მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება არშემდგარი „სკანდალი“ და პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები – მოქალაქე ნინო...

არშემდგარი „სკანდალი“ და პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები – მოქალაქე ნინო ინაიშვილმა მეგობრის ქმრის დანაშაული დაფარა? ფარული ჩანაწერით კი ზეწოლაზე ალაპარაკდა…

1091
0

თვითდამკვიდრების მცდელობა ტყუილებით…

1 ოქტომბერს, აჭარის ტელევიზიის ეთერში თვით პრემიერ ღარიბაშვილის ისტორიული გამოსვლაც კი გადაფარა მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის დირექტორის ჯემალ მეგრელიძისა და ადვოკატ პაატა შავაძის ვიზიტმა ქობულეთის პოლიციის უფროს ზაქარია გურჩიანთან რიგითი პრობლემური საკითხის თაობაზე. თემის და ე.წ. ფარული ჩანაწერების საშუალებით ჟურნალისტი – ნინო ინაიშვილი, სიყალბითა თუ ფაქტებისათვის მიცემული სხვადასხვა ინტერპრეტაციით ცდილობს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში, რისი განხორციელებაც მას ასევე უნიჭოდ და „მოძველებული მეთოდებით“ გამოუვიდა… ჩვენ სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ იმ ფარული ჩანაწერის შინაარსს და განსჯის უფლებას მკითხველს ვუტოვებთ…

ვიდრე ჩანაწერის შინაარსს შემოგთავაზებდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ საუბარი, რომელიც ჩანაწერშია მოცემული, შედგა ქობულეთის პოლიციის შესასვლელში, კიბეებზე, სრულიად დაუფარავად, ყველას თვალწინ, სადაც ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი ნინო ინაიშვილი თავისი ფეხით მივიდა და მისთვის იქ არავის დაუძახებია, ამ ეტაპზე აღარაფერს ვამბობთ ჩანაწერის კანონიერებაზე. (სსკ 158-ე მუხლის შესაბამისად კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა დანაშაულია და იგი ისჯება ვადით 3-დან 7 წლამდე)

   ჩანაწერის სტენოგრაფია:

   პაატა შავაძე (ადვოკატი): – (ჩანაწერის უხარისხობის გამო პირველი წინადადება გაურკვეველია) … არაფერი ის არაა და… ეგ არის სიმთვრალის ნიადაგზე რაღაცა… გავეხუმრეო რაღაცა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – და არ ვიცი ეხლა, კაი, გამოფხიზლდეს ცოტა, აზრზე მოვიდეს რაღაცა და რა ვიცი, ხვალ გავესაუბრებით, ვნახოთ… (რამდენიმე ფრაზა გაურკვეველია) …მით უმეტეს ძალიან ახლობელი კაცო, იმიდან დამირეკა (გაურკვეველი ფრაზა) ჩემი ახლობლები არიანო (გაურკვეველი ფრაზა)…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – როგორ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორ იმას შვრებიან მაგ შემთხვევაში?

პაატა შავაძე (ადვოკატი): – რა არის იცი, აქ არის მომენტი…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – არაფერი. შემოვიდა შეტყობინება, რომ მანქანა გამტაცეს, (გაურკვეველი ფრაზა) გატაცებით, ქურდობით დავიწყეთ, მესამე ნაწილით… (ხმების გადაფარვა, გაურკვეველი ფრაზა).

პაატა შავაძე (ადვოკატი): – ჰო, აბა ცალკე გატაცება აღარაა ძმაო, მოცემულ შემთხვევაში კაცს განზრახვა ხომ უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცა, მითუმეტეს…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – ჰოდა, ამიტომ, მე, ეს კაცი არ მინახია ჯერ, რა ვიცი, რაღაცეები…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – თუ საჭირო არის, მე, ახლა წავალ და ჩემი ხელით ჩაგაბარებთ, მაგრამ აზრი არ აქვს დღეს… (საუბარი გადადის სხვა თემაზე და ისმის გაურკვეველი ფრაზები, რომლებიც თემას არ უკავშირდება)… გამოფხიზლდება და…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – ის, ვინც ყოფილა…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – ჩემი სიძეა, დიშვილის ქმარი.

პაატა შავაძე (ადვოკატი): – (მიმართავს ნინო ინაიშვილს) თქვენი ახლობელია ხო?

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – ანუ, მე, ფოტო ვისიც მანახეს ანუ რომ ვთქვი, რომ შავი და რაღაცა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – თქვენ ხართ სალომეს (აქ იგულისხმება სავარაუდო ბრალდებულის მეუღლე) მეგობარი ხო?

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – სალომეს მეგობარი. კი. (გაურკვეველი ფრაზები) და მე ვთქვი ამ ბიჭს ვიცნობ, მაგრამ ეს თუ იყო, არ ვიცი თქვა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – განზრახვა რომ არ იყო, ახლა, როგორც ორჯერ ორი – ოთხია (გაურკვეველი ფრაზა) არ ვიცი, არც არაფერი, მარა…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – (ხმის გადაფარვა, გაურკვეველი ფრაზა) რატო?

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – ჰოდა, მაგას ვიძახი მე და, რა ვიცი მე, ჩამოვყალიბდეთ…

  პაატა შავაძე (ადვოკატი): – ჩამოვყალიბდებით კაცო, არ არის პრობლემა… ახლობელი იყო და გავეხუმრეო და… მთვრალი ვიყავიო და რაღაცა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – პირობით (გაურკვეველი ფრაზა ალბათ იგულისხმება მსჯავრი).

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – ხოო, რამე ისეთია?

  ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – პირობითი რა არის იცით, რამე ტვირთი ზურგზე გეკიდოს და (ხმების გადაფარვა, გაურკვეველი ფრაზები).

პაატა შავაძე (ადვოკატი): – გაუცოცხლდება ეს პირობითი, რაც არის და ესეც დაემატება და ჩემს მტერს…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – რას ლაპარაკობ…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – მერე, პირობითი ისეთი უბედურებაა, რომ…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – და რით უნდა დაკვალიფიცირდეს ეხლა, რო არ გამწვავდეს?

პაატა შავაძე (ადვოკატი): – არაფერი, ახლა აქ რა უნდა დაკვალიფიცირდეს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე რომ დაკვალიფიცირდეს, იმ წუთში, ერთწლიანი მუხლიც რომ იყოს, მაინც იმას მიებმება, დაემატება ის პირობითი…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – სხვისი ქონების გაფუჭებაზე, ალბათ და უნდა გააკეთოს…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – გაფუჭება არა ბიჭო, 187-იც რომ დაგიკვალიფიცირდეს, გაცოცხლდება იმ წუთში ის 4 წელი, იმ წუთში. ნებისმიერ შემთხვევაში წამოგეკიდება ზურგზე ძველი. რომ არ ჰქონდეს პირობითი, პრობლემა კი არ არი, აქ არაფერი არ უნდა დაკვალიფიცირდეს საერთოდ, საერთოდ არაფერი, იყო შეცდომა, რაღაცა, ინფორმაცია მივიღეთ მცდარი, სინამდვილეში ასე არ იყო, რაღაც ესე…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – მე, ეგრევე რა ვიფიქრე იცი, ეხლა რომ მითხრა, რომ ჩემი ახლობელიაო… ვიცნობო რა, ყოველ შემთხვევაში. ხომ თქვი, რომ ვიცნობო, ჩემი მეგობრის ის არისო… უცებ აზრად რაც მომივიდა, ეს იყო, რომ გაეხუმრა ამას მეთქი…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – არა, არა… მასე არ ვიცნობდი ახლა, რომ ცოდნოდა ჩემი მანქანა იყო და რაღაც, მასე არ იყო. ჩემი მეგობრის ქმარია.

პაატა შავაძე (ადვოკატი): – ასეთი კაი ჩვენება თქვი ეხლა…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – არა, მე, ხო არ ვიცი… (ხმების გადაფარვა, სიცილი).

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – მე, ეს მომივიდა აზრად… ეგრევე, რაც შეიძლება მთვრალ კაცს მოუვიდეს, სისულელე აზრია, მაგრამ… გავეხუმრები იქედან და მერე აქედან ბოდიში და ვიკაიფებო…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – მაგანაც უნდა თქვას რომ კი ბატონოო, მოდის ჩვენში ეგეთი ხუმრობა და ახლობლები ვართ და არ ვედავებიო…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – როგორ?

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – თვითონ იძახის ნინოს გავეხუმრეო…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – იცინის.

პაატა შავაძე (ადვოკატი): – თქვენი მხარდაჭერა როგორც ასეთი, ძაან მნიშვნელოვანი იქნება, რომ თქვენ თქვათ, რომ ჩვენ კი გვქონდა ისეთი ახლობლობა, რომ ეს ხუმრობა იყო ნამდვილად, მეც დარწმუნებული ვარ, მეც არ ვიცოდი კონკრეტულად ვინ იყო, მაგრამ მერე მივხვდი და გამოაშკარავდა, რომ ეს იყო ხუმრობა და არანაირად ესე იგი, მე, პრეტენზია არ გამაჩნია…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – არა, პრეტენზია…

  ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – ჰო, რამე თუ არის ისეთი, შეუძლია დამატებით რაღაც რაღაცეები შეგიძლია…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი თქო, რომ ესენი ყოფილან ოჯახის ახლობელი, ჩემი ნაცნობი თქო, ახლობლები თქო და გახუმრების მიზნით არი გაკეთებული. დავრწმუნდი და მივიღე ესეთი ის თქო…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – მე მას ვკითხე და თვითონაც ასე მითხრა.

გაურკვეველი ფრაზები და ხმამაღალი სიცილი

პაატა შავაძე (ადვოკატი): – ახლა ზაქროს მანქანაზე რომ მოვჯდე, ეგ ხუმრობაა… კი არ დამაბრალებს, ძმაა ჩემი მარა, ეგ რომ ვუთხრა… ეგეთი ჩვენება კლასიკური იქნება, რას ლაპარაკობ, კაცო… იმ წუთში მეტს არც დაკითხავენ არავის…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – შენ უნდა უშველო ახლა ნინო…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – არა, მე დაწერილი მაქ უკვე იქ ჩვენება და თან ჩემებსაც კი ვუთხარი ასეა…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – შენ ჩვენების შეცვლაზე კი არავინ გიბიძგებს უბრალოდ თუ დაამატებ რაღაცას (ისმის გაურკვეველი ფრაზები) დამაზუსტებელი, რომ აი, მერე გახდა ცნობილი ჩემთვის ესეთი გარემოება თქო უთხარი, მივხვდი ვინც არის თქო უთხარი და…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – არ ვიცოდი მე, პიროვნება ვინ არის, ეგეც არ არის გამახვილებული, „ვაფშე“ არ არაფერი…

ნინო ინაიშვილი (ე.წ. ფარული ჩანაწერის ავტორი): – მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მეთქვა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – იმიტო ვიძახი და… თუ რაღაცა, როცა გავიგე ჩემი მეგობრის ის არის რაღაცა და რა ვიცი…

პაატა შავაძე (ადვოკატი): – ჩამოყალიბდეთ უნდა… ეხლა აქ გამწვავება და ის არ უნდა…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – მაგრამ ჩემს გარეშე…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – ბატონ ზაქროს ვაწუხებთ, წავიდეთ…

ზაქარია გურჩიანი (ქობულეთის პოლიციის უფროსი): – არა, შენ აგერა ხარ და მე აგერა ვარ 24 საათი…

ჯემალ მეგრელიძე (ე.წ. ბრალდებულის ახლობელი): – გიცნო, შენ გიცნო, შენ ხარ მისი მეუღლის დაქალი და პროსტა რომ წახვედი, გაგეხუმრა, რა… არაფერი შენ მაგით არ შეგეხება…

 

   პაატა შავაძე: – მოქალაქე ნინო ინაიშვილი უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს როდესაც აცხადებს, რომ  მასზე, როგორც ჟურნალისტზე განახორციელეს ზეწოლა. ეს არის სიცრუე და მისი მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციის, ჩემი პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ტყუილებით  თვითდამკვიდრების წარუმატებელი მცდელობა!

ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, ნიშნავს მის იძულებას, დაშანტაჟებას, მუქარას მისი ან მისი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ნამდვილად არ ჰქონია და ეს ინაიშვილის მხრიდან უკანონოდ განხორციელებული აუდიო ჩანაწერითაც შესანიშნავად ჩანს. ვერავინ გვანახებს 12 წუთიან ფარულ მასალაში თუნდაც ერთ ფრაზას, რომლითაც ოდნავ მაინც იკვეთებოდეს ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მოწმის მოსყიდვის, მოწმისადმი რაიმე სარგებლის დაპირების, ჩვენების შეუცვლელობის შემთხვევაში მუქარის, დაშანტაჟების, სხვა რაიმე სახით ძალადობისა თუ ზემოქმედების ნიშნები. ალბათ იურისტები დაგვეთანხმებიან, რომ სსკ-ის 372-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ნაწილის შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს. მეტიც, აღნიშნული ნორმის მოცემულობიდან გამომდინარე, ინაიშვილისათვის მინიმუმ უნდა მიემართათ, ხოლო ის რომ ინაიშვილმა თვითონ მოგვმართა და საკუთარი ფეხით მოვიდა და ჩაერთო სამეულის საუბარში, ამას თვითონაც არ უარყოფს. ჟურნალისტებმა რატომღაც დაიწყეს იურისტობა და სამართლებრივი შეფასების მიცემა ფაქტობრივი გარემოებებისა, რაც თავისმხრივ არასწორია და არ შეესაბამება სწორ და ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას.

მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით მივედი ჟურნალისტ ჯემალ მეგრელიძესთან ერთად სამმართველოში, მატარებელში ვიჯექი, თბილისიდან ბათუმში მივემგზავრებოდი და მატარებლიდან ჩამომსხეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის კანონიერი ინტერესების დაცვის განსახორციელებლად მე უფლებას მაძლევს კანონი მივმართო ნებისმიერ ხელმძღვანელს, ეს იქნება პოლიციის, პროკურატურისა თუ სხვა უწყებესისა. საერთოდ რა უნდათ, თუ იციან რას მოითხოვენ ან ჩემგან, ან მეგრელიძისგან, ან სამმართველოს უფროსისაგან? ხან ჟურნალისტზე ზეწოლით აპელირებენ, ხან მოწმეზე, დღეს გაჟღერდა, რომ თურმე გურჩიანი ცდილობს მფარველობა გაუწიოს ქურდობის საქმეზე ბრალდებულს, მოკლედ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ინაიშვილმა ხვალ ისიც დაგვაბრალოს, მცემეს შავაძემ, მეგრელიძემ და გურჩიანმაო. ჟურნალისტი ვარო დაუჩემებია, ჟურნალისტი ხარ, თორემ ქრისტე ხომ არ ხარ? ადვოკატზე ზეწოლის განხორციელება კანონიერია?

გურჩიანი ერთ ერთი საუკეთესო ხელმძღვანელია პოლიციის სისტემაში და სამარცხვინოა როდესაც ინაიშვილი მის უსაფუძვლო დისკრედიტაციას ეწევა. ახლა იმდენს იკორკოცებენ ეს შავ-ბნელი აზროვნების ხალხი, სანამ მართლაც ზეწოლით და ვაი ვიშვიშით მას თანამდებობას არ გამოამშვიდობებენ, არადა რისთვის? ჟურნალისტები დაეჩვივნენ ერთად შეკრებას და ვინმეს მოხსნის და ჩამოგდების მოთხოვნას, მათ ხელშია მედია საშუალებათა ფართო სპექტრიც და აბა ჰე და აბა ჰოო, ასე არ უნდა გაგრძელდეს. ყოველი  მეორე ჟურნალისტის ხელწასაკრავი არ უნდა გახდეს საჯარო მოხელე, მითუმეტეს პოლიციის უფროსი.

სამმართველოში მისვლამდე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა გამაცნეს ნინო ინაიშვილის ტელეფონით, ბრალდებულის მეუღლისათვის მინაწერი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებითაც ინაიშვილი მიმართავს მას, რომ ქმარი დამალოს, რაც ჩემი აზრით  ცალსახად მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა შესაძლო ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და ხელი შეეშალა გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ამაზე სამწუხაროდ არავინ არაფერს ამბობს. როდესაც ასეთი შეტყობინებები მიეწერა ბრალდებულის მეუღლისათვის, როგორ არ შემქმნოდა შინაგანი რწმენა იმისა, რომ ინაიშვილი  გოგიტიძის ოჯახის მოკეთე იყო და არა მტერი? ამიტომაც გამოვხატავდით იქ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას, რომ იქნებ გამწვავების გარეშე დასრულებულიყო ყველაფერი, თუკი რათქმა უნდა მას ჰქონდა ამის სურვილი, არა და არა, ძალა და ღონე მისთვის არავის მხრიდან არ განხორციელებულა, მის მიმართ არაკოროქტულ მიმართვასაც კი არ ჰქონია ადგილი. პირიქით, ფარული ჩანაწერით ჩანს, რომ მე ინაიშვილს ვეუბნები, არ იფიქრო, რომ ვინმე ჩვენების შეცვლას გავალდებულებდეს ან გაიძულებდეს, უბრალოდ თუკი გინდა რომ ადამიანი ტყუილ უბრალოდ არ დაისაჯოს და სიმართლე ითქვას, შეგიძლია დამაზუსტებელი ჩვენება მისცე თქო, დავძენ. რომ გოგიტიძე უდანაშაულოა, სად გაგონილა ავტომანქანა გაიტაცო და საკუთარი ეზოს მოპირდაპირე ქუჩაზე გააჩერო? მე დღეს იმის საშუალებაც კი არ მეძლევა რომ დაცვა განვახორციელო, მართლაც დაშანტაჟებული ვარ და იმ უდანაშაულო ბიჭის ცოდვაც აჯანყებული ჟურნალისტებისა და ენჯეოების კისერზე იყოს!

ზემოქმედება ჩემზე ხდება დღემდე, ზემოქმედებისა და ძალადობის მსხვერპლი თუ ვინმეა, მე ვარ და არა ინაიშვილი. იმის საშუალებაც კი არ მეძლევა, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდე ქობულეთში, რადგან რას დამაბრალებენ კიდევ ღმერთმა იცის… ეს სწორი ფორმაა ურთიერთოებისა? ჩემი დამცველი და მხარდამჭერი კანონია, ისინი კი შეიკრიბებიან და მედიის თავისუფლებაო გაიძახიან.  ადვოკატს თუ სჭირდება თავისუფლება და პატივისცემა, ამაზე არავინ მსჯელობს. ასეთია სამწუხაროდ დღევანდელი საქართველო! ეს იყო და ეს. ვინც ჩემს პიროვნებას იცნობს, ყველამ იცის რომ მე არასდროს ვაძლევ უფლებას ჩემს თავს, კანონსაწინააღმდეგოდ ვიმოქმედო. ამის ერთ შემთხვევასაც ვერავინ დამიდებს წინ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ასე მიცხოვრია და ასეც ვიცხოვრებ!  ჩვენ ვმსჯელობდით საქმეზე და მე როგორც ადვოკატი ვეძებდი ყველა შესაძლო გზას და საშუალებას როგორმე შემემსუბუქებინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მდგომარეობა, რასაც მე კანონი არ მიკრძალავს. ყველა ის ადამიანი, და მათ შორის ინაიშვილიც, ვინც ჩემი პიროვნების უსაფუძვლო დისკრედიტაციას და ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას შეეცადა, სულ მალე მოპასუხედ წარსდგებიან საქალაქო სასამართლოში. მათ მოუწევთ მტკიცება იმისა, რომ მე ვინმეზე ზემოქმედება ან მუქარა და ძალადობა განვახორციელე. მოპასუხეთა რიგში დგას მერაბ ღოღობერიძეც, რომელმაც აჭარის ტელევიზიის საშუალებით მტკიცებით ფორმატში და არ არსებულ ფაქტებზე მითითებით (რაც სცილდება შესაფასებით კატეგორიას)  გაავრცელა ჩემი ღირსების შემლახავი ინფორმაცია. თანამოპასუხეებად თავის მხრივ დავასახელებ ყალბი ინფორმაციის  გადამოწმების გარეშე გამავრცელებელ მედია საშუალებებსაც, ასე რომ, „შარო საიდან მდიხარო“, ეს საფიქრალი ძალიან ბევრ პირსა და დაწესებულებას გაუჩნდება…

ჯემალ მეგრელიძე: – პირველ რიგში განსჯისათვის მსურს ვიკითხო: ან მე, ან პაატა შავაძე და მითუმეტეს პოლიციის უფროსი ვგავართ იმ ჭკუათმყოფელებს, პოლიციის კიბეებზე, შემსვლელ-გამომსვლელის თვალწინ, სახალხოდ და საჯაროდ ნინო ინაიშვილისთვის ზეწოლა განგვეხორციელებინა? ან რაში სჭირდებოდა ფარული ჩაწერა, ეთქვა და მე თვითონ ჩავუწერდი ყველაფერს ან ნებისმიერ დროს სიტყვა – სიტყვით გავუმეორებდი, რადგან არც ერთ ჩვენგანს იქ მასთან უკანონო არაფერი გვითქვამს.. მე იქ არ მივსულვარ როგორც ჟურნალისტი, მივედი, როგორც ბრალდებულის ახლობელი ადვოკატთან ერთად პოლიციის უფროსთან, რომელიც არასდროს ნანახიც კი არ მყოლია და მივედი მხოლოდ და მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ბრალდებული არ მიმალულა, უბრალოდ იყო უზომოდ მთვრალი და მის პოლიციაში მიყვანას იმ წუთისათვის აზრი არ ჰქონდა, თანაც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას, რომ მოტეხილი ჰქონდა ხელი. მევე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ პირველივე მოთხოვნისთანავე ჩაბარდებოდა პოლიციას. იქ ნინო ინაიშვილისთვის არავის დაუძახია, ის თვითონ მოვიდა და თავხედურად შემოიჭრა ჩვენს საუბარში. საზოგადოებამ რომ სიმართლე იცოდეს, ვასაჯაროებ იმ სმს შეტყობინებებს ჩემს ახლობლებთან, რომელიც შემთხვევის პირველივე წუთებიდანვე იგზავნებოდა ნინო ინაიშვილის ტელეფონიდან, სწორედ ამ სმს შეტყობინებებიდან გამომდინარე აეგო ჩვენი საუბარიც, რასაც სხვათა შორის, ნინო ინაიშვილი არსად არ ახსენებს. დაკვირვებული მკითხველი ფარული ჩანაწერიდან და შემდეგ ამ სმს-ებიდან გამომდინარე, უმალვე მიხვდება ნინო ინაიშვილის განზრახვას: მან თავდაპირველად მეგობრის ქმრის დანაშაული დაფარა? ფარული ჩანაწერით კი ზეწოლაზე ალაპარაკდა… ანუ ეს არის თვითდამკვიდრების მცდელობა ტყუილებით…

აი, რამდენიმე სმს-იც: ტელეფონზე არეულია დრო, სმს კი გამოგზავნილია ფაქტიდან 15 წუთში – „ნინო დეიდა (წერს ბრალდებულის სიდედრს ფაქტიდან რამდენიმე წუთში) ამათმა იციან თქვენი სიძე რომ არის… დამალეთ სადმე“, „ვინმე იურისტი ნახეე გეხვეწებიიი… ვერ ვრეკავ მე ვინმესთან“, 20:41 – „სალომე (წერს ბრალდებულის მეუღლეს) პოლიცია მახვევია გარს… ორი წუთი მადროვე და სადმე გავიდეთ“, „არ გამოაჩინო შენი ქმარიიი“12067223_887708877949415_724321847_n

აი, ამ შინაარსის სმს-ების შემდეგ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი? მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ნინო ინაიშვილის, როგორც მოქალაქის და არა ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც თავისი იაფფასიანი პოპულისტური საქციელით შეცდომაში შეიყვანა ჯერ ისეთი უწყება, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი ხელმძღვანელობაა და შემდეგ საზოგადოება, ააგორა ე.წ. სკანდალი და შეძრა ქვეყანა. მე მინდა ვუთხრა მას, ეს 12077525_887708791282757_1305348035_nარშემდგარი „სკანდალი“ მისი აღმასვლის საფუძველი ვერ გახდება, მას სასამართლოში შევხვდებით და ბევრ მისთვის არასასიამოვნო კითხვაზე მოუწევს პასუხი. რაც შეეხება ჟურნალისტებზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების დაცვას, ჩვენ, როგორც პირველ დამოუკიდებელ გაზეთს აჭარაში, ნამდვილად ვერავინ გვასწავლის და ამას ჩვენი 20-წლიანი ისტორიაც მოწმობს, მაგრამ ჟურნალისტიკასაც აქვს ეთიკა და ვინც ამ დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს გადააბიჯებს, მისი ქომაგი ვერასდროს ვიქნებით.12086805_887707974616172_1457546050_n

ხვალ „აჭარა P.S.“ მომხდართან დაკავშირებით „ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში კიდევ რამდენიმე ახალ დეტალსაც გაახმიანებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისთვის ეტყობა საკუთარი კარიერის გარდა არაფერი წმინდა აღარ არსებობს…