მთავარი სხვადასხვა 8 ნოემბერს, აზერბაიჯანი გამარჯვების დღეს აღნიშნავს!

8 ნოემბერს, აზერბაიჯანი გამარჯვების დღეს აღნიშნავს!

18
0

2020 წლის 27 სექტემბრის დილას, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია წამოიწყეს და ინტენსიურად დაბომბეს აზერბაიჯანული არმიის პოზიციები და დასახლებები მსხვილი კალიბრის იარაღის, ნაღმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით. აზერბაიჯანის არმიის სარდლობა იძულებული გახდა მთელ ფრონტზე სწრაფი კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება მიეღო. 28 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია, აზერბაიჯანში კი საომარი მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეტაკებები ძალიან სწრაფად განვითარდა და მალე ყარაბაღის მეორე ომში გადაიზარდა.

სომხეთის რესპუბლიკასთან 44-დღიანი ომის შედეგად, 4 ოქტომბერს გაათავისუფლეს ჯებრაილი, 17 ოქტომბერს – ფუზული, 20 ოქტომბერს – ზანგელანი, 25 ოქტომბერს – გუბადლი, 8 ნოემბერს – შუშა. 10 ნოემბერს, ბაქოს დროით 01:00 საათზე, მოსკოვის შუამავლობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, საომარი მოქმედებები დასრულდა და ცეცხლი შეწყდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთის რესპუბლიკამ 1 დეკემბრამდე ყარაბაღის ტერიტორიიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანის ვალდებულება აიღო. გამოცხადდა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა.

აღდამი გათავისუფლდა 2020 წლის 20 ნოემბერს, ქალბაჯარი – ამავე წლის 25 ნოემბერს, ლაჩინი – 1 დეკემბერს.

სამამულო ომი, განსაკუთრებით შუშას ოპერაცია, ყველაზე ნათელი ფურცელია აზერბაიჯანის სამხედრო ისტორიაში. 21-ე საუკუნის ომში ნაჩვენებმა აზერბაიჯანის საბრძოლო გამოცდილებამ და ტაქტიკამ, სამხედრო ექსპერტთა ძალზედ მაღალი შეფასება დაიმსახურა და ისწავლება მსოფლიოს წამყვან სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უპილოტო საფრენი აპარატები ასეთი მასშტაბით და ასეთი უპრეცენდენტო წარმატებით განლაგდნენ ბრძოლის ველზე. ამავდროულად, უგზოობის პირობებში, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, მსუბუქი იარაღით ხელში, დიდი მანძილების დაუღალავად დაფარვა, შუშას განთავისუფლება, გაუვალი გზების გადალახვა, უპრეცენდენტო გამბედაობისა და გმირობის მაგალითია.

თითქმის ოთხი წელია მტრის მიერ იავარქმნილ ამ მიწებზე ფართომასშტაბიანი სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. განთავისუფლებულ ტერიტორიებზე პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის მეჰრიბან ალიევის მრავალჯერადი მოგზაურობის დროს, ექსპლოატაციაში შევიდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები და საფუძველი ჩაეყარა ახალი ობიექტების მშენებლობას. სულ რაღაც ერთ წელიწადში აშენდა და ექსპლოატაციაში შევიდა ფიზულისა და ზანგელანის ყველაზე თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტები, გაკეთდა „გამარჯვების გზა“ შუშასკენ, აღდგა მრავალი ისტორიული ძეგლი. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შენდება ახალი გზები, ხიდები და გვირაბები, შენდება საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. დეოკუპაციის შემდეგ, ზანგელანში აშენებულ „ჭკვიან სოფელში“ პირველი მცხოვრებლების გადმოსახლებით დაიწყო „დიდი დაბრუნება“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 3 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, 8 ნოემბერი აზერბაიჯანში გამარჯვების დღედ გამოცხადდა. ყარაბაღის გრანდიოზული რესტავრაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის ფონზე, აზერბაიჯანელი ხალხი დიდი შთაგონებითა და ენთუზიაზმით აღნიშნავს სამამულო ომში დიდებული გამარჯვების მეოთხე წლისთავს. ქუჩებზე, გამზირებზე, სკვერებსა და სახლების აივნებზე ფრიალებს აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა. გამარჯვების დღის პატივსაცემად, სხვადასხვა ქვეყანაში ციფრულ ბილბორდებზე, მონიტორებსა და ბანერებზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ „ჰარიბულბულის“ ემბლემა და ლოზუნგები.

8 ნოემბერს – გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებშიც არა ერთი მასობრივი ღონისძიება გაიმართება. მეჩეთებში აღევლინება ლოცვები მოწამეების სულების მოსასვენებლად და ჩატარდება რიტუალები.

ომი და მშვიდობა აზერბაიჯანელთა თვალით

რას ფიქრობენ რიგითი აზერბაიჯანელები ყარაბაღის ომზე? ამ კითხვით ჩვენ ბათუმში მოღვაწე აზერბაიჯანელ ბიზნესმენს, ყარაბაღის ომის უშუალო მონაწილეს, რესტორან „ემეგის“ მფლობელ როვშან ნამაზოვს მივმართეთ.

  • ომი და არამშვიდობიანი გარემო, გარდა იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლეს იწირავს, აფერხებს კონფლიქტის მონაწილე ქვეყნების განვითარებას, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით… ჩვენ, ეს წლები, საშინელებათა ფილმში ვიცხოვრეთ, რადგან არავინ იცოდა, როდის რა მოუვიდოდა მტერს თავში, როცა არ ველოდებოდით, სწორედ მაშინ იჩენდა ხოლმე თავს პროვოკაცია, რომელსაც ყოველთვის ღირსეულად უმკლავდებოდა აზერბაიჯანული არმია…
  • ბატონო როვშან, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა,  ამ კონფლქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება?
  • თუ კონფლიქტის ისტორიას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ამის მცდელობა არა ერთხელ ჰქონდა, მაგრამ სომხურმა მხარემ მუდმივი პროვოკაციების გამო, სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ დაუტოვა აზერბაიჯანს… რომელმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სწორი, გააზრებული და მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგად, ბოლოს და ბოლოს შეძლო ამ 30-წლიანი რეალობის შეცვლა…
  • დიდი ილია ჭავჭავაძის არ იყოს, „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულშიც“…
  • ღმერთმა გისმინოთ… საქართველოსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, იმედია, აქ მაინც გადაწყდება ოსეთ-აფხაზეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით…  
  • ისევ აზერბაიჯანს დავუბრუნდეთ, სადაც დეოკუპირებული რეგიონები ელვის სისწრაფით ვითარდებიან…
  • ესეც აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამსახურებაა, რომლისთვისაც პრიორიტეტს ახლადშემოერთებული რეგიონების სწრაფი განვითარება წარმოადგენს, ძალიან მოკლე დროში შეძლო სახელმწიფომ მათი აღდგენის დაწყება, ამ ტერიტორიებზე დრო თითქოს 30 წლის წინ გაჩერდა, ოკუპანტებს გაკეთების ნაცვლად, ამ დროის მანძილზე მხოლოდ გაუფუჭებიათ ყველაფერი, დაგვხვდა იავარქმნილი შენობები, სალოცავები, ძეგლები… წავიდნენ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ნაღმები დაგვიტოვეს, რომლებიც გარდა იმისა, რომ ადამიანთა სიცოცხლეს იწირავს, აფერხებს განვითარებას…
  • გეთანხმებით. ძალიან დიდი დრო დაიკარგა სწორედ მაშინ, როცა განვითარების გზაზე ყოველი წამი და წუთი უძვირფასესია…

მთელი 30 წელი. წარმოიდგინეთ, ამ ხნის განმავლობაში, ოკუპანტებს რომ იტყვიან, ერთი „ლურსმანიც კი არ დაუჭედებიათ“ არსად, რადგან იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდათ აბარგვა ამ მიწიდან… ძალიან დიდი და აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესს და შესაბამისად ეკონომკას, რაც აუცილებლად საჭიროებს კომპენსირებას ოკუპანტის მხრიდან…

  • ბიზნესი ახსენეთ, თვლით წარმატებულად თავს? არის საამისო გარემო ბათუმში?    
  • ღმერთს მადლობა! მთავარია მშვიდობაა ყველგან, არ მიწევს იმაზე ფიქრი, რომ ხვალ იარაღის აღება დამჭირდება ხელში და ისევ სანგარში ჩადგომა ჩემი სამშობლოს დასაცავად… რამდენიმე წელია ვსაქმიანობ ბათუმში და ძალიან კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ ეს ქალაქი ჩემს თვალწინ ვითარდება, ხალხიც საოცრად თბილი და თავაზიანი ცხოვრობს აქ…
  • საინტერესო საუბრისთვის მადლობას გადაგიხდით და თქვენთან ერთად მთელ აზერბაიჯანელ ხალხს 8 ნოემბერს – გამარჯვების დღეს მოგილოცავთ! წინსვლას, წარმატებასა და უღრუბლო ზეცას ვუსურვებ როგორც აზერბაიჯანს, ისე საქართველოს! 

ჯემალ მეგრელიძე