მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება როგორ ხვდება საკურორტო სეზონს ბათუმის ბულვარი?

როგორ ხვდება საკურორტო სეზონს ბათუმის ბულვარი?

250
0

ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონისათვის მზადება თითქმის დასრულებულია. როგორც ადმინისტრაციაში აგვიხსნეს, აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მარტ-აპრილში დაიწყო.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. აქ 140 კვ.მ-ზე დაზიანებული გრანიტის ფილების გამოცვლა ხორციელდება. განახლდა ბულვარისეული ტყე. საბაღე სკამებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, ასევე შეიღება და განახლდა არდაგანის ტბაზე მდებარე ხიდი. ბულვარის ტერიტორიაზე დაირგო ერთწლიანი ყვავილები. შეიღება და მოპირკეთდა კოლონადები. გაკეთდა სასმელი წყლის ახალი შადრევნები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. უნივერსიტეტის მიმდებარედ იაპონური კუთხე გაშენდა. ბაღში იაპონური ჯიშის მცენარეების სხვადასხვა სახეობაა წარმოდგენილი.
ბულვარში ევროპული სტანდარტების შესაბამისი 200 ახალი სამგანყოფილებიანი ურნა განთავსდა. სანაგვე ურნები პოლიეთილენის, ქაღალდისა და მინის ნარჩენებისთვის არის გათვალისწინებული. მოქალაქეები ნარჩენებს ურნებზე დატანილი წარწერების მიხედვით ჩაყრიან.
ბულვარის ზოოკუთხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კერძოდ, გაფართოვდა ზოოკუთხის ტერიტორია, გედების ტბის მოაჯირი შეიცვალა თანამედროვე დიზაინის ჭედური მოაჯირით. წყალგაუმტარი მასალებით გარემონტდა გედების ტბა. ფარშევანგებისა და თუთიყუშებისთვის თანამედროვე ვოლიერები მოეწყო. ქანდაკება “ალი და ნინო”-დან ახალ ბულვარში ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიამდე, სანაპირო ზოლის მოსწორებითი სამუშაოები სრულდება.
ბათუმის ბულვარი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც უსაყვარლესი ადგილია აქტიური დასვენებისა და გართობისათვის, ამიტომ აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა, თუმცა ზაფხულის ხვატში, როდესაც ქალაქი დამსვენებლებით ივსება, ზღვისპირა პარკიც ორმაგად იტვირთება. პატარა ოაზისები, სადაც მუდამ სიგრილე და სიმყუდროვეა, მართლაც სამოთხეს ჰგავს და ცხელ ამინდში აქ სტუმრობაზე უარს ვერავინ იტყვის…
მოკლედ ბულვარის ადმინისტრაციამ კარგი მასპინძლობისთვის ყველაფერი გააკეთა, ბათუმი და ბათუმელები აქტიურად ვემზადებით საზაფხულო სეზონისათვის.

                                                                                        სალომე კახაძე