ბათუმში 11 მარტის შუადღეზე დაწყებული საპროტესტო აქცია აჭარაში როტაციის პრინციპით მოვლენილი საპატრულო პოლიციის გორელი უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომის მოთხოვნით არ წყდება, ქალაქში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პატრულის თანამშრომლებმა ორ მძღოლს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა გამოუწერეს, ვრცელდება ხმები იმის შესახებაც, რომ პატრულის თანამშრომელი მოქალაქეს ფიზიკურადაც გაუსწორდა. აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ინტერნეტპორტალებსა და ტელეკომპანია ტვ12-ის ეთერში საკმაოდ დიდი მსჯელობა მიდის იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ზედმეტად აგრესიულად იქცეოდნენ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალოვნები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარისკენ შს მინისტრი მოემგზავრება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა პერტაიამ ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. მისი ინფორმაციით, დაშავებულები არიან პოლიციელები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს კახაბერ ბუხრაძე და გათავისუფლდნენ დაკავებული პირები.
აქციის გამო თურქეთში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ამ წუთებში ბათუმისკენ მოემგზავრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც. მისი განცხადებით, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება დაკავებულების გათავისუფლება. პატარაძის თქმით, შს მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ დაკავებულები უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.
– “მოვუწოდებ ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა და ვნებათაღელვაა. ვესაურე შს მინისტრს და ვთხოვე დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მივიღე მისგან პირობა, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.