მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მერის ანგარიში

მერის ანგარიში

173
0

დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა. პროექტი ქალაქის ტერიტორიაზე წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რებილიტაციასა და გამართვას გულისხმობს.
,,დღეს გვქონდა შემაჯამებელი ანგარიშის მოსმენა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობის თაობაზე. მსურს გამოვთქვა კმაყოფილება, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან დავაჩქარეთ ის სამუშოები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ შეფერხებებით მიმდინარეობდა. აღანიშნავია, რომ პროექტს უკვე ჰყავს ახალი კონსულტანტი. დღეს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სამუშაოები კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვახორციელოთ. მომდევნო კვირიდან დაიწყება სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომელიც სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას მოიცავს, პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბაზე. ზაფხულში დაიწყება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალაქთან შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, თუ რა ბიუჯეტთან და რა ტექნიკურ სამუშაოებთანაა ეს დაკავშირებული. თვის ბოლოს კი, იგეგმება ოფიციალური ვიზიტი ფრანკფურტში, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლობასთან, სადაც პროექტში შემოერთებული ტერიტორიების ჩართვის საკითხები განიხილება. ვფიქრობთ, ძალიან მალე გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ პროექტი უფრო მასშტაბური გახდეს“- განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაყოფილია ოთხ ფაზად. ამ ეტაპზე IV ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ბონი-გოროდოკისა და თამარის დასახლების წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სესხითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება დაახლოებით 170 მილიონ ევროს შეადგენს.
დღესვე, ბათუმის მერიასა და კომპანია ,,პოშ ენდ პარტნერს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის III და IV ფაზების განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების შესახებ, რაც პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობასა და დაგეგმილი ღონისძიებების პროექტირებას გულისხმობს.
შეხვედრას ვიცე-მერი, მერიის სამსახურებისა და KfW-ს პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.