაძე (ისტორიკოსი, ჟურნალ „ლაკლაკეთის“ გამომცემელი): -„ვახტანგ პაპუნიძე სელიმ ხიმშიაშვილის სულიერი მემკვიდრე და ბაკი-ბაკოს (სერიყანის) მირონცხებულია“.
ფრიდონ ხალვაში (1998 წლის 5 იანვარი, ანკარა): -„ჩემო ვაჟა, ბატონი ვახტანგი აჭარაში შრომისა და შემოქმედების ეთნარქი გახლდა. მან მთელი მისი შეგნებული ცხოვრება აჭარასა და საქართველოს მიუძღვნა. გოგლა ლეონიძემ მე-ხემიდს „ვეფხისტყაოსნის“ გმირის, ფრიდონის სახელი შემარქვა. ნამდვილი ფრიდონი ვახტანგ პაპუნიძეა, ზღვისა და ხმელეთის რაინდი“.
მე ვეთანხმები ჩემს ყოფილ საუკეთესო მეგობარს, ასევე მარადისობაში მყოფ ბატონ ფრიდონს და დავძენ: ვახტანგისნაირი კაცისათვის ცხოვრებისა და შემოქმედების თითოეული დღე ზეიმი იყო. ზეიმი გამარჯვებისა!
…და ამდენი შეფასებების შემდეგ ვინ ბრძანდებით თქვენ, ბატონო ვახტანგ?
ვახტანგ პაპუნიძე მარადისობიდან: – „მე ერთი პატარა უჯრედი ვიყავ ერთიანი, ლამაზი და წმინდა ქართული სხეულისა. ჟამთასვლისას გამოვედი და ჩემს ადგილას 12 დავტოვე. მალე თორმეტი ათასი იქნება. დღეს მხოლოდ პატარა ნათება ვარ. დილის 4 საათზე გამოვჩნდები ცის კაბადონზე ხიხანის ციხის თავზე, გადავუვლი ჩემს ქედას – ქრისტეს კარიბჭეს, ბათუმს და თბილისს მივემართები. ვუერთდები ერთიან ვარსკვლავთა სამყაროს და ნათება უფრო და უფრო მემატება. ძალზე ლამაზი და თვალწარმტაცია საქართველო, მაგრამ დაქუცმაცებული და ბევრი სხვა ნარ-ეკალა ხალხით გავსებული. მას მაინც ოქროს სარტყელი აკრავს, თამარის დროინდელი საქართველოს საზღვრებად. იგი დაცულია ღვთისმშობლის ლოცვითი კალთით და უფლის მადლი აცხია!
ახლა მარადისობაშიც დიდი ცვლილებები ხდება… ნუ დაკარგავთ დროს, მალე განსჯა დაიწყება! მიწიერი ცხოვრების უბედურება ისაა, რომ ადამიანს მხოლოდ დაბადებისას წონიან. მას შემდეგ მისი „აწონვა“ – შეფასება, დაფასება და პატივის მიგება აღარ ხდება. ადამიანის სულიერება დაკნინებულია. ადამიანებმა არ იციან სულიერების შეფასება. თქვენ მხოლოდ ხორცს, ძვალს, სისხლსა და წყალს წონით ადამიანისას. რომ გაიძახით საქართველო გაბრწყინდებაო და გულხელდაკრეფილი ელოდებით, ასე არ ვარგა. საქართველოს გაბრწყინება მაშინ დაიწყება, ურთიერთში სულიერებას პატივს რომ მიაგებთ, გაერთიანდებით, ერთ მუშტად შეიკრებით და უფალს ერთად შესთხოვთ თქვენს მომავალ ბედს. ამას ელოდება უფალი თქვენგან. ნუ გახდებით სატანის მსახურნი, უხმეთ თქვენსავე ანგელოზებსა და მისდიეთ მათ. ბოლო კეთილია! შედეგი და დრო თქვენზეა დამოკიდებული. რუსეთის უპირველესი წმინდანი – სერაფიმ საროველი ძალზე წუხს: ორი საუკუნის წინ გავაფრთხილე რუსები ქართველებს არ აწყენინოთო, უფალი დაგსჯით-მეთქი; სხვა ქვეყნის წმინდანებიც წუხან, ტყუილად წავართვით ქართველებს მიწებიო… ამერიკელებს წმინდანი არა ჰყავთ. თითოეული ქართველის საქართველოდან ახლა გასვლა და ცხოვრება უცხოეთში ღალატის ტოლფასია.
აქ ყველა წმინდანი თქვენზე და საქართველოზე ლოცულობს! იქნებ თქვენც ილოცოთ საკუთარი შთამომავლობისა და სამშობლოსათვის…
ზოგიერთმა მკითხველმა მე, ეკონომისტს, შეიძლება მეოცნებე ფილოსოფოსი მიწოდოს, მაგრამ მე მხოლოდ ერთს დავძენ, რომ დილის 4 საათზე მამრის ხმამ გამაღვიძა და თითქოს მისი კარნახით დავწერე ეს ბოლო სტრიქონები. იქნებ იგი ბატონი ვახტანგის სული იყო!
მუხლმოყრილი ქედს ვიხრი ბატონი ვახტანგის სულის წინაშე, ვუნთებ სანთელს და სანთლისფერი ქედის ღვინით ვილოცები:
– შენ გაგიმარჯოს ბატონო ვახტანგ!
– დიდება შენს ნამოღვაწარს!
– სიკეთე და დღეგრძელობა შენს შთამომავლობას, გვარს, აჭარასა და სრულიად საქართველოს! ამინ!
… და კვლავ ფრიდონის სიტყვები ჩამესმის:
„ჩვენთა დიდთა დიდებათა
დაბინდების ბევრის მომსწრევ,
შენი შორი შუქი მშველის
და ფეხის ხმა შენი მომდევს!“
ვაჟა ბერიძე,
ბერიძეთა საგვარეულოთა დარბაზის ეთნარქი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აჭარაზე გულწრფელად შეყვარებული რიგითი თბილისელი.