მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

შეხვედრა სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებთან

186
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სიანიანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სიანიანის თავისუფალი სავაჭრო სივრცის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ორმხივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველო-ჩინეთის აქტიურ თანამშრომლობას ახალი აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ ფარგლებში, რომელიც არის არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, არამედ პერსპექტივა რეგიონისა და სრულიად ევრაზიის კონტინენტისთვის. სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეში სტუმრობისას საუბარი ციტრუსის, თხილის, თაფლის და ღვინის ექსპორტის საკითხებს შეეხო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთში საგრძნობლად შეუწყო ხელი 2011 წელს პირველი ქართული ღვინის მაღაზია-რესტორნის გახსნამ ქ. ურუმჩიში, რომელიც ქალაქ ბათუმთანაა დამეგობრებული. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა ღვინის ინდუსტრიის განვითარებას, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. განიხილეს ასევე ქალაქ სიანიანის თავისუფალ სავაჭრო სივრცეში აჭარის რეგიონისათვის სპეციალური კუთხის გამოყოფა, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს სწორედ ჩინეთი წარმოადგენს. ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სალონი (სახლი/მაღაზია) მუშაობს და 2017 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მლნ. ბოთლს გადააჭარბა. შეხვედრას ჩინეთის მხრიდან სიანიანის მერის მოადგილე, თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორი და სასოფლო-სამეურნეო პოდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.