მსოფლიოში უმსხვილესმა მატყლის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც ბრიტანეთში მდებარეობს და მატყლს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან იბარებს, დადებითად შეაფასა ქართული მატყლი, პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელიც ევროპაში გავიდა.
აღნიშნულ საკითხზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორბსის“ პროგრამამ „ალიანსები მცირე კავკასიაში“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით. პროგრამა 2014 წლიდან მუშაობს შპს „ქართული მატყლის კომპანიასთან“, რომელიც მატყლს ფერმერებისგან იბარებს. კომპანიამ მატყლი გაიტანა ინდოეთსა და უკრაინაში, ევროპის ბაზარი კი უფრო მიმზიდველი იყო, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მთელი რიგი ღონისძიებები იყო გასატარებელი. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და პროგრამის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა საკანონმდებლო დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება და უკვე 2016 წლის თებერვლიდან კომპანია მესამე ქვეყნების სიაში შევიდა და ევროკავშირის ტერიტორიაზე მატყლის ექსპორტის ნება დაერთო.
ამ ეტაპზე მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ეხმარება შპს „ქართული მატყლის კომპანიას“ მატყლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაში „ვეტერინარული და სანიტარული წესები არასასურსათო დანიშნულების მეცხოველეობის პროდუქციის“ წარმოების შესაბამისობით. ახალ შენობაში შეგროვდება და გასუფთავდება/დახარისხდება მატყლი, საწარმო აღიჭურვება ახალი თანამედროვე დანადგარებით, რაც ხელს შეუწყობს მატყლის სათანადო ტექნოლოგიებით დატუკვასა და შეფუთვას. აღნიშნული ღონისძიებები საწარმოს დაეხმარება დაამყაროს სტაბილური ბიზნეს პარტნიორული ურთიერთობები არსებულ და პოტენციურ ექსპორტიორ ქვეყნებთან.
როგორც შპს „ქართული მატყლის კომპანიის“ დირექტორმა ზაურ ყულიევმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საწარმო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფერმერებისაგან მატყლის მიღებას, მისივე თქმით, 1 კილოგრამი მატყლის ფასი 40 თეთრია, თუმცა ფასზე მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს და მისი დამუშავების სირთულეს. მატყლს საწარმო ყველა დაინტერესებული ფერმერისაგან მიიღებს, მათ შორის აჭარიდანაც. მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თავად საწარმოს დირექტორს ტელეფონზე: 558 71 71 48.
„ფერმერი და მომხმარებელი“