ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სურსათი და ტკბილეული გადაეცათ.
აღნიშნულ ოჯახებს საჩუქრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გადასცეს. მათთან ერთად იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე.
„წინასაახალწლო დღეებში აჭარის მთავრობამ ბევრი ოჯახი გაახარა. საქველმოქმედო აქციები გრძელდება, დღეს ჩვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით და აქ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს მათთვის საჭირო ნივთებს გადავცემთ. საქველმოქმედო ღონისძიება აჭარის მთავრობის, დეპუტატებისა და ბიზნესმენების მხარდაჭერით იმართება“-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სოფელ აჭყვისთავში რომანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში იმყოფებოდნენ, აქ ექვსი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მათ საჩუქრად გაზქურა გადაეცათ. ანთაძების 11 წევრიანმა ოჯახმა პლაზმური ტელევიზორი მიიღო, ხოლო ქამაშიძეების ოჯახმა, რომლის ორი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია სარეცხი მანქანა.