მთავარი სტატიები რა საიდუმლოს ინახავს საარჩევნოდ გელაურელი ბოშა ქალი?!.

რა საიდუმლოს ინახავს საარჩევნოდ გელაურელი ბოშა ქალი?!.

472
0

გელაურში, ქობულეთის ყოფილ სამრეწველო დასახლების მრავალეროვან ოჯახში ბოშებს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავთ, რომელთაგან ზოგი საკუთარ, ზოგიც ნაქირავებ ბინებში კომპაქტურად ცხოვრობენ. ალალი, მხიარული, გულგაუტეხელი ხალხია. თუ კი დარია, დილით უმეტესად ქალები, გოგონები გამოჩდებიან გელაურის ქუჩებში ლამაზი ნაოჭიანი ჭრელი კაბებით, ზურგზე ნაცრისფერი ზურგჩანთააკიდებული მხიარული მასლაათით, გადაძახილებით გასწევენ სავაჭროდ ქობულეთის ხალხმრავალ ადგილებში.
არ მახსოვს არჩევნები მათი განსაკუთრებული აქტიურობის გარეშე, ყველანი ერთად, საზეიმოდ გამოწყობილები, მხიარული შეძახილებით მიემართებიან საარჩევნო უბნისაკენ, კანდიდატებიც წინასაარჩევნოდ საგანგებოდ ხვდებიან მათ, რადგან ბოშები ძალიან ბევრნი არიან…
ორი ოჯახი ჩვენს მოკრძალებულ სახლშიც ცხოვრობს, მათგან ხმამაღალ, უხეშ მიმართვას ვერ გაიგონებ… ძალიან ხშირად მიმართავენ ჩემს, – ბაბუ, დღეს `ტავარის~ ფული არ მაქვს, იქნებ მასესხო… ბაბუსაც თუ კი ეგულება, გაიკრავს ხელს ჯიბეზე. ბოშები სიტყვის ხალხია, არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ. მათ შორის ბევრი გამოირჩევა კარგი მეოჯახეობით, მეზობლობით… მათ შორის ერთს გამოვარჩევდი – ლილია ბუმურავას…
იგი შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთნ ერთად ცხოვრობს ჩვენთან. მისი ქალიშვილი და სიძეც მახლობლად ცხოვრობენ. პატარა ტანის ქალია, ცქრიალა, სიმპათიური. სახე სულ უღიმის…
რამდენიმე წლის წინ მეუღლე კრასნოდარში წასულა და აღარ დაბრუნებულა, იქვე გარდაცვლილა კიდეც. სცადეს, ჩამოსვენება არ მოხერხდა და აქვე, გელაურში ლილიამ თავის მულთან და მოყვრებთან (რძლის მშობლები) არაჩვეულებრივი გამოსათხოვარი სუფრა გაუშალა.
მე არ გახლდით, მაგრამ ვინც იქ მოხვდა, განცვიფრებული დარჩა თუ კერძების მრავალფეროვნებით, ნახელავითაც, სუფრის ბარაქით. ოღონდ ერთ რამეზე დარჩნენ (არაბოშები) გაკვირვებულები, სუფრის წევრებისთვის არც თეფში იდო, არც ჭიქა, დანა-ჩანგალი. ეს ისე, სიტყვამ მოიტანა, თორემ იქიდან გულდაწყვეტილი არავინ წამოსულა, მთელ თვეს ეყოთ სალაპარაკოდ.
– ლილიჩკა, ასეთი ქართული, გემრიელი კერძების კეთება სად ისწავლე – მეთქი, ვკითხე…
– რას ამბობთ, საქართველოში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე, რაა გასაკვირი…
ცხოვრობს გელაურში თავის უმცროს ვაჟთან, რუსლანთან ერთად (უფროსი კრასნოდარში ყოფილა) რომელიც არაჩვეულებრივი გაზრდილია. ვაჭრობა არ ასდის ხელზე, მაგრამ კარგი მშენებელია. ახლა ქობულეთის სანდასუფთავების თანამშრომელია… ბაბუს მარჯვენა ხელია…
გათენდება თუ არა, ლილია ეზოში ონკანთანაა. სარეცხით, ეს ბავშვებისაო, ეს რუსლანის სპეცტანსაცმელიაო, ეს თეთრეულიო… ხან უზარმაზარ ფარდაგებს გადაფენს რკინის დიდ ჭიშკარზე და რეცხავს. მერე სამზარეულოში დიდი ქვაბით კერძს ზარშავს…
თითქმის ყველაფერს გამზადებულს უტოვებს რძალს, პატარები არ მოაცლიანო. და აი, ჭიშკართან მისი ამქრებიც გამოჩნდებიან დიდი ჩანთებით, ფრიალა კაბებით. გაჰყვება ლილიც… მიჩუმდება გელაური. საღამოთი ბრუნდება ლილია პროდუქტებით დატვირთული (თუ კაი ვაჭრობა ჰქონდა), დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი, რუსლანიც მოსულა….
შეღამდა, აინთება შუქი ბოშების ფანჯრებში, ჩაირთვება მხიარული ხმამაღალი მუსიკა, ახმაურდებიან ბავშვები, ლილია ბედნიერი და კმაყოფილი უყურებს თავის ჯალაბს. იმედოვნებს, რომ მალე კრასნოდარიდან მეორე ვაჟიც ჩამოვა.
21 ოქტომბრისათვის ლილია საგანგებოდ ემზადება, ისიც კი გამენდო, რომელი კაბის ჩაცმას აპირებს საარჩევნო უბანზე წასვლისას, თუმცა, ვის აძლევს ხმას, საიდუმლოდ ინახავს…

ეთერ ჩხაიძე

aaaსტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.