მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი სკანდალი – რა დანაშაულს მალავს აჭარის განათლების სამინისტრო?

სკანდალი – რა დანაშაულს მალავს აჭარის განათლების სამინისტრო?

776
0

ამ დღეებში „აჭარა P.S.“-ის სარედაქციო ელექტრონულ ფოსტაზე უცნობი ადრესატისაგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 16 სექტემბრის #248 ბრძანება მივიღეთ შემდეგი კომენტარით: „ძვირფასო რედაქციავ, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ბრძანება და გააცნოთ საზოგადოებას თუ როგორ  მფარველობს აჭარის განათლების სამინისტრო დამნაშავე რესურსცენტრის უფროსს… ჩვენი აზრით, აქ იკვეთება დავითაძისაგან თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო სამინისტრომ ამ დამნაშავე სახელმწიფო მოხელეს დაუფარა დანაშაული და არ გადასცა საქმე პროკურატურას ანუ დანაშაულის თანამონაწილეა სამინისტროც. ვფიქრობთ, მინიმუმ აღნიშნული თანამდებობის პირი უნდა გაენთავისუფლებინათ ან შეეჩერებინათ მისთვის უფლებამოსილების განხორციელება. ამ ბრძანებასაც ასაიდუმლოებდნენ, მაგრამ მომჩივანი მშობელი არ ჩერდებოდა და დაწერეს გაფრთხილება, არა და დასაჭერი საქმეა, ეს, რომ რომელიმე სკოლის დირექტორს ჩაედინა, ალბათ გააციმბირებდნენ…

P.S. გოჩა დავითაძე ყოფილი მე -15 სკოლის ის დირექტორია, რომელიც საკუთარი განცხადებით გადადგა  სკოლის  დირექტორობიდან,  თუმცა  მთელმა ბათუმმა იცოდა  თუ  რატომ გადადგა  იგი.  კერძოდ  ბავშვზე ფიზიკური ძალადობისათვის“…

  ფრიად საყურადღებო წერილია, თუმცა საზოგადოებამ კარგად რომ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე, სრულად გთავაზობთ აღნიშნული ბრძანების ტექსტს:

 ბრძანება #248                                                           ქ. ბათუმი, 16 სექტემბერი, 2015 წელი

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის – გაფრთხილების გამოყენების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 2015 წლის 05 აგვისტოს შემოვიდა მოქალაქე დავით ზამბახიძის შეტყობინება სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის თაობაზე. შეტყობინების თანახმად, მისი შვილი, ოთარ ზამბახიძე სწავლობდა სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის მე-10 კლასში, გაცდენების გამო გავიდა ექსტერნატის გამოცდებზე, თუმცა ვერ ჩააბარა. მასთან ერთად აბარებდნენ საბა ბიბილეიშვილი და თორნიკე დევაძე, რომლებმაც ასევე ვერ ჩააბარეს გამოცდა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ისინი გადავიდნენ შემდეგ კლასში. განმცხადებლის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხის შესწავლა.

სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსილი ინფორმაციის შესწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 06 აგვისტოს #211 ბრძანებით დაევალა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტს.

საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ დონარ გეგიძეს საჯარო სკოლის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივად იყვნენ დაკავშირებულნი შესასწავლ საკითხებთან, ბათუმის რესურსცენტრის უფროსს გოჩა დავითაძეს, რესურსცენტრის მთავარ სპეციალისტებს შადიმან შერვაშიძესა (მეთვალყურე ექსტერნატის გამოცდაზე) და მიხეილ რიჟვაძეს (საგამოცდო კომისიის წევრი).

სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა:

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის 2015 წლის 24 ივნისის ბრძანებით დამტკიცდა 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 80% და მეტის გაცდენის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით გამოცდების დაძლევის მსურველთა ნუსხა, რომლის მიხედვით სსიპ ქალაქ ბათუმის #18 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს – საბა ბიბილეიშვილს ექსტერნატის ფორმით გამოცდა უნდა დაეძლია 6 საგანში, თორნიკე დევაძეს – 13 – ში, ხოლო ოთარ ზამბახიძეს 9 საგანში (საგულისხმოა, რომ ოთარ ზამბახიძე გამოცხადდა მხოლოდ მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ჩაიჭრა ორივეში და დანარჩენ შვიდ გამოცდაზე აღარ გამოცხადებულა).

საკითხთან დაკავშირებით საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ 2015 წლის 29 ივნისს ფიზიკის გამოცდაზე ჩაიჭრა ორი მოსწავლე (წარმატებული სპორტსმენები) – საბა ბიბილეიშვილი (აჭარის ხელბურთის ნაკრების წამყვანი მოთამაშე) და თორნიკე დევაძე (თამაშობს ფეხბურთს კიევის „დინამოს“ ახალგაზრდულ ნაკრებში). გამოცდის დასრულებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მას დაურეკა ბათუმის რესურსენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ, რომელმაც მოიკითხა გამოცდების შედეგები. როდესაც გაიგო, რომ თორნიკე დევაძემ ვერ გადალახა ბარიერი, სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედათ მასწავლებლებს თორნიკე დევაძის ტესტისთვის და გადახრილიყვნენ მის სასარგებლოდ. რადგან ის იყო წარმატებული სპორტსმენი. მაშინ დ. გეგიძემ სთხოვა საბა ბიბილეიშვილის ნაშრომზე გადახედვის უფლებაც. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო, მან დაავალა ფიზიკის ტესტის გამსწორებელს (ვ. აბუსელიძესა და ო. კარდაშოვას) კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ ზემოაღნიშნულ მოსწავლეთა ტესტები, ქულები გადაესწორებინათ და აემაღლებინათ ისე, რომ მათ ბარიერი გადაელახათ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსწავლეთა ნამუშევრები არ შეეფერებოდა იმ ქულებს, რაც შემდეგ დაიწერა. საჯარო სკოლის თანამშრომლების – დირექტორის მოადგილის, ასევე რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის (მეთვალყურის) განმარტებით, საბა ბიბილეიშვილმა და თორნიკე დევაძემ ვერ გადალახეს მინიმალური 5 ქულიანი ბარიერი, რაც დასტურდება ფიზიკის საგამოცდო უწყისებით, ასევე ფიზიკის მასწავლებლების (გამსწორებლების) განმარტებით, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თხოვნით ტექსტებში მათ დაამატეს რამდენიმე სწორი პასუხი, რაც საკმარისი იყო ბარიერის გადასალახად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ბათუმის რესურსცენტრის უფროსს გოჩა დავითაძეს, რომელმაც განმარტა, რომ იგი დაუკავშირდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და იკითხა როგორ მიმდინარეობდა გამოცდები, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ რამდენიმე მოსწავლემ ბარიერი ვერ გადალახა, მათ შორის იყო თორნიკე დევაძე. ვინაიდან რესურსცენტრში სატელეფონო ზარით გამოთქმული იყო პრეტენზია თორნიკე დევაძეზე დაფიქსირებული არაობიექტური შეფასების თაობაზე, მან სთხოვა დონარი გეგიძეს, გადაეხედათ ექსტერნის ნამუშევრისთვის, გასწორების დროს ხომ არ იყო დაშვებული შეცდომები და სადაო საკითხების შემთხვევაში, თუ ნამუშევარი იძლეოდა საშუალებას, გადახრილიყვნენ მოსწავლის სასარგებლოდ.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი პირების ახსნა-განმარტებების ერთობლიობით, მათი განხილვითა და ურთიერთშეჯერებით დასტურდება, რომ ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა გოჩა დავითაძემ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დონარი გეგიძესთან სატელეფონო ზარი განახორციელა მაშინ, როცა ექსტერნები შეფასებულები იყვნენ და ფიზიკის გამოცდის შედეგები დაფიქსირებული იყო უწყისებში. მან დირექტორს მიუთითა, გადაეხედათ თორნიკე დევაძის ნამუშევრისათვის და სადაო საკითხების შემთხვევაში გადახრილიყვნენ მოსწავლის სასარგებლოდ. საგულისხმოა, რესურსცენტრის უფროსის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #18/6 ბრძანებით დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“ მე-15 მუხლის მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გასაჩივრების წესს ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან, ასევე გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება რესურსცენტრში. რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭო განიხილავს სკოლის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემოთმოყვანილი გადაწყვეტილება: ა) ექსტერნის უფლების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში); ბ) ექსტერნის მიერ ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევისას – მისი ნაშრომის არშეფასების თაობაზე.

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის, საკითხთან დაკავშირებული პირების ახსნა-განმარტებების განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაირკვა, რომ ორი ექსტერნის – თორნიკე დევაძისა და საბა ბიბილეიშვილის ნამუშევრები არ შეეფერებოდა იმ ქულებს, რაც გამოცდის შედეგებში დაფიქსირდა. მათ წერითი ნამუშევრების (ტესტების) მიხედვით, საგანში ფიზიკა, ვერ დაძლიეს მინიმალური ბარიერი. შემდგომ, საგნის მასწავლებლების მიერ ტესტებში შეტანილი იქნა სწორი პასუხები, შეცვლილ იქნა საგამოცდო უწყისები და დაფიქსირებულ იქნა ქულები, რომლითაც ექსტერნებს ბარიერი დაძლეულად ჩაეთვლებოდათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #18/15 ბრძანებით დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 5 ქულისა, დამრგვალების გარეშე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტს #36/6 ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის  უფლებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს დისციპლინარულ გადაცდომას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის , 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე მჟავანაძის 2015 წლის 14 სექტემბრის #1744 მოხსენებითი ბარათისა და სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ბათუმის რესურსცენტრის უფროსის გოჩა დავითაძის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება.
  2. ბრძანების შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა დაევალოს სამინისტროს საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების განყოფილებას.
  3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქალაქი ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

გიორგი თავამაიშვილი, მინისტრი (ხელწერა და ბეჭედი).  

რადგან ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის და ალბათ მკითხველისთვისაც გასაგებია როგორც სამინისტროსა და რესურსცენტრის, ისე ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექციისა თუ პედკოლექტივის პოზიცია, ამ უწყებებისგან დამატებითი კომენტარების აუცილებლობას ვერ ვხედავთ, თუმცა მომხდარის შეფასება ვთხოვეთ საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მთავარი იურისტი ანა კიკნაძესა და საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძეს:

ანა კიკნაძე, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მთავარი იურისტი:  –  სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მუხლი 332. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისას მოხელეს თავის ქმედებას ახორციელებს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში და, შესაბამისად, მის მიერ დაკავებული თანამდებობის საფუძველზე, მისი უფლებამოვალეობების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლები და მისი განხორციელების წესი განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მაგალითად, კანონით, ზემდგომი თანამდებობის პირის ბრძანებით, წესდებით, დებულებით ან სხვა აქტით.

მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება: 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ რესურსცენტრის უფორსმა გადაამეტა უფლებამოსილებას, რადგან მან დაურეკა პირებს და მოსთხოვა ნაშრომების თავიდან გადახედვა და შესაბამისი გამსვლელი ქულის დაწერა, მაშინ, როდესაც მისი უფლებამოსილება იყო მოცეულ შემთხვევაში, გამოეცა ინდ.ადმინისტრაციული აქტი,რომ საპრეტენზიო საბჭო შექმნილიყო და ეს საბჭო განიხილავდა ყველა პრეტენზიას, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა გამოცდასთან. მოცემულ შემთხვევაში კი რესურსცენტრის უფროსს არ გამოუცია ინდ.ადმინის. აქტი, არ შექმნილა საბჭო და ისე მოხდა ნაშრომების გასწორება.

აღნიშნული დანაშაული სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ მოხელის მოქმედება აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, ეს დანაშაული შეიძლება გამოიხატოს მოხელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენაში: რომელიც სხვა მოხელის ან სხვა უწყების უფლებამოსილებაში შედის; ამ დანაშაულის არსებობისათვის აუცილებელია, რომ მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მოქმედება დაკავშირებული იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი იყოს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით.

დანაშაულის არსებობისათვის ასევე აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ზიანი უნდა მიადგეს ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებას, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. ასევე, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოხელის ქმედებასა და აღნიშნულ ზიანს შორის.

7065_818904158155016_4201046801174549011_n   პაატა შავაძე, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე: – საქართველოს ანტიკორუფციულ პალატაში დაწყებულია წარმოება აჭარის ა/რ განათლების, კულტურის, და სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის შესაძლო დამალვის ფაქტებზე. საქმის გარემოებათა კვლევა პირადად ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ერთი რამ ცხადია ამ ეტაპზე, სამინისტროს „გენერალური ინსპექცია“ ფორმალური ხასიათის მატარებელი ქვედანაყოფია უწყებაში და პრაქტიკულად დაკარგული აქვს თავისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება. ჩემთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი ამ სამინისტროს შიდა აუდიტისა და სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობა. წარსულში არაერთხელ მქონია შეხება სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს სტრუქტურული ერთეული ყოველთვის გამოირჩეოდა ტენდენციურობითა და არაობიექტურობით, ის ყოველთვის წარმოადგენდა მინისტრის, როგორც სამინისტროს პირველი პირის „გუნდრუკის მკმეველთა“, „მეხოტბეთა“ ერთგვარ უბანს.

საქმის გარემოებები ცხადყოფს და მიგვაჩნია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოშლილია შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინა, როდესაც ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბედავს და შესაძლო უკანონო მითითებას აძლევს საჯარო სკოლის დირექტორს, თვით ეს ფაქტია ამაზრზენი და დასაგმობი. ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც შენს უწყებაში ასეთი მარაზმი ხდება და რესურსცენტრი პრაქტიკულად „ბრმა იარაღად“ გექცევა, მინისტრი კაბინეტს ტოვებს და მინიმუმ სახლში, ხოლო მაქსიმუმ ციხეში მიდის. მაგრამ გიორგი თავამაიშვილის მაგალითზე მე ამ ვაჟკაცობით ვერა და ვერ დავიტრაბახებ, ნაცვლად იმისა, რომ უწყების ხელმძღვანელი მეტი სიმკაცრით მიდგომოდა ამ პრობლემას და მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის პროკურატურის ორგანოებისათვის გადაეცა, რესურსცენტრის ხელმძღვანელისათვის გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა. ეს კი თავის მხრივ მიგვანიშნებს იმ ერთპიროვნულ და განუკითხავ მმართველობაზე, რასაც ამჟამად სამინისტროში უნდა ჰქონდეს ადგილი. მაშინ როდესაც ბათუმში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის გამგეს სამუშაო დაატოვებინეს იმის გამო, რომ ბავშვებს ერთად ერთხელ, სამხარის პური სადილად გაუტანეს და სადილისა სამხარზე, ვფიქრობთ მარაზმია განათლების მინისტრის მხრიდან ასეთი არაადეკვატური და ლოიალური მოქმედება, შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ერთგვარი წახალისება! პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ფაქტის ირგვლივ და დეტალურად უნდა იქნას გამოკვლეული და შესწავლილი გამოძიების ფარგლებში, თუ რასთან გვაქვს რეალურად ყველა ბრალეული პირი მკაცრად უნდა დაისაჯოს და პასუხი უნდა მოეკითხოს იმ ქმედებისათვის, რაც სცილდება კანონიერებისა და ზნეობრიობის ფარგელებს! დაუშვებელია სასწავლო პროცესში რომელიმე მოსწავლის მიმართ განხორციელდეს დისკრიმინაციული მიდგომა, ამისათვის ჩვენ არ გვიბრძოლია. ჩვენ შევქმენით ახალი ქართული სახელმწიფო და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ამ სახელმწიფოს ნგრევას შეუწყოს ხელი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების უშუალო გამოყენებით. მინისტრმა პასუხი უნდა აგოს სამინისტროში შექმნილ ვითარებაზე და დაუშვებელია სხვას მოჰკითხო პასუხი შედეგებზე, როდესაც შენ ხარ თავად პირველი პირი და შენ შემოგცქერის სისტემა. უმოკლეს ხანებში და არაერთხელ მოუწევთ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებელთათვის ჩვენებების მიცემა – როგორც ბათუმის რესურს ცენტრის ხელმძღვანელ გოჩა დავითაძეს, ისე მის სპეციალისტებსაც. მათი ერთგვარი „პასაჟირი“ იქნება მინისტრი თავამაიშვილიც, რომელსაც ვფიქრობ, „ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად.“ მას და მის „მრევლს“ რატომღაც ჰგონიათ, რომ განათლების სამინისტრო და მოსწავლე – ახალგაზრდობის კორპუსი, თითოეული მუშაკი და პედაგოგი მათი საკუთრებაა და რასაც უნდათ და როგორც უნდათ ისე მოიქმედებენ მათ მიმართ. „თუ ნამუშევრები იძლეოდა საშუალებას, გადახრილიყვნენ მოსწავლის სასარგებლოდ“ ეს გახლავთ ბრძანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციტატა და მისი ავტორი, ბრძანების მიხედვით სწორედაც გოჩა დავითაძეა, ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საკითხთან დაკავშირებული შესაბამისი პირების ახსნა-განმარტებების ერთობლიობით, მათი განხილვითა და ურთიერთშეჯერებით სამინისტრო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა დავითაძემ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, დონარი გეგიძესთან, სატელეფონო ზარი განახორციელა მაშინ, როცა ექსტერნები შეფასებულები იყვნენ და ფიზიკის გამოცდის შედეგები დაფიქსირებული იყო უწყისებში, მან დირექტორს მიუთითა, „გადაეხედათ თ.დ.-ს ნამუშევრისათვის და სადავო საკითხების შემთხვევაში გადახრილიყვნენ მოსწავლის სასარგებლოდ“. საგულისხმოა ისიც, რომ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/6 ბრძანებით დამტიკიცებული ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების მე-15 მუხლის იმპერატიული მოთხოვნები. ამაზრზენია თავად ფაქტი-თავამაიშვილის უწყება თავად ადასტურებს ბრძანებით, რომ „შემდგომ საგნის მასწავლებლების მიერ ტესტებში შეტანილი იქნა სწორი პასუხები, შეცვლილი იქნა საგამოცდო უწყისები და დაფიქსირებული იქნა ქულები, რომლებითაც ექსტერნებს ბარიერი დაძლეულად ჩაეთვლებოდათ“ ამ ყველაფერს და შესაძლო სიყალბეს საკუთარი თვალით გაცნობილი მინისტრი, თვლის რატომღაც, რომ იკვეთება ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და ამ უკანასკნელის მიმართ შემოიფარგლება მხოლოდ „გაფრთხილების“ დისციპლინური ზომის მიღებით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს განათლების მინისტრის, როგორც მმართველის უსუსურობასა და საქმეში ჩაუხედაობაზე. საქმეში ჩაუხედავი და სამართლებრივ საკითხებში ერთობ გაუთვითცნობიერებელი, მინისტრობისათვის „დაუღვინებელი“ განათლების მინისტრისათვის ეტყობა აღქმული არ არის ის პასუხისმგებლობა, რაც მას, როგორც უწყების ხელმძღვანელს აკისრია და ჰგონია, რომ „ეს ქვეყანა მისია და ვიღაცამ აჩუქა“. მან არასამთავრობო ორგანიზაციად აქცია პრაქტიკულად ამოდენა უწყება და არავინ უწყის კიდევ რამდენი სისულელის მოწმენი არ გავხდებით საქმის შესწავლის პროცესში, ამიტომაც საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ, საკითხით დაუყოვნებლივ დაინტერესდეს და განათლების სამინისტროს მუშაობაც დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ამ ყველაფრის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კი მომავალი სამუშაო კვირიდან საქართველოს ანტიკორუფციული პალატა შეძლებს.