2023 წელს უეფა–ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება – ამისშესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია–მოწყობა დაიწყება.
”პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება–მშენებლობა. ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. სავარჯიშო მოედნები განთავსებულია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. პროგრამით გათვალისწინებული საპროექტო–სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელსვე დაიწყება. საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს 2023 წელს, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს” – აცხადებენ მთავრობაში.