წინასიტყვაობა
2025 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა. მომდევნო კვირებში საჯარო სივრცეში გაჩაღდა დისკუსია – ან უფრო სწორად, პოლემიკა. ვწერდი ცალკეულ პუბლიკაციებს, ვპასუხობდი სხვადასხვა პოზიციას, ვეხმაურებოდი გაჟღერებულ არგუმენტებს.
მალე გავაცნობიერე, რომ საჭირო იყო სისტემატიზაცია. ცალკეული პუბლიკაციები პასუხობდა მომენტს, მაგრამ არ ქმნიდა სრულ სურათს. ასე დაიბადა რვა ეპისტოლარული წერილი, რომლებშიც თანმიმდევრულად განვიხილე რეფორმის ფუნდამენტური საკითხები: პროგრამის ხანგრძლივობა და ევროპული კონტექსტი; აკადემიური პერსონალის თანაფარდობა; უნივერსიტეტების პროფილირება და ავტონომია; დაფინანსების მოდელი; რეგიონული განზომილება; ხარისხის უზრუნველყოფა; შრომის ბაზარი და მეზოდონის რეგიონის სპეციფიკა.
ჩემი პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო: რეფორმა სწორი მიმართულებაა. ეს არ იყო პოლიტიკური ლოიალობა – ეს იყო ანალიზის შედეგი. წლების განმავლობაში, როგორც რეგიონული ეკონომიკისა და უმაღლესი განათლების პოლიტიკის მკვლევარი, ვწერდი იმავე პრინციპებზე, რომლებიც რეფორმაში აისახა: რეგიონების გაძლიერება, რესურსების რაციონალური განაწილება, განათლების სისტემის შესაბამისობა შრომის ბაზრის რეალობასთან.
ერთი თეზისი გასდევს ყველა წერილს: ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს.
წერილები კრიტიკულ შენიშვნებსაც შეიცავს – იმის შესახებ, რაც განხორციელებისას ყურადღებას მოითხოვს. შევთავაზე ალტერნატიული თანაფარდობები აკადემიური პერსონალისთვის, მოვუწოდე რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებისკენ, წამოვაყენე აჭარის, როგორც საპილოტე რეგიონის, იდეა.
ეპისტოლარული ჟანრი შემთხვევით არ ავირჩიე. “ძვირფასო კოლეგა” – ეს მიმართვა გამოხატავს რწმენას, რომ აკადემიურ საზოგადოებას შეუძლია დიალოგი. განვასხვავე დისკუსია პოლემიკისგან: დისკუსიაში არგუმენტები იხვეწება და ჭეშმარიტებას ვეძებთ; პოლემიკაში მხარეები პოზიციებს იცავენ. მე დისკუსიას ვეძებდი.
ეს კრებული იწყება რვა ეპისტოლარული წერილით, რომლებიც რეფორმის სისტემატიზირებულ ანალიზს წარმოადგენს. დანართში მოცემულია ცალკეული პუბლიკაციები – იმ თანმიმდევრობით, როგორც იწერებოდა, 2025 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე. ისინი რჩება დოკუმენტად იმ თვეებისა, როდესაც საქართველოს უმაღლესი განათლება ახალ ეტაპზე გადადიოდა.
თქვენი კოლეგა აჭარიდან
წერილი პირველი
ძვირფასო კოლეგა, დიდი ხანია ვფიქრობ, რომ უნდა მოგწეროთ. არა იმიტომ, რომ თქვენი დარწმუნება მინდა – დარწმუნება ან გადარწმუნება საერთოდ არაპროდუქტიული ჟანრია აკადემიურ დისკურსში. მინდა რომ ერთად გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე.
ბოლო კვირეებია ბევრს ვისმენთ იმას, რასაც “უცნაურ არითმათემატიკას” დავარქმევდი. მავანი ამბობს: სტუდენტი წელიწადში 60 კრედიტს გადის, 240 კრედიტს სამ წელში როგორ ჩაატევენო? ეს არგუმენტი იმდენად ხშირად ჟღერს, რომ უკვე აქსიომის სტატუსი მიიღო. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში რთული განხილვის ობიექტიც კი იყო. თუმცა აქსიომებიც გადამოწმებას საჭიროებს – ეს ხომ მეცნიერების ანაბანაა.
მოდით მართლაც დავთვალოთ. 180-კრედიტიანი პროგრამა სამ წელში – ეს წელიწადში 60 კრედიტია. ზუსტად იმდენი, რამდენიც 240-კრედიტიანი პროგრამა ოთხ წელში. თუმცა არავინ არავის სთხოვს 240 კრედიტის სამ წელში “ჩატევას”. ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია. საქმე არ ეხება კრედიტების მექანიკურ შემცირებას, საუბარია საგანმანათლებლო პროგრამების გონივრულ რესტრუქტურიზაციაზე.
2019 წელს საქართველოს განათლების მინისტრის №69/ნ ბრძანებით დამტკიცდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) მოთხოვნებს. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა, უნარი და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის მისაღებად.
ამის შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დააორგანიზა დარგობრივი მახასიათებლების შექმნის პროცესი. დარგობრივი მახასიათებლები კვალიფიკაციების ჩარჩოს აკონკრეტებს – თითოეული დარგისთვის განსაზღვრავს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სწავლის მიზნებსა და შედეგებს. და აი, აქ იბადება უმთავრესი კითხვა: თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოთი და დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული კომპეტენციები – ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ბაკალავრი უნდა აკმაყოფილებდეს – მიღწევადია 180 კრედიტში, დანარჩენი 60 კრედიტი რას ემსახურება?
თქვენ იტყვით: სიღრმეს, ფუნდამენტურობას, განათლების სისრულეს. გავიგე, ესეც არგუმენტია. მაგრამ მაშინ უნდა დავასაბუთოდ, რომ ოთხწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული რეალურად უფრო კომპეტენტურია, ვიდრე სამწლიანის. ევროპის გამოცდილება ამას არ და ვერ ადასტურებს. დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, ფინეთის და ა.შ. სამწლიანი პროგრამების კურსდამთავრებულები არც ნაკლებად კომპეტენტურები არიან, არც ნაკლებად წარმატებულები შრომის ბაზარზე.
მაშინ რა რჩება? რჩება დრო და ფული. სტუდენტის დრო – ცხოვრების ერთი წელი, რომელიც შეიძლება პროფესიული გამოცდილების დაგროვებას მოხმარდეს. სტუდენტის ფული – ან მისი ოჯახის, ან სახელმწიფოს. წარმოიდგინეთ ოჯახი, რომელიც ოთხი წელი აფინანსებს შვილის განათლებას რეგიონიდან თბილისში. მათთვის ეს ერთი წელი აბსტრაქცია ნამდვილად არ არის.
ვიცი, რასაც მეტყვით: განათლება ინვესტიციაა და არა ბანალური ხარჯი. სრულიად გეთანხმებით. მაგრამ ინვესტიციის ეფექტიანობა ფასდება შედეგით, და არა ხანგრძლივობით. თუ იგივე შედეგს – იმ კომპეტენციებს, რომლებსაც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და დარგობრივი მახასიათებელი ითხოვს – ნაკლები დანახარჯით ვაღწევთ, მაშინ ეს კარგი ინვესტიციაა.
ეს პირველი წერილია. შემდეგში იმაზე მოგწერთ, რას გვეუბნება ევროპის გამოცდილება – და რატომ არის 3+1+1 მოდელი არა ქართული სიახლე, არამედ ევროპული ნორმა.
წერილი მეორე
ძვირფასო კოლეგა, პირველ წერილში დაგპირდით, რომ ევროპულ გამოცდილებაზე მოგწერდით. დანაპირებს ვასრულებ.
როდესაც საქართველომ 2005 წელს ბოლონიის პროცესს შეუერთდა, ქვეყანამ აიღო ვალდებულება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციაზე. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა.
ბოლონიის დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპი საფეხურებრივი სისტემაა: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. თუმცა ერთ რამეს ყურადღება მიაქციეთ: დეკლარაცია ადგენს, რომ პირველი ციკლი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ სამი წელი. მინიმუმ – და არა ზუსტად ოთხი. ევროპის კვალიფიკაციების ჩარჩო კი 180-დან 240 კრედიტამდე დიაპაზონს ითვალისწინებს. ოთხწლიანი ბაკალავრიატი ჩვენი არჩევანია, და არა ევროპული მოთხოვნა.
მოდით, ევროპის საგანმანათლებლო ლანდშაფტს თვალი გადავავლოთ.
დიდი ბრიტანეთი, უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანა. ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი – სამწლიანი ბაკალავრიატი. იტალია – ბოლონიის უნივერსიტეტი, ევროპის უძველესი უნივერსიტეტი, სწორედ ის ადგილი, სადაც ბოლონიის პროცესი დაიბადა – სამწლიანი ბაკალავრიატი. ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, ფინეთი – ყველგან 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამები წარმატებით ფუნქციონირებს.
ეს შემთხვევითობა არ არის. ევროპულმა აკადემიურმა საზოგადოებამ, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებით, დაასკვნა: სამი წელი საკმარისია ბაკალავრის კომპეტენციების ფორმირებისთვის, თუ პროგრამა სწორადაა სტრუქტურირებული და ფოკუსირებული. სწორედ ეს არის საკვანძო – “სწორად სტრუქტურირებული”. არა მექანიკურად შეკვეცილი, არამედ თავიდან გააზრებული.
მესმის თქვენი კითხვა: კარგი, ევროპაში ასეა, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა კონტექსტი გვაქვს? სამართლიანი შენიშვნაა. მაგრამ მაშინ უნდა დავაკონკრეტოთ – რა კონტექსტი? თუ იგულისხმება, რომ ქართველი სტუდენტი უფრო ნელა სწავლობს, ვიდრე ევროპელი – ეს მცდარი დაშვებაა, რომელსაც არანაირი ემპირიული საფუძველი არ გააჩნია. თუ იგულისხმება, რომ ჩვენი უნივერსიტეტები ნაკლებეფექტურია – მაშინ პრობლემა სწორედ ეფექტიანობაშია და არა სწავლების ხანგრძლივობაში. პროგრამის გაწელვა არასდროს ყოფილა ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტი.
საქართველოსთვის 3+1+1 მოდელზე გადასვლას კონკრეტული უპირატესობები აქვს. პირველი – იზრდება ქართული დიპლომებისა და კვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარება და თავსებადობა. როდესაც ქართული და ევროპული პროგრამები იდენტურ სტრუქტურას იზიარებენ, მარტივდება კრედიტების აღიარება, გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი დიპლომები. მეორე – უმჯობესდება სტუდენტთა მობილობა. ქართველ სტუდენტს უადვილდება ევროპულ უნივერსიტეტებში გადასვლა ან სწავლის გაგრძელება. მესამე – იხსნება შესაძლებლობა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რაც ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობას ზრდის.
საბოლოოდ, ეს არის არჩევანი: გვინდა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროპულ შრომის ბაზარზე, თუ გვირჩევნია შევინარჩუნოთ სისტემა, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არის გასაგები? ეს რიტორიკული კითხვა არ არის. პასუხი, რომელსაც გავცემთ, განსაზღვრავს ჩვენი სტუდენტების მომავალს.
შემდეგ წერილში აკადემიური პერსონალის თანაფარდობის საკითხს შევეხები – იმ “1:2:10 ფორმულას”, რომელიც ბოლო დროს ასე ხშირად ისმის.
წერილი მესამე
ძვირფასო კოლეგა, წინა წერილში აკადემიური პერსონალის თანაფარდობაზე ვისაუბრეთ. დღეს ორ ურთიერთდაკავშირებულ თემას შევეხები: უნივერსიტეტების პროფილირებას და დაფინანსების ახალ მოდელს. ეს ორი საკითხი ერთი ლოგიკის ნაწილია და მათი ცალ-ცალკე განხილვა სურათს არასრულს გახდიდა.
პროფილირება… სიტყვა, რომელმაც ბევრი კოლეგა შეაშფოთა. კრიტიკოსები მას “ავტონომიაში ჩარევად” მოიხსენიებენ, ზოგი უფრო მკვეთრადაც გამოთქვამს შეშფოთებას. მესმის ეს შეშფოთება – ავტონომია უნივერსიტეტისთვის ჰაერივით აუცილებელია. მაგრამ მოდით, სანამ დასკვნებს გამოვიტანთ, განვიხილოთ, რას ნიშნავს პროფილირება სინამდვილეში.
პროფილირება არ ნიშნავს უნივერსიტეტისთვის რაღაცის აკრძალვას. ის ნიშნავს პრიორიტეტების განსაზღვრას – რომელ მიმართულებებში აქვს კონკრეტულ უნივერსიტეტს კონკურენტული უპირატესობა, სად არის მისი ძლიერი მხარე, რა არის მისი უნიკალური წვლილი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.
საერთაშორისო გამოცდილება სწორედ ამას ადასტურებს. ფინეთში 2010 წელს სამი უნივერსიტეტი – ჰელსინკის ტექნოლოგიური, ჰელსინკის ეკონომიკის სკოლა და ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი – გაერთიანდა და შეიქმნა Aalto University. მიზანი იყო რესურსების კონცენტრაცია და ინტერდისციპლინური სინერგია. შედეგი? დღეს Aalto QS რეიტინგში 114-ე ადგილზეა. დანიამ 2007 წელს 12 უნივერსიტეტი 8-ად აქცია – და ხარისხი კი არ დაეცა, არამედ გაიზარდა. ესტონეთი, ჩვენზე მცირე ქვეყანა, შეგნებულად ინარჩუნებს მკაფიო სპეციალიზაციას: ტარტუ – კლასიკური და ფუნდამენტური მეცნიერებები, ტალინის ტექნიკური – საინჟინრო მიმართულებები.
რა გვაქვს საქართველოში? გვაქვს ათეულობით უნივერსიტეტი, რომლებიც ერთსა და იმავე პროგრამებს ახორციელებენ, ერთმანეთს კონკურენციას უწევენ სტუდენტებზე, რესურსებზე. შედეგად – ვერც ერთი ვერ აღწევს იმ კრიტიკულ მასას, რომელიც საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისთვის საჭიროა. ყველა ცოტას აკეთებს ყველაფერში, ნაცვლად იმისა, რომ ვინმემ ბევრი გააკეთოს ერთში.
ახლა შევეხოთ ავტონომიის საკითხს უფრო დეტალურად, რადგან ეს ბრალდება ყველაზე ხშირად ისმის.
რა არის უნივერსიტეტის ავტონომია? ეს არის აკადემიური თავისუფლება – თავისუფლება ასწავლო ის, რაც მეცნიერულად დასაბუთებულია; თავისუფლება იკვლიო ის, რაც აქტუალურია; თავისუფლება გამოხატო შეხედულება პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. ეს არის უნივერსიტეტის არსებობის საფუძველი და მისი დაცვა ნამდვილად წმინდა საქმეა.
მაგრამ ავტონომია არ ნიშნავს იზოლაციას საზოგადოებისგან. უნივერსიტეტი, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტი, არ არსებობს ვაკუუმში. იგი საზოგადოების ნაწილია, საზოგადოების რესურსებით ფინანსდება და საზოგადოების წინაშეა პასუხისმგებელი.
რეფორმა ითვალისწინებს, რომ სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელი უნივერსიტეტი რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება – სად კონცენტრირდეს რესურსი, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მაგრამ ყურადღება: ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო კარნახობს, რა ისწავლება ამა თუ იმ პროგრამებში, როგორ ისწავლება, ვინ ასწავლის ან რას იკვლევს.
საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება, შეფასება, შინაარსის განსაზღვრა, სწავლების მეთოდოლოგიის შერჩევა, აკადემიური პერსონალის შერჩევა, კვლევითი პრიორიტეტების დადგენა, სტუდენტთა შეფასების სისტემა – ეს ყველაფერი რჩება უნივერსიტეტის კომპეტენციაში. ეს არის ავტონომიის ბირთვი, და მას არავინ ეხება.
ანალოგია მოვიყვანოთ… წარმოიდგინეთ ჯანდაცვის სისტემა. სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ კონკრეტულ რეგიონში საჭიროა კარდიოლოგიური ცენტრი და არა ონკოლოგიური – ეს არის რესურსების განაწილების სტრატეგიული გადაწყვეტილება. დიახ, სახელმწიფო ამტკიცებს მკურნალობის გაიდლაინებსაც – მაგრამ ეს გაიდლაინები თავად ექიმების, სამედიცინო ასოციაციების, კლინიკური ექსპერტების მიერ მუშავდება. სახელმწიფო იმის ფორმალიზებას ახდენს, რაც პროფესიონალებმა შეიმუშავეს. კონკრეტული პაციენტის მკურნალობა კი ექიმის პროფესიული გადაწყვეტილებაა.
იგივე ლოგიკა მოქმედებს განათლებაში. სახელმწიფო ამტკიცებს სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის დარგობრივ მახასიათებლებს – მაგრამ ისინი აკადემიური პერსონალის, დარგობრივი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით იქმნება. სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რომელიმე უნივერსიტეტის პროფილია ფინანსები, განათლების მეცნიერებები, რეგიონული ეკონომიკა. მაგრამ როგორ ისწავლება ფინანსები, რა კურსებს მოიცავს პროგრამა, ვინ ასწავლის და როგორ ფასდება სტუდენტი – ეს უნივერსიტეტის, აკადემიური პერსონალის თავისუფლებისა და კომპეტენციის საქმეა.
ავტონომიის ნამდვილი საფრთხე სხვაგან არის – როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს გავლენა მოახდინოს სასწავლო შინაარსზე, როდესაც ზეწოლა ხდება კონკრეტულ პროფესორებზე, როდესაც კვლევის თავისუფლება იზღუდება. ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ – ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. მაგრამ პროფილირება – რომელ უნივერსიტეტს რა მიმართულება აქვს – ეს სხვა კატეგორიის საკითხია.
ახლა გადავიდეთ დაფინანსებაზე – და სწორედ აქ იჩენს თავს პროფილირების ნამდვილი ლოგიკა.
რეფორმა გულისხმობს სახელმწიფო დაკვეთის სისტემის შემოღებას. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? სახელმწიფო განსაზღვრავს, რა დარგის სპეციალისტები სჭირდება ქვეყანას – რამდენი ექიმი, რამდენი ინჟინერი, რამდენი პედაგოგი, რამდენი აგრონომი. შემდეგ განსაზღვრავს, რომელ უნივერსიტეტს აქვს შესაბამისი პოტენციალი ამ კადრების მოსამზადებლად და აფინანსებს – სრულად (!).
ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, სწავლის საფასურს არ გადაიხდის. არა ნაწილობრივ, არა გრანტის ოდენობით – სრულად. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება არსებულ მოდელთან შედარებით.
დღევანდელი სისტემა როგორ მუშაობს? სტუდენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, იღებს გრანტს ქულების მიხედვით – 100%, 70%, 50% ან არაფერს. გრანტი მიჰყვება სტუდენტს. ეს სისტემა თავის დროზე პროგრესული იყო, მაგრამ დღეს მისი ხარვეზები აშკარაა.
პირველი – სისტემა არ არის დაკავშირებული ქვეყნის რეალურ საჭიროებებთან. თუ ათასი სტუდენტი ირჩევს სამართალს, ან ბიზნესის ადმინისტრირებას და ათი – აგრონომიას, სახელმწიფო ორივეს ერთნაირად აფინანსებს, მიუხედავად იმისა, რომ აგრონომები ქვეყანას გაცილებით მეტად სჭირდება.
მეორე – უნივერსიტეტები იძულებულნი არიან “სტუდენტებზე ნადირობდნენ”. რაც მეტი სტუდენტი, მით მეტი დაფინანსება. ეს ქმნის არასწორ სტიმულს – რაოდენობაზე ორიენტაციას ხარისხის ნაცვლად.
მესამე – რეგიონული უნივერსიტეტები უთანასწორო მდგომარეობაში არიან. თბილისის უნივერსიტეტებს აქვთ ბუნებრივი უპირატესობა – მეტი აბიტურიენტი, მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი “პრესტიჟი”. რეგიონული უნივერსიტეტები კი იძულებულნი არიან “იმით, რაც დარჩა” პრინციპით იარსებონ.
სახელმწიფო დაკვეთის სისტემა ამ სამივე პრობლემას აგვარებს.
პირველი – დაფინანსება უკავშირდება რეალურ საჭიროებას. თუ ქვეყანას სჭირდება აგრონომები, სახელმწიფო დააკვეთს აგრონომების მომზადებას და დააფინანსებს შესაბამის პროგრამებს.
მეორე – უნივერსიტეტი იღებს სტაბილურ, პროგნოზირებად დაფინანსებას. აღარ არის საჭირო “სტუდენტებზე ნადირობა” – არის სახელმწიფო დაკვეთა, არის ვალდებულება, არის რესურსი.
მესამე – რეგიონული უნივერსიტეტები იძენენ ახალ როლს. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ რეგიონს სჭირდება კონკრეტული სპეციალისტები – რეგიონული უნივერსიტეტი ხდება ამ მიმართულების ცენტრი, შესაბამისი დაფინანსებით.
აქ იკვეთება პროფილირებისა და დაფინანსების კავშირი. პროფილირება უპასუხებს კითხვას “ვინ რას აკეთებს”, დაფინანსება კი – “როგორ უზრუნველვყოფთ ამას”. ერთი მეორის გარეშე არ მუშაობს.
რა თქმა უნდა, კითხვები რჩება. სახელმწიფო დაკვეთის მოცულობა შრომის ბაზრის სისტემატური კვლევის შედეგად უნდა განისაზღვროს – და ეს კვლევა გამჭვირვალე, მეთოდოლოგიურად სანდო უნდა იყოს. რომელ უნივერსიტეტს რა მიმართულება ექნება – ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს უნივერსიტეტის რეალურ პოტენციალს, არსებულ კადრებს, ინფრასტრუქტურას, ტრადიციებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი: როგორ დაიცავს სისტემა თავს პოლიტიკური კონიუნქტურისგან? ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, რომელზეც პასუხი დეტალურ რეგულაციებში უნდა მოიძებნოს. და აქ აკადემიური საზოგადოების ხმა გადამწყვეტია – არა რეფორმის წინააღმდეგ ყვირილით, არამედ კონსტრუქციული წინადადებებით.
თუმცა პრინციპი, ჩემი აზრით, სწორია: სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რა დარგის სპეციალისტები სჭირდება; უნდა განსაზღვროს, სად მომზადდება ეს კადრები; და უნდა დააფინანსოს ეს პროცესი სრულად. ეს არ არის ავტონომიის შეზღუდვა – ეს არის პასუხისმგებლობის გადანაწილება სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის.
შემდეგ წერილში რეგიონულ განზომილებას დავუბრუნდები – რატომ არის რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონებისთვის.
წერილი მეოთხე
ძვირფასო კოლეგა, სანამ რეგიონულ განზომილებაზე გადავიდოდე, ერთი დაზუსტება. ბოლო დღეებში არაერთხელ მკითხეს: საიდან მაქვს ინფორმაცია, რატომ ვწერ, ვინ დამავალა, ხომ არ ვიცი რაღაც, რაც სხვებმა არ იციან? პასუხი მარტივია: არაფერი “საკრალური” არ ვიცი. ვიცი ზუსტად იმდენი, რამდენიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. მაგრამ ამ ინფორმაციას ვაანალიზებ და ვაყალიბებ პოზიციას. სწორედ ამისთვის ავირჩიე ეპისტოლარული ჟანრი – არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ფაქტებს ვფლობ, რომლებიც სხვას არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ნააზრევის გადმოცემის საუკეთესო ფორმაა.
ახლა კი – რეგიონული განზომილება.
დავიწყოთ რეალობის კონსტატაციით. დღეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა თბილისოცენტრულია. სტატისტიკა აშკარაა: სტუდენტების უმრავლესობა დედაქალაქში სწავლობს, რესურსები დედაქალაქში კონცენტრირდება, დედაქალაქს ბუნებრივი მიმზიდველობა აქვს.
და აქ მნიშვნელოვანია განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას გუშინდელი განცხადება: ბათუმისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები რეგიონულ დონეზე ცალკე განიხილება. ეს არის პირველი ოფიციალური სიგნალი იმისა, რომ რეფორმა აღიარებს რეგიონული უნივერსიტეტების განსაკუთრებულ სტატუსს.
კრიტიკოსები იტყვიან: პროფილირება შეზღუდავს რეგიონულ უნივერსიტეტებს. აქ საჭიროა ერთი მნიშვნელოვანი გარემოების დაზუსტება. რეგიონული უნივერსიტეტი არ ნიშნავს სუსტ უნივერსიტეტს. ბათუმის უნივერსიტეტს, მაგალითად, აქვს ძლიერი აკადემიური მიმართულებები, აქვს კვლევითი ტრადიცია, ყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. ამ შემთხვევაში “რეგიონული” არის გეოგრაფიული აღნიშვნა, არა ხარისხობრივი. ბსუ არის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც რეგიონში მდებარეობს – და ეს განსხვავებაა.
პრობლემა არ არის რეგიონული უნივერსიტეტების ხარისხი – პრობლემა საკუთრივ სისტემაა, რომელიც სტრუქტურულად უპირატესობას ანიჭებს დედაქალაქს. როცა დაფინანსება სტუდენტს მიჰყვება, თბილისის უნივერსიტეტებს ბუნებრივი უპირატესობა აქვთ – დედაქალაქის მიმზიდველობა, ინფრასტრუქტურა, კონცენტრაცია. ეს არ არის თბილისის დამსახურება და არც რეგიონის ნაკლი – ეს არის გეოგრაფია და ეკონომიკა.
რეფორმა ამ სტრუქტურულ დისბალანსს აღმოფხვრის. პროფილირება და სახელმწიფო დაკვეთა რეგიონულ უნივერსიტეტებს აძლევს არა “დაცვას”, არამედ სამართლიან პირობებს – მკაფიო მისიას, სტაბილურ დაფინანსებას, შესაძლებლობას კიდევ უფრო გააძლიერონ თავისი უპირატესობები.
ამასთან არის კიდევ ერთი განზომილება, რომელიც იშვიათად ჟღერს: რეგიონული უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება – ის არის რეგიონის ინტელექტუალური და კულტურული ცენტრი. უნივერსიტეტი რეგიონს აძლევს არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ იდეებს, კვლევას, კულტურულ იმპულსს. ეს არის ინტელექტუალური გრავიტაციის ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს რეგიონში უკეთესი მომავალის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, და ძლიერ რეგიონს სჭირდება ძლიერი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. რეფორმას შეუძლია ამ ხედვის რეალიზება – თუ სწორად განხორციელდება.
შემდეგ წერილში ხარისხის უზრუნველყოფაზე ვისაუბრებ. ხოლო შრომის ბაზრისა და დასაქმების წერილში დავუბრუნდები რეგიონულ თემას უფრო დეტალურად – განსაკუთრებით აჭარის, როგორც მეზოდონის რეგიონის, უნიკალურ სტატუსსა და პოტენციალს.
წერილი მეხუთე
ძვირფასო კოლეგა, გუშინ პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. რეფორმა ძალაშია. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – განხორციელება: შრომის ბაზრის კვლევა, პროგრამების განსაზღვრა, უნივერსიტეტების პროფილირება. სწორედ ამ ეტაპზე გადაწყდება, რეფორმა წარმატებული იქნება თუ არა.
დღეს ხარისხის უზრუნველყოფაზე მინდა ვისაუბრო – და არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულ კონტექსტში: როგორ უკავშირდება ხარისხი დაფინანსების მოდელს, ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას.
ბოლო დღეებში ჩემი წერილების ირგვლივ საინტერესო დისკუსია დაიწყო. შევნიშნე ერთი თავისებურება: კრიტიკული შეფასებები ხშირად არა უშუალოდ წერილებზე იწერება, არამედ ცალკე ინიცირდება და იქ გადადის პოლემიკაში. დისკუსია და პოლემიკა განსხვავებული რამაა: დისკუსიაში არგუმენტები იხვეწება და ჭეშმარიტებას ვეძებთ, პოლემიკაში კი მხარეები საკუთარ პოზიციებს იცავენ და ჭეშმარიტება ვერ დგინდება. მე დისკუსიას ვეძებ.
მაშ ასე, ხარისხის უზრუნველყოფა.
რა გვაქვს დღეს? გრანტზე დაფუძნებული სისტემა, სადაც დაფინანსება სტუდენტს მიჰყვება. თეორიულად – კონკურენცია ხარისხისთვის. პრაქტიკულად – კონკურენცია რაოდენობისთვის. უნივერსიტეტები რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მოზიდვას ესწრაფოდნენ, რადგან მეტი სტუდენტი ნიშნავს მეტ დაფინანსებას. შედეგი? ხარისხი ხშირად რაოდენობას ეწირებოდა.
რას გვთავაზობს რეფორმა? სრულ სახელმწიფო დაფინანსებას, რომელიც დაკავშირებულია შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან. უნივერსიტეტი იღებს სტაბილურ, პროგნოზირებად დაფინანსებას – და აღარ არის დამოკიდებული სტუდენტების რაოდენობაზე. ეს ქმნის საფუძველს ხარისხზე ფოკუსირებისთვის.
კრიტიკოსები ამბობენ: სახელმწიფო დაფინანსება ნიშნავს სახელმწიფო კონტროლს, “სტაბილური დაფინანსება” გადაიქცევა “სტაბილურ დამოკიდებულებად”. მესმის ეს შეშფოთება. მაგრამ დავსვათ საპირისპირო კითხვა: რა არის უკეთესი საფუძველი აკადემიური თავისუფლებისთვის – ქრონიკული საფინანსო არასტაბილურობა თუ გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსება?
აკადემიური თავისუფლება ვაკუუმში არ არსებობს. მას სჭირდება მატერიალური საფუძველი. როცა უნივერსიტეტი მუდმივად ფინანსურ გადარჩენაზე ფიქრობს, რა აკადემიურ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი? სრული სახელმწიფო დაფინანსება სწორედ ამ მატერიალურ საფუძველს ქმნის.
კიდევ ერთი არგუმენტი: “სახელმწიფო განსაზღვრავს რა პროგრამა სად იარსებებს – ეს ავტონომიის დარღვევაა”. აქ პრინციპული გამიჯვნაა საჭირო. პროგრამის არსებობის ადგილის განსაზღვრა და პროგრამის შინაარსზე ჩარევა – ეს ორი სხვადასხვა კატეგორიაა. პირველი არის საჯარო რესურსის სტრატეგიული მართვა – ლეგიტიმური სახელმწიფო ფუნქცია. მეორე იქნებოდა ავტონომიის დარღვევა – და რეფორმა ამას არ აკეთებს.
უნივერსიტეტის ავტონომიის საყრდენი რჩება ხელუხლებელი: საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სწავლების მეთოდოლოგია, აკადემიური პერსონალის შერჩევა, კვლევითი პრიორიტეტები – ეს ყველაფერი უნივერსიტეტის კომპეტენციაა. სახელმწიფო დაკვეთით ივსება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, შემდეგ უნივერსიტეტი თავად, მისიის და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, აკომპლექტებს ხარჯვით ნაწილს – მათ შორის კვლევებზე. ეს არის რეალური ავტონომია, არა დეკლარაციული.
ახლა – ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. რეფორმის წარმატება დამოკიდებულია რამდენიმე კრიტიკულ ფაქტორზე:
პირველი – შრომის ბაზრის კვლევის ხარისხი. თუ სახელმწიფო დაკვეთა დაეფუძნება არასწორ ან მოძველებულ მონაცემებს, მთელი სისტემა წარუმატებელი იქნება. კვლევა უნდა იყოს სისტემატური, მეთოდოლოგიურად სანდო და გამჭვირვალე.
მეორე – აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. პროგრამების შეფასება უნდა იყოს ობიექტური და დამოუკიდებელი.
მესამე – მონიტორინგი და უკუკავშირი. რეფორმა არ არის სტატიკური დოკუმენტი. საჭიროა მუდმივი მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში – კორექტირება.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ხარისხი არ იზომება მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლებით. კურსდამთავრებულთა დასაქმება მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. უნივერსიტეტის მისია უფრო ფართოა – ის ქმნის არა მხოლოდ სპეციალისტებს, არამედ მოქალაქეებს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს, საზოგადოების ინტელექტუალურ ბირთვს.
რეფორმა ძალაშია. ახლა ყველაფერი განხორციელებაზეა დამოკიდებული. და აქ აკადემიური საზოგადოების ხმა გადამწყვეტია – არა პოლემიკით, არამედ კონსტრუქციული მონაწილეობით.
შემდეგ წერილში შრომის ბაზარზე ვისაუბრებ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფოკუსით. განვიხილავ რეგიონის უნიკალურ სამართლებრივ-პოლიტიკურ სტატუსს, მის სოციალურ-ეკონომიკურ კომპლექსს და იმას, თუ როგორ უნდა გაითვალისწინოს შრომის ბაზრის კვლევამ მეზოდონის რეგიონის სპეციფიკა.
წერილი მეექვსე
ძვირფასო კოლეგა, რეფორმა ძალაშია. მთავრობის მიერ გაცხადებულია, რომ დაწყებულია ყველაზე კრიტიკული ეტაპი – შრომის ბაზრის კვლევა, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რომელი პროგრამები განხორციელდება და სად. რეფორმის წარმატება სწორედ ამ კვლევის ხარისხზეა დამოკიდებული.
როგორც რეგიონული ეკონომიკის და რეგიონალიზმის პრობლემატიკის მკვლევარი, წლების განმავლობაში ვწერდი იმაზე, რომ საქართველოს განვითარება შეუძლებელია რეგიონების გაძლიერების გარეშე, რომ მეზოდონის რეგიონებს სჭირდებათ საკუთარი განვითარების პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობა, რომ განათლების სისტემა უნდა პასუხობდეს რეგიონულ სპეციფიკას. დღეს ვხედავ, რომ ეს პრინციპები რეფორმაში ასახულია – და ეს მაძლევს საფუძველს, რომ კვლავ მხარი დავუჭირო მას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განცხადება, რომ ბათუმისა და სოხუმის უნივერსიტეტები რეგიონულ დონეზე ცალკე განიხილება, არის სწორედ ის სიგნალი, რომელსაც ველოდი. სახელმწიფომ აღიარა რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინების აუცილებლობა.
მაშ ასე, რა უნდა გაითვალისწინოს შრომის ბაზრის კვლევამ აჭარის შემთხვევაში?
აჭარა არ არის უბრალოდ ერთ-ერთი რეგიონი. ის არის ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკა შესაბამისი სამართლებრივ-პოლიტიკური სტატუსითა და მძლავრი სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსით. რეგიონული ეკონომიკის თეორიის მიხედვით, ეს არის კლასიკური მეზოდონის რეგიონი – საკმარისი ადმინისტრაციული, ეკონომიკური და ინსტიტუციური რესურსით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტიანად განახორციელოს განვითარების პოლიტიკა.
მეზოდონის რეგიონი არის ეროვნული ეკონომიკის პროექცია – მასში, შესაბამისი მასშტაბით, წარმოდგენილია ყველა ის სექტორი და ფუნქცია, რომელიც ეროვნულ დონეზე არსებობს. აჭარაში ფუნქციონირებს ეკონომიკის რეალური სექტორი – მრეწველობა, მშენებლობა, საპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრარული წარმოება. განვითარებულია მომსახურების სფერო – ფინანსები, ვაჭრობა, ტურიზმი. მოქმედებს სოციალური ინფრასტრუქტურა – განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა. არსებობს კულტურის ინსტიტუციები – თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ფუნქციონირებს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. ეს არის სრულფასოვანი, თვითკმარი სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსი – და თითოეულ მის კომპონენტს სჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე უნდა მომზადდნენ.
აჭარას აქვს ის, რაც სხვა რეგიონებს არ აქვთ – ინსტიტუციური შესაძლებლობა. ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია რესპუბლიკური ბიუჯეტიდან თანადაფინანსება, სტუდენტთა სტაჟირების უზრუნველყოფა, დასაქმების სტიმულირება. ეს არის რეალური სინერგიის შესაძლებლობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
ახლა – უნივერსიტეტის როლზე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს არის რეგიონის მრავალპროფილური კლასიკური უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამებს, ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. უნივერსიტეტის სტრუქტურაში შედის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ბსუ არის რეგიონის ინტელექტუალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი სეგმენტი.
უნივერსიტეტის კვლევითი პრიორიტეტები პირდაპირ გამომდინარეობს რეგიონის სპეციფიკიდან: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურის შესწავლა; შავი ზღვის შემსწავლელი კვლევები; ბიომრავალფეროვნებისა და აგრარული მიმართულების კვლევები; რეგიონული ეკონომიკის მოდელირება. ეს კვლევები უზრუნველყოფს ეკონომიკის მეცნიერულ მხარდაჭერას – იმას, რაც თანამედროვე განვითარებისთვის აუცილებელია.
ეს არ არის აბსტრაქტული აკადემიური საქმიანობა. ეს არის რეგიონის განვითარების ინტელექტუალური საფუძველი. უნივერსიტეტი ემსახურება ქვეყნის მდგრად განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ ძლიერებას – და ამას აკეთებს კონკრეტულ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ კონტექსტში.
სამწუხაროდ, აჭარის განვითარების გზაზე იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის შეზღუდვის მცდელობა. ამ ინერციის რეციდივები შემდგომ წლებშიც იჩენდა თავს. მაგრამ აჭარამ შეინარჩუნა და გააძლიერა თავისი პოტენციალი – და დღეს რეფორმა იძლევა შესაძლებლობას, ეს პოტენციალი სრულად იქნას რეალიზებული.
თუ შრომის ბაზრის კვლევა მეთოდოლოგიურად სწორად ჩატარდება, თუ რეგიონული სპეციფიკა რეალურად იქნება გათვალისწინებული, თუ მეზოდონის რეგიონს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი განვითარების პარტნიორი იყოს – აჭარა გახდება მოდელი იმისა, თუ როგორ შეუძლია ძლიერ რეგიონს გააძლიეროს მთლიანად საქართველო.
ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს. ეს არ არის ლოზუნგი – ეს არის რეგიონული ეკონომიკის აქსიომა.
შემდეგ, დასკვნით წერილში, შევაჯამებ რეფორმის ძირითად პრინციპებს და პერსპექტივებს.
წერილი მეშვიდე
ძვირფასო კოლეგა, ეს წერილი ბოლოა. შვიდი წერილი დავწერე. თითოეულში კონკრეტული საკითხი განვიხილე, თითოეულში ის კითხვა დავსვი, რომელიც საჯარო სივრცეში უფრო პოლემიკის და არა ანალიზის სახით ისმოდა.
რას ვეძებდი ამ წერილებით? ვეძებდი სიცხადეს.
პროგრამის ხანგრძლივობა. როდესაც ამბობდნენ, რომ 3+1+1 მოდელი ბოლონიის პროცესს ეწინააღმდეგება, გადავამოწმე – არ ეწინააღმდეგება. ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემების მქონე სახელმწიფოებში, ეს მოდელი წარმატებით მუშაობს. ბოლონიის პროცესი ჩარჩოა და არა შაბლონი – სწორედ ეს მოქნილობა არის მისი სიძლიერე.
ავტონომია. როდესაც ამბობდნენ, რომ პროფილირება ავტონომიის შელახვაა, გავშალე ეს ცნება და დავინახე, რომ ორ განსხვავებულ საკითხს აერთიანებენ. აკადემიური თავისუფლება ერთია – რას ასწავლი, როგორ ასწავლი, რას იკვლევ, ვის ირჩევ აკადემიურ პერსონალად. საჯარო რესურსის სტრატეგიული განაწილება კი სხვაა – სად კონცენტრირდება სახელმწიფო დაფინანსება მაქსიმალური ეფექტიანობისთვის. პირველი ავტონომიის საკითხია, მეორე – საჯარო პოლიტიკის, სახელმწიფოს ლეგიტიმური ფუნქცია.
დაფინანსება. როდესაც ამბობდნენ, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება „სტაბილურ დამოკიდებულებას” შექმნის, დავსვი შეკითხვა: რა არის აკადემიური თავისუფლებისთვის უკეთესი საფუძველი – ქრონიკული ფინანსური არასტაბილურობა თუ გარანტირებული დაფინანსება? როდესაც უნივერსიტეტი ფინანსურ გადარჩენაზე ფიქრობს, აკადემიური თავისუფლება ფიქციად რჩება.
რეგიონული განზომილება. როდესაც თბილისიდან ისმოდა კრიტიკა და რეგიონებიდან სიჩუმე, დავფიქრდი – რატომ? საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა თბილისოცენტრულია – სტუდენტების 85 %-ზე მეტი დედაქალაქში სწავლობს. ეს არ არის ხარისხის საკითხი – ეს არის სისტემის არქიტექტურა, რომელიც დედაქალაქს სტრუქტურულ უპირატესობაში აყენებს. გადავწყვიტე, ეს სიჩუმე დამერღვია.
მეზოდონის რეგიონი. აჭარა არ არის უბრალოდ რეგიონი – არის ავტონომიური რესპუბლიკა სრულფასოვანი სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსით, ეროვნული ეკონომიკის პროექცია შესაბამისი მასშტაბით. ამ სპეციფიკის გათვალისწინება რეფორმის წარმატების აუცილებელი პირობაა.
რა გამოვლინდა?
გამოვლინდა, რომ „ევროპული სტანდარტი”, რომელზეც ხშირად მიუთითებენ, რიგ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებულია. პროგრამის ხანგრძლივობა, აკადემიური პერსონალის თანაფარდობა, დაფინანსების მოდელი – თითოეულ საკითხში ევროპული ქვეყნები განსხვავებულ მიდგომებს იყენებენ. ერთგვაროვანი „ევროპული მოდელი” არ არსებობს – არსებობს ევროპული პრინციპები, რომელთა რეალიზების ფორმები მრავალფეროვანია.
გამოვლინდა, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი გაუმჯობესების გზებს კი არ ეძებდა – არამედ რეფორმის შეჩერების არგუმენტებს ეძებდა. დისკუსიაში არგუმენტები იხვეწება და ჭეშმარიტებას ვუახლოვდებით; პოლემიკაში მხარეები პოზიციებს იცავენ და ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია. მე დისკუსიას ვეძებდი.
გამოვლინდა, რომ აჭარას, როგორც მეზოდონის რეგიონს, უნიკალური ინსტიტუციური შესაძლებლობები აქვს – შრომის ბაზრის კვლევაში პარტნიორობა, პრიორიტეტული პროგრამების თანადაფინანსება, სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების სტიმულირება. ეს არის სინერგიის შესაძლებლობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.
და გამოვლინდა ისიც, რომ რეფორმაში ასახულია ის პრინციპები, რომლებზეც წლების განმავლობაში ვწერდი – რეგიონების გაძლიერება, განათლების სისტემის რეგიონულ სპეციფიკასთან შესაბამისობა, მეზოდონის რეგიონების პოტენციალის რეალიზება.
რა არის წინ?
რეფორმა ძალაშია. კანონი მიღებულია. მაგრამ კანონის მიღება დასაწყისია, არა ლოგიკური დასასრული.
შრომის ბაზრის კვლევა უნდა ჩატარდეს მეთოდოლოგიურად სწორად – სისტემატურად, პერიოდულად განახლებადი, რეგიონულად დიფერენცირებული. უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ დღევანდელი მოთხოვნა, არამედ განვითარების ტრენდი.
უნივერსიტეტების პროფილირება უნდა მოხდეს მონაცემების საფუძველზე, არა ვარაუდების. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უპასუხოს ახალ გამოწვევებს. აკადემიურმა საზოგადოებამ უნდა იპოვოს კონსტრუქციული მონაწილეობის ფორმა.
ვფიქრობ ჩვენ ბსუ-ელები მზად ვართ. ჩვენი კვლევითი პრიორიტეტები რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ეს ცოდნა რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია – და ჩვენ მზად ვართ მისი გაზიარებისთვის.
დასკვნის მაგიერ
ამ წერილებმა გამოხმაურება გამოიწვია – მხარდამჭერიც, კრიტიკულიც. მადლობა მათ, ვინც წაიკითხა და დაფიქრდა. მადლობა მათ, ვინც გამოეხმაურა – თანხმობით თუ უთანხმოებით. კრიტიკული შენიშვნები წერილებს აუმჯობესებდა, მხარდაჭერა კი პოზიციის დაფიქსირებაში მეხმარებოდა.
ამ წერილებს ერთი თეზისი გასდევს: ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. ეს რეგიონალუზმის ფუნდამენტური პრინციპია.
ვფიქრობ, აკადემიური კეთილსინდისიერება მოითხოვს თქვა ის, რაც მიგაჩნია სწორად – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პოზიცია პოპულარული არ არის. ამ წერილებით ამის გაკეთება ვცადე.
პატივისცემით, თქვენი კოლეგა აჭარიდან
დანართი: ცალკეული პუბლიკაციები რატომ 3 წელი და არა 4?
14 ნოემბერი, 2025
“რატომ უნდა ვასწავლოთ სტუდენტებს 4 წელი, როცა 3 წელიც საკმარისია?” – ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, როდესაც ვაანალიზებთ საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმას.
კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ, თითქოს შეუძლებელია 240 კრედიტის 180-ში “ჩატევა”. მაგრამ ეს მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია. საქმე არ ეხება კრედიტების მექანიკურ შემცირებას, არამედ საგანმანათლებლო პროგრამების გონივრულ რესტრუქტურიზაციას.
თითოეული პროგრამა იქმნება, მათ შორის, დარგობრივი მახასიათებლების შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სწავლის მიზნები, შედეგები. თუ ეს შეიძლება 180 კრედიტში დაიფაროს, რატომ უნდა ისწავლოს სტუდენტმა 240 კრედიტი? დარგობრივ მახასიათებლებს ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით აკადემიური პერსონალი, დამსაქმებლები, ექსპერტები. ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის მყარი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს როგორც აკადემიურ სტანდარტებს, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამები ათწლეულებია წარმატებით ფუნქციონირებს. ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია – ეს ქვეყნები არ არიან ცნობილი განათლების დაბალი ხარისხით. მათი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები არიან გლობალურ ბაზარზე.
წარმოიდგინეთ ორი სტუდენტი: ნინო და გიორგი. ნინო სწავლობს 4 წელი ძველი სისტემით, გიორგი კი – 3 წელი ახალი მოდელით. გიორგი ამთავრებს ერთი წლით ადრე, იწყებს მუშაობას და იღებს გამოცდილებას, როცა ნინო ჯერ კიდევ სწავლობს. შრომის ბაზარზე გასვლისას, გიორგის უკვე აქვს 1 წლის პრაქტიკული გამოცდილება. რომელი მათგანი იქნება უფრო კონკურენტუნარიანი?
3+1 მოდელი წარმოადგენს ოთხ მნიშვნელოვან უპირატესობას:
1. დროისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება. 3-წლიანი პროგრამა ამცირებს როგორც სწავლის დროს, ასევე ფინანსურ ხარჯებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრი ოჯახისთვის.
2. ფოკუსირებული და ინტენსიური სწავლება. ოპტიმიზებული კურიკულუმი კონცენტრირდება რეალურად საჭირო კომპეტენციებზე, აღმოფხვრის დუბლირებას და ზედმეტ საგნებს.
3. ადრეული კარიერული სტარტი. სტუდენტები ერთი წლით ადრე შედიან შრომის ბაზარზე, იღებენ გამოცდილებას და იწყებენ კარიერის შენებას.
4. საერთაშორისო ჰარმონიზაცია. 3+1 მოდელი შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც აადვილებს სტუდენტების მობილობას და აღიარებას საერთაშორისო დონეზე.
განათლების ღირებულება არ იზომება წლების ან კრედიტების რაოდენობით. ის იზომება იმით, თუ რა კომპეტენციებს იძენს სტუდენტი. უკეთესი პროგრამა 3 წელში ჯობს გაჭიანურებულ და ნაკლებად ფოკუსირებულ პროგრამას 4 წელში.
3+1 მოდელი არ არის განათლების “შემცირება” – ეს არის მისი გაუმჯობესება და მორგება 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე. ეს არის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აახლოებს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს უკეთეს შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
განათლების რეფორმა უნდა ემსახურებოდეს სტუდენტების ინტერესებს და არა პირად ამბიციებს. მოდით, მივცეთ ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ოპტიმალურ დროში, დაზოგონ რესურსები და ადრე გახდნენ წარმატებული პროფესიონალები.
რეფორმის დისკურსი და რიტორიკული ხერხები
2 ნოემბერი, 2025
საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმის ირგვლივ განვითარებული დისკურსი სულ უფრო პოლარიზებული ხდება. განსაკუთრებით საყურადღებოა რიტორიკული ხერხები, რომლებიც გამოიყენება საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და ოპონენტების დისკრედიტაციისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მიერ მიმდინარე რეფორმის 1930-იანი წლების “ტოროშელიძეების, ორაგველიძეებისა და ყალიჩავების” რეფორმებთან შედარება წარმოადგენს რთულ რიტორიკულ ხერხს, რომელიც აკადემიურ დისკურსში საგანგებო სიფრთხილეს მოითხოვს. ეს არის არა მხოლოდ ისტორიული პარალელის გავლება, არამედ “ქვეცნობიერი” ბრალდება, რომელიც მიმართულია ოპონენტების მორალური დისკრედიტაციისკენ. სტალინური რეპრესიების პერიოდთან პარალელის გავლება წარმოადგენს “reductio ad Stalinum”- ის სახეობას – მსჯელობის ხერხს, სადაც ოპონენტის პოზიცია ავტომატურად დისკრედიტირდება მისი სტალინურ-რეპრესიულ პოლიტიკასთან ასოცირებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მსგავსებების ჩვენების გარეშე ამგვარი შედარება არასრულია და, შესაბამისად, აკადემიური არგუმენტაციის კონტექსტში არასაკმარისი.
ისტორიული პარალელების გავლება ლეგიტიმური აკადემიური მეთოდია, მაგრამ მოითხოვს: კონკრეტული შინაარსობრივი ან სტრუქტურული მსგავსებების წარმოჩენას, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებას და შესადარებელი მოვლენების სრულ ანალიზს, მათ შორის განსხვავებების აღიარებას. როდესაც ეს კრიტერიუმები არ სრულდება, ისტორიული პარალელი რჩება მხოლოდ რიტორიკულ ხერხად და არა აკადემიურ არგუმენტად.
რექტორის პოზიციონირება, როგორც ერთადერთი “ნამდვილი” აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლის, ქმნის დიქოტომიურ ნარატივს – ერთ მხარეს არის “ტანჯული გმირი”, რომელიც იცავს აკადემიურ ღირებულებებს, მეორე მხარეს კი – “კონფორმისტები”, რომლებიც “პარტიულ” დირექტივებს ემორჩილებიან. ეს ნარატიული ჩარჩო პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ის უგულებელყოფს აკადემიურ პლურალიზმს – აკადემიურ სივრცეში ლეგიტიმურია სხვადასხვა პოზიციის არსებობა, რომელთა შორის კონსენსუსი დიალოგისა და არგუმენტაციის გზით მიიღწევა. მეორეც, ეს წარმოადგენს ეთიკურ დისკრედიტაციას – კოლეგების მოტივების ავტომატური დაკავშირება პოლიტიკურ ლოიალობასთან (“პარტიული მხარდაჭერით არიან არჩეულები”) წარმოადგენს “ad hominem” ტიპის არგუმენტს, რომელიც აკადემიურ დისკურსში მიუღებელია. მესამეც, ეს ქმნის ლეგიტიმაციის მონოპოლიზაციას – განცხადება, რომ მხოლოდ ერთი რექტორი წარმოადგენს “უნივერსიტეტის მიერ არჩეულს” და “თავის აკადემიურ საზოგადოებას”, ქმნის ლეგიტიმაციის მონოპოლიას, რაც ეწინააღმდეგება აკადემიური პლურალიზმის პრინციპს.
განცხადება, რომ “რექტორები პარტიული მხარდაჭერით არიან არჩეულები და კუთვნილებაც არა უნივერსიტეტთან და აკადემიურ საზოგადოებასთან, არამედ პარტიასთან აქვთ”, წარმოადგენს ფალსიფიკაციას, რომელიც შეუძლებელია გადამოწმდეს ან დადასტურდეს ამ ფორმით. ეს არის სტრუქტურულად ისეთივე არაკორექტული განზოგადება, როგორც განცხადება რომ “ვინც რეფორმას ეწინააღმდეგება, საკუთარი პრივილეგიებისთვის იბრძვის”. მსგავსი განზოგადებები ქმნის ხელოვნურ ბინარულ ოპოზიციას (“პარტიულები” vs “აკადემიურები”), ახდენს რთული ინსტიტუციური რეალობის სიმპლიფიკაციას და უგულებელყოფს ინდივიდუალური პოზიციების ნიუანსებს. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამგვარი რიტორიკა ეწინააღმდეგება სწორედ იმ კოლეგიალურობისა და აკადემიური ეთიკის პრინციპებს, რომელთა დაცვასაც იჩემებს.
რეფორმის წინააღმდეგობის დისკურსში შეინიშნება კონსტრუქციული ალტერნატივების დეფიციტი. კრიტიკა, რომელიც არ სთავაზობს კონკრეტულ გადაჭრის გზებს იდენტიფიცირებული პრობლემებისთვის (გეოგრაფიული კონცენტრაცია, რესურსების დუბლირება, შრომის ბაზრის საჭიროებები), არის არასრული აკადემიური კონტრიბუცია. რეფორმის კონცეფციის მთავარი გამოწვევები – 85%-იანი კონცენტრაცია დედაქალაქში, დუბლირებული ფაკულტეტები, საკადრო პოლიტიკის პრობლემები – მოითხოვს სისტემურ მიდგომას. ემოციური და რიტორიკული ხერხებით ამ პრობლემების გადაფარვა არის არაპროდუქტიული.
უმაღლესი განათლების რეფორმის ირგვლივ განვითარებული დისკურსი საჭიროებს დეპოლარიზაციას და არგუმენტაციის ხარისხის ამაღლებას. ისტორიული პარალელების გამოყენება, თვითჰეროიზაცია და კოლეგების დელეგიტიმაცია წარმოადგენს სუსტ რიტორიკულ ხერხებს, რომლებიც ვერ ჩაანაცვლებს ფაქტობრივ ანალიზს და კონსტრუქციულ წინადადებებს. აკადემიური საზოგადოება მოწოდებულია იმ სტანდარტების დასაცავად, რომელსაც ის ასწავლის – კრიტიკული აზროვნება, ობიექტური ანალიზი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული არგუმენტაცია. საუნივერსიტეტო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიაში ამ პრინციპების დაცვა არის არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ეთიკური იმპერატივი. რეფორმის პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ – როგორც მომხრეებმა, ისე კრიტიკოსებმა – უნდა გაითვალისწინონ, რომ საბოლოო მიზანია განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის, გამჭვირვალე პროცესების და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვის გზით.
სოფისტიკა და არგუმენტაცია რეფორმის დისკურსში
1 ნოემბერი, 2025
უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში ცხარე დისკუსიის საგანია. ამ დისკურსში განსაკუთრებით საყურადღებოა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ნინო დობორჯგინიძის პოზიცია, რომელიც მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეფორმას მკვეთრად უპირისპირდება. თუმცა, როდესაც მის ინტერვიუს ვაანალიზებთ, ცხადი ხდება, რომ რექტორის რიტორიკა ხშირად სცდება არგუმენტირებულ კრიტიკას და სოფისტიკის ელემენტებს შეიცავს.
დობორჯგინიძის ინტერვიუში თვალშისაცემია ემოციური აპელაციების სიჭარბე რაციონალური მსჯელობის ნაცვლად. ის რეფორმას მოიხსენიებს როგორც “ილია ჭავჭავაძისა და ივანე ჯავახიშვილის მიერ შექმნილი ტრადიციის გაყიდვას”, რაც ისტორიული ფიგურების ავტორიტეტის გამოყენებით ემოციური ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა, კონკრეტული არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად.
სოფისტიკური რიტორიკის კლასიკური ნიმუშია ასევე მისი განცხადება: “ამას საუნივერსიტეტო საზოგადოება არ დაუშვებს!” მაშინ, როდესაც თავადვე აღიარებს, რომ “ვერ ვისაუბრებ სხვების სახელით”. ეს წინააღმდეგობა აჩვენებს, რომ რექტორი ცდილობს, საკუთარი პოზიცია წარმოაჩინოს როგორც კოლექტიური, უნივერსალური შეხედულება, მიუხედავად იმისა, რომ ამის მანდატი არ გააჩნია.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დობორჯგინიძის მიერ სხვა რექტორების “მორჩილებას” მოხსენიება. მისი განცხადება – “განათლების მომავალს ვერ გადაწყვეტს თვრამეტი მორჩილი რექტორის პოზიცია!” – წარმოადგენს არა მხოლოდ კოლეგების მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებას, არამედ რიტორიკულ ხერხს, რომლითაც ის ცდილობს საკუთარი, განსხვავებული პოზიცია წარმოაჩინოს როგორც “გაბედული” და “დამოუკიდებელი”, მაშინ როდესაც ყველა სხვა რექტორი, მისი ქვეტექსტის მიხედვით, უბრალოდ მთავრობის ნებას ემორჩილება.
ეს მიდგომა პრობლემურია რამდენიმე მიზეზით: პირველ რიგში, ის ავტომატურად აკნინებს ნებისმიერი სხვა რექტორის პოზიციას, რომელიც რეფორმის გარკვეულ ასპექტებს ეთანხმება, იმის მიუხედავად, თუ რა არგუმენტები გააჩნიათ მათ; მეორეც, ის ქმნის ხელოვნურ დიქოტომიას – ან ხარ რეფორმის წინააღმდეგი ან “მორჩილი”, რაც დიალოგისა და კონსტრუქციული განხილვის საშუალებას გამორიცხავს.
დობორჯგინიძის ინტერვიუში თვალში საცემია, რომ ის უპირატესად ფოკუსირდება უნივერსიტეტების შენობების გაყიდვის საკითხზე, მაშინ როცა რეფორმის კონცეფცია სხვა მრავალ ფუნდამენტურ პრობლემას ეხება: უმაღლესი განათლების გეოგრაფიულ კონცენტრაციას თბილისში (სტუდენტების 85%), რესურსების არაეფექტიან გადანაწილებას, სუსტ კავშირს შრომის ბაზარსა და განათლების სისტემას შორის, კვლევისა და სწავლების ინტეგრაციის ნაკლებობას, და სხვა.
ამ ფუნდამენტური საკითხებისგან ყურადღების გადატანით რექტორი ირჩევს ბრძოლის გამარტივებულ ველს, სადაც შესაძლებელია ემოციური აპელაციებით მოახდინოს გავლენა (“მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების მადა”), ნაცვლად იმისა, რომ არსებითად შევიდეს დისკუსიაში განათლების ხარისხის პრობლემებზე.
როდესაც დობორჯგინიძე ადარებს მიმდინარე რეფორმას 1930-იანი წლების ტოროშელიძეებისა და ორაგველიძეების “რეფორმებს”, ის მიმართავს ისტორიული პარალელის რიტორიკულ ხერხს კონკრეტული მსგავსებების ჩვენების გარეშე. ეს წარმოადგენს “დამნაშავის ასოციაციით” არგუმენტაციის ტიპურ მაგალითს, როდესაც კონტექსტის გარეშე ხდება საბჭოთა რეპრესიების პერიოდთან დაკავშირება, რაც მიზნად ისახავს მეტი ემოციური ზეგავლენის მოხდენას ობიექტური მსჯელობის ნაცვლად.
პრობლემის კრიტიკა კონსტრუქციული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეიცავს ალტერნატიულ ხედვას ან გადაჭრის გზებს. დობორჯგინიძის ინტერვიუში სრულიად უგულებელყოფილია ის გამოწვევები, რომლებიც რეფორმის დოკუმენტში არის აღნიშნული. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ ვერანაირი დადებითი მხარე ვერ ექნება კონცეფციას, რომელიც “სახელმწიფო უნივერსიტეტების არსებული სისტემის მონგრევასა და შენობების გაყიდვაზე დგას”, მაგრამ არ გვთავაზობს, როგორ უნდა გადაიჭრას დღეს არსებული პრობლემები – გეოგრაფიული კონცენტრაცია, დუბლირებული ფაკულტეტები, რესურსების არაეფექტიანი განაწილება, შრომის ბაზართან შეუსაბამობა.
ნინო დობორჯგინიძის ინტერვიუ თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ემოციური რიტორიკა და სოფისტიკა ჩაენაცვლოს კონსტრუქციულ, არგუმენტირებულ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ რექტორის შეშფოთება რეფორმის განხორციელების გარკვეული ასპექტებით შეიძლება სავსებით გასაზიარებელი იყოს, მისი კომუნიკაციის სტილი, კოლეგების დისკრედიტაცია მათი “მორჩილებად” მოხსენიებით და ალტერნატიული ხედვის ნაკლებობა ამცირებს ამ კრიტიკის ეფექტურობას.
უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში მოითხოვს ღრმა, კონსტრუქციულ დიალოგს, სადაც ყველა მხარე შეეცდება აღიაროს არსებული პრობლემები და შემოგვთავაზოს მათი გადაჭრის გზები. ემოციური შეძახილებისა და რიტორიკული ხერხების მიღმა, საჭიროა ქართული განათლების მომავლის ხედვა, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ისტორიული ტრადიციების პატივისცემაზე, ისე თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების აუცილებლობაზე.
უმაღლესი განათლების რეფორმა: აჭარის პერსპექტივა
17 ოქტომბერი, 2025
ეს წერილი პრემიერ-მინისტრის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენიდან მეორე დღეს იწერება – როგორც პირველი რეაქცია იმ მასშტაბურ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს უმაღლეს განათლებას ელის.
რეფორმის კონცეფცია მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. როგორც მეზოდონის რეგიონს, აჭარას აქვს პოტენციალი გახდეს განათლების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და გააძლიეროს სრულიად საქართველო.
კონცეფცია შვიდ ძირითად გამოწვევას პასუხობს, რომელთაგან სამი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისთვის.
გეოგრაფიული დეკონცენტრაცია. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების გეოგრაფიული დეკონცენტრაცია. ეს მიდგომა პირდაპირ ეხმიანება აჭარის, როგორც რეგიონის, გაძლიერების იდეას. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს შანსი, განიმტკიცოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუციის სტატუსი. დეკონცენტრაცია უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ბათუმში განათლების მიღება ისეთივე პრესტიჟული იყოს, როგორც თბილისში.
რესურსების ოპტიმიზაცია და ხარისხის გათანაბრება. რეფორმა მიზნად ისახავს აკადემიური რესურსების ოპტიმიზაციას და სწავლების ხარისხის გათანაბრებას. ეს ნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლები, განსაკუთრებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნდა უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო აკადემიური კადრებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კონცეფციის პრეზენტაციაზე აღინიშნა ამბიციური გეგმები საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისთვის, სადაც ინფრასტრუქტურული განვითარება პირდაპირ უკავშირდება რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსის განვითარებას.
აკადემიური პერსონალის თანაფარდობა. კონცეფციაში განხილული 1:2:10 თანაფარდობა (პროფესორი:ასოცირებული პროფესორი:ასისტენტ პროფესორი) მოითხოვს დამატებით განხილვას. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატებული უნივერსიტეტები უფრო დაბალანსებულ თანაფარდობას იყენებენ:
აშშ-ს წარმატებული კვლევითი უნივერსიტეტები მუშაობენ დაახლოებით 3:2:2 თანაფარდობით, რაც უზრუნველყოფს კარიერულ პერსპექტივას და ინსტიტუციურ სტაბილურობას.
გერმანიის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი იყენებს დაახლოებით 1:1,5:4 თანაფარდობას, რაც არაა იდეალური, მაგრამ მაინც გაცილებით უკეთესია ვიდრე 1:2:10.
ფინეთის აალტოს უნივერსიტეტი მუშაობს 1:2:3 თანაფარდობით, რაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ევროპაში.
იაპონიის ტოკიოს უნივერსიტეტი იყენებს დაახლოებით 1:1:2 თანაფარდობას, რაც ხელს უწყობს სტაბილურობას და ინსტიტუციური ცოდნის შენარჩუნებას.
ბსუ-ს განვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა შემდეგი ალტერნატივების გათვალისწინება:
1:2:4 თანაფარდობა იქნებოდა გაცილებით რეალისტური. ეს მაინც უზრუნველყოფს კონკურენტულ გარემოს, მაგრამ ამავე დროს აძლევს აკადემიურ პერსონალს კარიერული ზრდის გონივრულ შანსს.
2:3:5 თანაფარდობა, როგორიც გვხვდება წარმატებულ ბრიტანულ უნივერსიტეტებში, ასევე კარგი ალტერნატივაა, რომელიც აბალანსებს გამოცდილებასა და ახალგაზრდა სპეციალისტებს.
აჭარა როგორც საპილოტე რეგიონი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, თავისი უნიკალური სამართლებრივ-პოლიტიკური სტატუსით, აქვს შესაძლებლობა გახდეს ერთგვარი საპილოტე რეგიონი, სადაც განათლების რეფორმის ინოვაციური ასპექტები პირველად დაინერგება. ამისთვის საჭიროა აჭარის ხელისუფლების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა.
რეფორმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას შორის, ასევე უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმამ გააძლიეროს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არ შეზღუდოს ხელოვნურად ცალკეული დარგები და საგანმანათლებლო პროგრამები, და წარმოაჩინოს აჭარაში საუნივერსიტეტო ტრადიციის განვითარების პოტენციალი.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული აჭარის, როგორც რეგიონის, მომავალთან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს “ძლიერი რეგიონი გააძლიეროს სრულიად საქართველო”.







