რამდენიმე თვეა, რაც ქობულეთის საკანონმდებლო ორგანოს სულხან ოქროპირიძე ხელმძღვანელობს. ნათქვამია, საჯიშე ხარს კოჭებშივე შეეტყობაო, ჰოდა, ბატონმა სულხანმაც „საგამოცდო პერიოდი“ უკვე გაიარა და წესით ქობულეთის სინამდვილეს თავისი ხელწერა უკვე უნდა ეტყობოდეს კიდეც…
საკრებულოს ახალგაზრდა თავმჯდომარემ თავის პრიორიტეტებს შორის არა ერთხელ გააჟღერა ქალაქის სტატუსის აღდგენის თემა. შეიძლება ჩვენ ბევრს მოველით ახალგაზრდა ხელმძღვანელისგან და ვერ ვამჩნევთ ამ კუთხით ძვრებს… სწორედ ამიტომ ვეახელით საკრებულოს თავჯდომარეს და ორიოდე საათით მოვწყვიტეთ საქმეს.
– ბატონო სულხან თქვენი მთავარი პრიორიტეტი რა არის?
– ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო აგვისტოდან შეუდგა მუშაობას. ძირითადად ჩვენი საქმიანობა დაიწყო 2014 წლის ბიუჯეტში ცალკეული ცვლილებების შეტანით, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვით, მოსახლეობასთან შეხვედრებით, მათი მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინებით, იმ პროექტებით, რომელიც საკრებულოს წინაშე დგას. ყველა სოფელში დაგეგმილია წყლის რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა. კერძოდ, სოფლების: სამებას, აჭყვისთავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხუცუბნისა და კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარებისა და ქსელის რეაბილიტაცია. დაბა ოჩხამურის სასმელ-სამეურნეო წყლის სისტემის შიგა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქობულეთში წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამატებითი ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც დღის წესრიგიდან მოგვიხსნის კურორტის წყალმომარაგების პრობლემას (ქალაქს გრაფიკით აღარ ექნება წყალი). პრიორიტეტია ასევე კარიერის დასახლებაში კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა; მუხაესტატეში, ბობოყვათში, ქაქუთში, ფიჭვნარში, გელაურში, სოფ. ქობულეთში, ზენითში საბავშვო ბაღების აშენება. გარდა ამისა აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ რაიონში დაიგება 20 კმ. სიგრძის ასფალტის საფარი… ასე რომ, ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს. მთავარია ვეცადოთ, რომ ყველა ეს სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს.
– ხუცუბნის დაბლობ ტერიტორიაზე მილები მიტანილია და სამუშაოები შეჩერებულია რატომ?
– სამუშაოები დროებით შეჩერდა ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე მილების დამონტაჟება დაიწყო.
– ბატონო სულხან საკმაო დრო გავიდა და პრაკტიკულად საკრებულოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქობულეთისთვის ქალაქის სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოვისმინეთ თქვენი განცხადება, რომ საარჩევნო ვადის დასრულებისთანავე დაიწყებთ ზრუნვას ამ მიმართებით. რა გიშლით ხელს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნებისათვის იკეთებთ პიარს ამ საკითხით?
– ქობულეთს აქვს ქალაქის სტატუსი, მაგრამ თვითმმართველი არაა. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ქალაქის სტატუსისათვის. მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა. 15 მილიონი ლარი, რომელიც აჭარის მთავრობამ გამოგვიყო, სწორედ ინფრასტრუქტურისთვისაა გათვალისწინებული. ჩვენ სერიოზული ქალაქის სტატუსისათვის ვზრუნავთ. მითუმეტეს, რომ კურორტი ქალაქია, რაზეც დიდ იმედებს ვამყარებთ. 2017 წლამდე ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლების ჩარევითა და თანადგომით.
– ტესტირებამ, როგორ ჩაიარა. საზოგადოებაში ნეპოტიზმს უსვამენ ხაზს…
– ფაქტი? გამორიცხულია ეს ყველაფერი. ვერავინ იტყვის მსგავსს. ამა თუ იმ სფეროში დანიშნულთაგან არც ერთი ჩემი ნათესავი არ გახლავთ. ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, ირაკლი კვირკველიაა, რომელიც ჩემი მეზობელია და გავუწიე რეკომენდაცია. წესიერი, განათლებული ახალგაზრდაა. 18 წლის ასაკიდან ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა. ამას თუ ნათესაობაში მითვლიან, არ ვიცი.
– ამბობენ, რომ თქვენ მფარველობთ „ქობულეთი ნიუსს“…
– მე არავის მფარველი არა ვარ, უბრალოდ მოვიდნენ და ინტერვიუ ჩაიწერეს. ბიუჯეტი ისე გავიდა სხდომაზე განსახილველად და დამტკიცდა, ერთხელაც არ გაჟღერებულა თქვენს გაზეთში. (ეტყობა, საკრებულოს თავმჯდომარე არ კითხულობს გაზეთს, თორემ აუცილებლად ეცოდინებოდა იმ ვრცელი პუბლიკაციის შესახებ, რომელიც ბიუჯეტსა და მის პრიორიტეტებზე პირველებმა დავბეჭდეთ „ჩ.ქ“) ძალიან მიკვირდა. ინფორმაცია საჭიროა, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრიც გასაკეთებელია. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს. ხალხს ინფორმაცია ესაჭიროება, გაიგონ რა გავაკეთეთ, რის გაკეთება შეგვიძლია. ქალაქში ამ ეტაპისათვის ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. დღე დღეზე კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნება, მიმდინარეობს სპორტ კომპლექსის მშენებლობა…
– ბატონო სულხან თქვენ, როგორც ვიცით, #5 საჯარო სკოლა დაამთავრეთ, ხომ არ დადგა დრო ამაგი დაუბრუნოთ თქვენს აღმზრდელებს. გაწვიმებისას ისე იტბორება ქუჩა, ისეთი მოუვლელია ჩექმების გარეშე ვერ გაივლით.
– ზედმეტ ხარჯებს მოვერიდეთ, ამ ქუჩაზე ჯერ საკანალიზაციო სისტემაა მოსაწყობი. 2 წელიწადში, როგორც საავადმყოფოს უბანია კეთილმოწყობილი, ისევე დამშვენდება გელაურის ტერიტორიაც.
– ისე ცნობისათვის, ჩვენ ყველაზე დემოკრატიული საკრებულო გვაქვს – 21 წევრი უმრავლესობიდან, 14-ოპოზიციური პარტიებიდან. ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატი გვყავს ხუცუბნიდან არჩილ დუმბაძე. თითოეული ჩვენგანის უპირველესი საზრუნავია ხალხის სამსახური, მათი კეთილდღეობისათვის ზრუნვა. როგორ გამოგვივა ეს თვით ამომრჩეველმა შეაფასოს.
ლია გრძელიძე,
გული ჯიჯავაძე.